რუსეთი

რუსეთი შინ და გარეთ

0 კომენტარი

იმის აღიარებით უნდა დავიწყოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი იდენტობის მთავარი ელემენტი, რუსულ-საბჭოური პოლიტიკური სივრციდან გასვლა და საპირისპიროდ, დასავლეთში საკუთარი ადგილის პოვნაა. შესაბამისად, დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, დასავლური, ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის აწყობას გულისხმობს.

ამ სამუშაოს დასრულება გვიპასუხებს ფუნდამენტურ კითხვებზე: ვინ ვართ – თანამედროვე, ევროპული თვითშეგნების სახელმწიფო თუ იმპერიის პერიფერია, რომელიც დღემდე რუსეთში გუბერნიად მოიაზრება? სად ვხედავთ ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს, ჩვენს ადგილს – პოლიტიკური რუკის მხოლოდ ერთ მეექვსედზე თუ მთელ მსოფლიოში? როგორ გვესმის საქართველო? როგორც ქვეყანა, რომლის არსებობა განსაზღვრულია დიდი მეზობლის ინტერესებით თუ როგორც სახელმწიფო რუსული ინტერესების „მიუხედავად”. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ კუთხით, ერთნაირად მნიშვნელოვანია ისიც, როგორ ავამუშავებთ დემოკრატიას, ან დავიცავთ ადამიანის უფლებებს და ისიც, როგორ შევაფასებთ, მაგალითად, ერთ კონკრეტულ ამბავს, კრემლის საკონცერტო დარბაზში ქართველების ცეკვას. როგორც აღმოსავლეთევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, ამ პროცესის წარმატებით დასრულება, პოლიტიკურის გარდა, რუსულ-საბჭოური კულტურისგან, ყოფითი ტრადიციებისგან, ენობრივი სამყაროსგან, რელიგიურობისა და იდეოლოგიისგან დისტანცირებისა და გამიჯვნის ხარისხზეცაა დამოკიდებული.

მაგრამ, რაიმეს რომ გაემიჯნო, ეს ჯერ უნდა გაიაზრო და გააცნობიერო. საბჭოურობისა და რუსული ოკუპაციის გააზრება კი საქართველოში, მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, რაც დაიწყო და ამიტომაც, ჯერჯერობით, რუსული გავლენისგან რეალურად დამოუკიდებელი არც პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და, მით უმეტეს, არც რელიგიური გარემო არ გვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ცდილობდა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, ბევრი სხვადასხვა მიზეზით, მისი ძალისხმევა არცთუ შედეგიანი გამოდგა: ისევ აღადგინეს რამდენიმე წლის წინ ჩამოღებული სტალინის ძეგლები, გვყავს მთავრობა, რომელიც ბოდიშების რეჟიმში ურთიერთობს რუსეთთან, ხოლო ევროპას შემგონებლური და უკმეხი ტონით ელაპარაკება; გვაქვს განათლების სისტემა, რომელიც აუქმებს საქართველოში ყველაზე მოდერნიზებულ უმაღლეს სასწავლებელს და, მეორე მხრივ, „გეპეის” გზისკენ უთითებს სტუდენტებს; გვაქვს ეკლესია, რომლის ლიდერი დასავლეთს სულიერი სიცარიელის კერად მიიჩნევს, რუსეთის პრეზიდენტს კი მარადიულ სიყვარულს ეფიცება; გვყავს ე.წ. საბჭოთა ინტელიგენციაც, რომლისთვისაც კრემლში ცეკვა სამოთხეში მოხვედრის ტოლფასია.

არის „ბიზნესწრეებიც”, რომლებიც რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენაზე ოცნებობენ, რადგან სიზარმაცე და „ჩალიჩი” კეთილსინდისიერებასა და შრომისმოყვარეობას ურჩევნიათ და ა.შ. პრობლემას მეორე მხარეც აქვს – მაგალითად, ანტირუსულად განწყობილი ადამიანების ერთი ჯგუფი, რაციონალური მოქმედების ნაცვლად, პუშკინის ძეგლის აღებას გვირჩევს, მაგრამ, მათი ხმა სუსტი და უმნიშვნელოა. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყანა დეკლარირებულად მაინც დასავლეთისკენ მიიწევს.

ღირებულებები

ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და პოლიტიკური რეჟიმის ხასიათისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რუსეთთან ურთიერთობის ფორმის არჩევა: რა ჯობს, მეგობრობა, მისი ინტერესების გათვალისწინება, მასთან პრაგმატული ურთიერთობა თუ მტრობა. მეგობრობაც და ინტერესების ასახვაც, საბოლოო ჯამში, რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნებას მოასწავებს, მტრობა კი, განუზომლად დიდსა და ძლიერ სახელმწიფოსთან იმთავითვე მარცხისთვისაა განწირული. ცხადია, რომ ყველაზე მისაღები ჩვენთვის პრაგმატული პოლიტიკა უნდა იყოს, რაც ნიშნავს, არსებობდე რუსეთის ფაქტორის „მიუხედავად” და არა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. მაგრამ, ეს მხოლოდ მაშინაა შედეგის მომტანი, როცა რეალურად მოიაზრებ თავს დასავლეთის ნაწილად და ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობები შენი სახელმძღვანელო პრინციპებია. ამ შემთხვევაში რუსეთთან, როგორც ამ ძლიერი, დასავლური სამყაროს ნაწილმა, როგორც ამ უნივერსალური ფასაულობების გამზიარებელმა სახელმწიფომ უნდა იურთიერთო – სწორედ ეს შეიძლება იყოს პრაგმატული საგარეო პოლიტიკის საფუძველი.

ხომ ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ჩვენს აგრესიულ მეზობელთან მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმები და ავტოკრატიები მეგობრობენ, ინტერესებს სატელიტებად ქცეული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ითვალისწინებენ, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ, პოსტსაბჭოთა თუ ე.წ. ყოფილი სოციალისტური ბანაკის სივრცეში, რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, მით უფრო ძლიერი პოლიტიკური რუსოფობიითაა გამსჭვალული, რაც მათ ხელს სულაც არ უშლის რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობაში. ამიტომ, ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: წარმოუდგენელია, ავტორიტარულ, მსოფლიოში ყველაზე მავნებელ იმპერიაზე ორიენტაციასთან ერთად დემოკრატიული განვითარება, დასავლეთისკენ სვლა. ასეთი მაგალითები უბრალოდ არ იძებნება.

პირიქით, რაც უფრო მეტადაა ესა თუ ის სახელმწიფო რუსეთისგან დისტანცირებული, უფრო მეტადაა დემოკრატიულიც. მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, საგარეო მხარეა, რადგან ჩვენთვის რუსული პრობლემის „დასავლური” გადაჭრა, ასევე შიდა სამუშაოს ჩატარებასაც მოითხოვს, რადგან, შესაძლოა, რუსეთი უფრო მეტად საშინაო პრობლემატიკის სფერო იყოს, ვიდრე საგარეოსი. რუსული იმპერიული ანაბეჭდი ყველაზე უკეთ ქართული პოლიტიკური სისტემის, ეკლესიის, ინტელიგენციისა და ეკონომიკის სხეულზე მოჩანს.

პოლიტიკა

თუკი სახელმწიფოსა და ადამიანისადმი რუსული მიმართება შეიძლება განისაზღვროს პუტინის ფრაზით, „რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო, მით უფრო ძლიერია ადამიანი”, მაშინ, ამის საპირისპიროდ, ქართული სახელმწიფო დამყარებული უნდა იყოს ამოყირავებულ, ლიბერალურ პირამიდაზე, რომელიც სახელმწიფოსთან შედარებით, მოქალაქეს, მის კანონიერ ინტერესს ანიჭებს უპირატესობას. ამ ლიბერალური კონსტრუქციის აგების დამაბრკოლებელი ფაქტორი, პირველ რიგში, საქართველოში საბჭოური პოლიტიკური კულტურის ნარჩენებია. საბჭოურობა მთავარი და ყველაზე ძლიერი ფენომენია, რაც დღესდღეობით საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს. ჩვენთან საბჭოთა კავშირი პოლიტიკურად ჯერ კიდევ არ განეიტრალებულა, არ დასრულებულა კომუნისტური ტოტალიტარიზმის ტრანსფორმაცია და არ დაწყებულა დემოკრატიის კონსოლიდაცია.

ეს პროცესი მეზობლად კიდევ უფრო რთულად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რუსეთში დემოკრატიზაციის ნაცვლად ავტორიტარიზმისკენ დიდი უკუქცევის მოწმენი ვართ და განჭვრეტად მომავალში დემოკრატია იქ შეუძლებელ პერსპექტივად მოჩანს. დღესდღეობით, რუსული პოლიტიკური აზროვნება უპირობოდ ნიშნავს ავტორიტარიზმს, რომლისთვისაც უცხოა ადამიანის უფლებები, ლიბერალიზმი, სამართლიანი არჩევნები, ხელისუფლების დანაწილება, დამოუკიდებელი სასამართლო და მედია. რუსეთი პუტინისეული „სუვერენული დემოკრატიით” სხვა არაფერია, თუ არა დასავლეთისგან სულ უფრო მზარდი იზოლაციით გამორჩეული მკაცრად ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც არსებითად არაფრით განსხვავდება ლუკაშენკოს ან ასადის ავტოკრატიებისგან.

ამავდროულად, სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენს პუტინის ნეოიმპერიალიზმიც – სწრაფვა რუსეთის საბჭოთა კავშირისეულ საზღვრებში აღდგენისაკენ. ეს მისწრაფება ევრაზიული პროექტის სახელწოდებითაა ცნობილი, რომლის შექმნას რუსეთის ხელისუფლება 2010 წელს შეუდგა და 2015 წლისთვისთვის მისთვის საბოლოო სახის მიცემას გეგმავს. ევრაზიული კავშირი ახალი რუსული იმპერიული ზენაციონალური იდენტობის ფორმირების შექმნის მცდელობაა, რადგან, როგორც გრაფი ვიტტე ამბობდა, რუსეთი შეიძლება არსებობდეს, მხოლოდ და მხოლოდ, როგორც იმპერია.

აქედან გამომდინარე, იმპერიალიზმისა და ავტორიტარიზმის საპირისპიროდ, ის, რასაც ქართული საშინაო ანტირუსული პოლიტიკა შეიძლება დაერქვას, ორ ძირითად პოსტულატზე უნდა იყოს დაფუძნებული: დემოკრატიზაციასა და ლიბერალურ, სამოქალაქო ნაციონალიზმზე. ამ პროექტების წარმატებული განხორციელება უდრის კიდევაც პოლიტიკურ დესოვეტიზაციას – კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ლიბერალურ ეკონომიკას, რეალურ თვითმმართველობას, სამართლიან არჩევნებს, თავისუფალ სასამართლოს, მედიას, პლურალიზმს, ტოლერანტობასა და სამოქალაქო პატრიოტიზმს. ეჭვი არაა, რომ რაც მეტად წავიწევთ წინ ჩამოთვლილი პარამეტრების მიხედვით, მით მეტად დაცული იქნება საქართველო რუსული „საშინაო” გავლენისგან; დაუახლოვდება დასავლურ დემოკრატიულ სამყაროს; უსაფრთხოების დასავლურ სისტემას.

რელიგია

თავისუფლებას საქართველოში რელიგიური კოლექტივიზმის ის ფორმაც ეღობება, რომელსაც პოლიტიკური მართლმადიდებლობა შეიძლება ვუწოდოთ. დღეს, რუსეთი, მართალია, არ არის თეოკრატია, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქო რეალურად პოლიტიკური სისტემის ნაწილია. მართლმადიდებლობა ახალი იმპერიული იდეოლოგიის, ევრაზიულობის ერთ-ერთი საყრდენიცაა. გარდა ამისა, პუტინის ავტორიტარიზმი მოსკოვის საპატრიარქოს შინაც გეშავს პოლიტიკურ ოპონენტებზე, ხოლო საგარეო ასპარეზზე, აქტიურად იყენებს ეკლესიის „სულიერ” შესაძლებლობებს დასავლეთის წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, რუსეთისგან დისტანცირება, ქართულ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, იმასაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო იცავს ეკლესიისგან გამიჯვნის ლიბერალურ პრინციპს, არ იყენებს მას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არ რთავს საარჩევნო პროპაგანდაში, არ არის მისი გავლენისა და სიმდიდრის ზრდის წყარო, არ იწონებს დიპლომატიურ ასპარეზზე მის აქტიურობას. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო დაუახლოვდება ეკლესია სახელმწიფოს, მით უფრო დიდი იქნება ცნობიერების კოლექტივიზაციის საფრთხეც; ამავდროულად, სახელმწიფოსა და ეკლესიის სიახლოვე იმის მიზეზიცაა, რომ საქართველოს საპატრიარქო მყარად გრძნობს თავს რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე, რადგან ეკლესიის სწორედ ეს „სახელმწიფოებრივი” და „მობილიზატორული” ფუნქციები აქცევს მას იმპერიის მძაფრი ინტერესის ობიექტად, აკისრებს მას კონკრეტულ მისიას – გადოს იდეოლოგიური და პოლიტიკური ხიდი ერთმორწმუნე სახელმწიფოებს შორის.

ყოველივე ამის გამო, რაც მეტად დაშორებული იქნება სახელმწიფოსგან ეკლესია, მით უფრო არ დაიტვირთება იგი სახელმწიფოზე „ზრუნვით”, ნაკლებად დადგება ცდუნების წინაშე, გაატაროს სახელმწიფო ინტერესები, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ინტერესები არა ჩვენი, არამედ იმპერიის ინტერესებს ემთხვევა. შესაბამისად, ეკლესიაში ფასი დაეკარგება კონკრეტულ სამუშაო ადგილებსაც – ვგულისხმობ რუსეთის აგენტურას.

კულტურა

რუსული კულტურული სივრცე პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს – საბჭოური ტრადიციის მემკვიდრედ და ანტისაბჭოურად. კომუნისტური ტოტალიტარიზმი მთლიანად განკარგავდა კულტურას – მის მიღმა მხოლოდ ღრმა ანდერგრაუნდი, ანდა ცენზურით აკრძალული კულტურული პროდუქცია არსებობდა. ყველაფერი, რასაც საბჭოთა ხელოვნება შეიძლება დაერქვას,

კონკრეტულ პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა. საბჭოთა ხელოვანი და ინტელიგენტი, რაც უნდა თავისუფალი ყოფილიყო პარტიულ-იდეოლოგიური კლიშეებისგან, მაინც საბჭოთა ძალაუფლების მსხვერპლი და ინსტრუმენტი იყო. მაგალითად, ავიღოთ, რუსი პოეტი ევტუშენკო, რომელიც მკაცრი, საპროტესტო ლექსით გამოეხმაურა 1968 წელს საბჭოთა ტანკების შესვლას პრაღაში. ამის მიუხედავად, ის მაინც საბჭოთა ნომენკლატურულ პოეტად დარჩა, ხოლო მისგან განსხვავებით, იოსიფ ბროდსკი, რომელსაც არანაირი ლექსი არ დაუწერია პრაღის გაზაფხულზე და, ზოგადად, ანტისაბჭოური საქმიანობითაც კი არ იყო დაკავებული, მაინც გაასახლეს, რადგან ის არსებობდა „მიუხედავად” საბჭოთა კავშირისა, ანუ არ თავსდებოდა ხელოვანის არცერთ საბჭოურ მოდელში – მას ვერ აფინანსებდნენ, მასთან ვერ მეგობრობდნენ და, აქედან გამომდინარე, ვერც იყენებდნენ.

თუ შევხედავთ ჩვენს, ქართულ კულტურულ გარემოს, ვნახავთ, რომ რუსეთი აქ, პოლიტიკურ სივრცესთან შედარებით, უფრო ძლიერია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართული ინტელიგენციაც „დაღდასმულია” საბჭოური ტრადიციით. მისი შემოქმედებითი აქტივობა დღემდე, პირობითად, სახელმწიფოს მიერაა განპირობებული. სახელმწიფომ მისი ლოიალურობის მოსაპოვებლად მუდმივად თავზე უნდა უსვას ხელი, ფული მისცეს, ბინები გამოუყოს და, შესაბამისად, თავის სამსახურში ჩაიყენოს კიდევაც. ამიტომ, რაც უფრო თავისუფალი იქნება კულტურა სახელმწიფოს მამობრივი ზრუნვისგან, მით უფრო მეტად იქნება იგი თავისუფალი საბჭოური იდეოლოგიური კლიშეებისგანაც; უფრო კერძო ხასიათის გახდება და, შესაბამისად, უფრო მიმზიდველი იქნება მისი შემოქმედებითი პროდუქცია.

საინტერესოა, რომ თავისი იდეოლოგიური ცენტრისადმი, მოსკოვისადმი ქართული ინტელიგენციის უფაქიზესი მგრძნობელობა მეტისმეტად მკაფიოდ გამოჩნდა მაშინ, როცა ჩვენი მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები, რეჟისორები, მეცნიერები მყისიერად, თვალის დახამხამებაში აღმოჩნდნენ საქართველოს ევრაზიული კავშირის დირექტორის, ვინმე გულბაათ რცხილაძის გარემოცვაში და რუსულ-ქართული ძმობის აღდგენაზე ერთხმად ამღერდნენ და აცეკვდნენ. ინტელიგენციის გაგულბაათების მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ცნობიერად თუ ქვეშეცნეულად, იგი თავისუფლებაში და თავისუფლების გამო განიცდის მწვავე კრიზისს, სიცარიელეს, უსაზრისობას და ერთადერთი, რითაც მას ჰგონია, რომ ამ სირცხვილის დაფარვა შეუძლია, პატრონის ზრუნვა და ტრადიციულ, საბჭოურ „შუბაში” გახვევაა.

დასანანია, რომ თანამედროვე ქართული კულტურა, როგორც წესი, თავისუფლებას გაურბის, რადგან მისი დახლები ასეთ გამოცარიელებულ მდგომარეობაში გაცილებით მიმზიდველია. ასე რომ არა, ვადაგასული ინტელიგენციისთვის ამ სიცარიელეზე თამამი რეფლექსია, სინამდვილეში, შეიძლება მართლაც ახალ შემოქმედებით გასხივოსნებად ქცეულიყო. მაგალითად, გასული საუკუნის დამდეგს, ავსტრო-უნგრეთის იმპერიის პერიფერიაზე სწორედ სიცარიელისა და დაუცველობის ბოლომდე მიყვანილმა კულტურულმა განცდამ და გააზრებამ წარმოშვა ფრანც კაფკა.

ეკონომიკა

რა თქმა უნდა, რუსული ბაზარიც მიმზიდველია, მაგრამ ამ ვრცელ პერსპექტივაში დიდი საფრთხეებიც იმალება. ცნობილი ფაქტია, რომ საბჭოთა იმპერიის წინაშე ბოლშევიკების დამსახურება არა იმდენად რუსეთისთვის დაკარგული მიწების სამხედრო ძალით დაბრუნება, რამდენადაც ინდუსტრიალიზაციის გეგმის შემუშავება და განხორციელება იყო. კომუნისტებმა გააცნობიერეს, რომ იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება მხოლოდ პოლიტიკური ხერხებით შეუძლებელი ხდებოდა და ამიტომაც, ძალ-ღონე არ დაიშურეს, ერთიანი სამეურნეო სტრუქტურებისა და ეკონომიკის შესაქმნელად. ეს ეკონომიკა, რომლის გეგმაზომიერი, სოციალიზმად წოდებული დირექტიული ხასიათი სრულ ჰარმონიაში მოდიოდა საბჭოთა ტოტალიტარიზმთან, პოლიტიკურ და სამხედრო საშუალებებთან ერთად, კოლონიების ერთიან იმპერიულ სივრცეში ყოფნას უზრუნველყოფდა.

საბჭოეთის დაშლის შემდეგ, მუდმივად გაისმის რუსული განცხადებები ძველი ეკონომიკური კავშირების აღდგენის აუცილებლობაზე, რადგან დღეს, რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან პოლიტიკური ჰეგემონიის დაბრუნების უმთავრეს წინაპირობას სწორედ ეკონომიკურ ინტეგრაციაში ხედავს. ამის მაგალითია ერთიანი საბაჟო კავშირის პროექტიც, რომელიც ახალი ევრაზიული იმპერიის შექმნის საფუძვლად განიხილება. ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე მიგვითითებს აფხაზეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გზის აღდგენის სურვილიც, ასე იოლად რომ გაიზიარა საქართველოს მთავრობამ.

ასე რომ, ეკონომიკური კავშირების აღდგენაზე ზრუნვა მკვეთრ იმპერიალისტურ ჟღერადობას იძენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველი საბჭოთა ეკონომიკური სისტემა იმგვარი ბადე იყო, რომლის სათავეებიც ერთ ცენტრში, ერთ ხელში იყრიდა თავს და მხოლოდ და მხოლოდ ამ ცენტრიდან იმართებოდა. ისიც სავსებით ლოგიკურია, რომ ეკონომიკური კავშირების აღდგენის მომხრეები, საბოლოო ჯამში, ცნობიერად თუ ქვეშეცნეულად, იმპერიის აღდგენის მომხრეებიც არიან. რუსეთის იმპერია და საბჭოთა ტოტალიტარიზმი ამ ასპექტით ერთმანეთს ემთხვევა.

ამიტომ, სახელმწიფოს ჩარევისა და რეგულაციებისგან თავისუფალმა ქართულმა ეკონომიკამ და განსხვავებული საბაზრო სივრცეების ათვისებაზე მუშაობამ ჩვენთვის, გარკვეულწილად, რუსეთისგან დამცავი ფარის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ თვალუწვდენელი რუსული ბაზრით ცთუნებას მაინცდამაინც არ ავყვებით.

საპასუხო კითხვები

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გვიჭირს რუსეთის ადეკვატური აღქმა, ისაა, რომ ბოლომდე ვერ გამოვიკვლიეთ, გავიაზრეთ და შევაფასეთ 200-წლიანი რუსული ბატონობა. არ გამოგვიძიებია, ერთი მხრივ ის, თუ რა ტიპის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა ანექსიის შედეგად საქართველო და რა საშინაო ფაქტორებმა შეუწყო ხელი ამ ისტორიულ ტრაგედიას. არ გაგვიცია პასუხი კითხვებზე, რა დაემართა ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკას, რელიგიას, კულტურას; ბოლომდე არ ვიცით, რა წინააღმდეგობას ვუწევდით ოკუპაციას ან როგორ ვთანამშრომლობდით მტერთან.

„მე რუსი ვარ ჩემის სამსახურით, ლუკმა პურით, რომელსაც ვსჭამ და ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით. საჭიროა წაშლა ამ ლარისა, რომელიც ამ ორს სიტყვას შორის არის გადებული. საჭიროა ამ ორი სიტყვიდან – რუსი და ქართველი – ერთი სიტყვის შემუშავება, საჭიროა ამ შედუღაბებული სიტყვის აღბეჭდვა როგორც მთავრობის, ისე ჩვენი ხალხის შემეცნებაში” – ამ სიტყვების ავტორია დიმიტრი ყიფიანი. ვინ იყო იგი? იმპერიის ერთგული მოხელე, გულანთებული ქართველი პატრიოტი თუ ორივე ერთად?

იქნებ სწორედ ეს გაორება, ეს შიზოფრენია გახდა მონობის ის ხატი, რომელშიც ორასი წლის განმავლობაში ყველაზე კომფორტულად ჩაეწერა ქართველი პოლიტიკოსი, ინტელიგენტი თუ მღვდელი?

მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ მაქსიმალურად ობიექტურად უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას, თუ რა შედეგით დასრულდა 1918 წელს ჩვენთვის რუსეთის იმპერია. ბოროტების გარდა, რა სიკეთე მოგვიტანა მან? რამ მოიტანა, მაგალითად, ის, რომ მეფის რუსეთშივე ჩაეყარა საფუძველი ქართული ევროპეიზებული პოლიტიკური, სამეცნიერო, კულტურული, სასულიერო და ბიზნესელიტის ფორმირებას, რამაც, თავის მხრივ, დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს წარმოშობა, უნივერსიტეტის გახსნა, ეკლესიის ავტოკეფელია და თავისუფალი ეკონომიკა განაპირობა.

ამასთან ერთად, ცხადია, გასააზრებელია საბჭოთა ტოტალიტარიზმის შედეგები. რატომ მოხდა ისე, რომ კომუნისტურმა იმპერიამ დაგვიტოვა თითქმის სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე აყვანილი შოვინიზმი, ფუნდამენტალიზმი, მასშტაბური კორუფცია, კანონიერი ქურდების ინსტიტუტი, დროსა და სივრცეს, გლობალურ კონტექსტს მოწყვეტილი სამეცნიერო და კულტურული ელიტა – ე.წ. წითელი ინტელიგიენცია, სახელმწიფოს მართვის დანაშაულებრივი არცოდნა, სამოქალაქო ომი, კონფლიქტები, სიღარიბე, საზოგადოებისა და ხელისუფალთა ავტორიტარული მიდრეკილებები, მონობაში დაბრუნების წყურვილი.

ეს შეკითხვები, როგორც ჩანს, უკვე ძალიან მწვავე, რადიკალური ფორმით უნდა დაისვას, რადგან გვარიანად დავიგვიანეთ. დავიგვიანეთ თუნდაც ისეთი კონკრეტული აქტის განხორციელება, როგორიცაა ლუსტრაცია.

უკანონო სიხარული

„1803 ანგლიისა სასახლეში პეტერღოფს შეყრილნი მეფის ძენი და მეფეთა ასულნი მიუთხრობდენ სადამე წარსულთა დროთა შემთხვევათა. მუნ იყო დროსა ამას სიმამრი მეფისა გიორგისა გიორგი ციციშვილი (ხათა გოგიად წოდებული), და ოდეს იტყოდენ ამბოხისა და მეფობისა დაცემისა მიზეზთა, მაშინ ვიეთნიმე ბრალსა დიდსა მიაწერდნენ ფარნაოზსაცა მეფის ძესა, ძმათა შორის უმცროსსა, რომელიცა ეძებდავე ტახტსა და მეფობასა საუბედუროდ ქვეყანისა. მაშინ გიორგი ციციშვილი იტყოდა: „რას ჩააცივდით თქვენ კურთხეულს ფარნაოზსა? რას ბრალს სდებთ მას? ფარნაოზი იტყოდა ამას: „მამისა ჩემისა ანდერძითა, ხომ უნდა ვიმეფოო ოდესმე, – მე ჩემი წილი ეხლა მინდა ვიმეფოო!” – ესრეთ სიცილითა მოიგონებდენ საქმეთა წარსულთა ქართველნი და მხიარულებითა განაზავებდენ მეფობისა ღირსებათა თვისთა და პატივისა დაკარგვისა სიმწარესა!”

მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ იმპერიის მომაკვდინებელი ზემოქმედებისგან ქართველის გადარჩენის საიდუმლო რაღაც უმიზეზო, უკანონო სიხარულშია, შესაძლოა სწორედ ისეთში, პლატონ იოსელიანი რომ გადმოგვცემს იმპერატორის ძვირფას დარბაზებში დატყვევებული ბაგრატიონების ტრაგიკომიკური ეპიზოდით. მაგრამ, ახლა, იმისთვის, რომ ისტორიკოსის მიერ აღწერილ ამ გამოუვალ სიტუაციაში არ ჩავიგდოთ თავი და ისევ უკანონო სიხარულის ამარა არ მოგვიწიოს იმპერიის პირისპირ დარჩენა, შინ და გარეთ, რუსეთთან ურთიერთობაში ჩვეული ქარაფშუტობა და რომანტიზმი კი არა, რაციონალური გათვლა, გაბედულობა და შრომაა საჭირო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები