ეკონომიკა

თვითმმართველობის რეფორმა „საერთოს ტრაგედიას” დააჩქარებს

0 კომენტარი

„იმაზე, რაც ყველასთვის საერთოა, თითქმის არავინ ზრუნავს, რადგან ადამიანები მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რაც თვითონ ეკუთვნით, და არა იმაზე, რაც სხვებისაცაა”.

არისტოტელე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჟორჟოლიანმა პარლამენტში ბრიფინგი ჩაატარა, სადაც აღნიშნა, რომ შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მომზადდა თვითმმართველობის რეფორმა, რომლის მიხედვითაც: „რეფორმის შედეგად სოფლები, რომლებსაც ამ ეტაპზე სტატუსი არ გააჩნიათ, იურიდიული პირის სტატუსს მიიღებენ. გარდა ამისა, მათ ექნებათ საკუთარი ქონება. კერძოდ, სოფლებს უვადო სარგებლობაში გადაეცემათ მათ საზღვრებში არსებული ტყე, საძოვარი და სათიბი. სოფლის მოსახლეობა თვითონ ჩაატარებს კრებებს, აირჩევს სოფლის თავმჯდომარეს და მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”.

ზოგადად, საჯარო ადმინისტრირების საკითხებში მოქალაქეების აქტიური თანამონაწილეობა დემოკრატიული მმართველობის შემადგენელია და ამ თვალსაზრისით, თვითმმართველობის გაზრდა და დეცენტრალიზაციისკენ სწრაფვა მისასალმებელია. თუმცა, თუ რეფორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რაც აღნიშნულ ბრიფინგზე ითქვა, ეს, სულ მცირე, შეშფოთების საგანია. მსურს მკითხველს დავანახო, რომ ასეთი რეფორმის შედეგი არ იქნება წარმატების მომტანი.

რეფორმის ეკონომიკური ასპექტი გულისხმობს, რომ საქმე გვაქვს საერთო რესურსებზე კოლექტიური საკუთრების ფენომენთან. საერთო რესურსში მოიაზრებენ საქონელს, რომელსაც არ ახასიათებს „გამორიცხვადობა”, მაგრამ არის „უმეტოქეო”. გამორიცხვადობა გულისხმობს, რომ საქონლის მოხმარებაში ადამიანებს ხელს ვერ შევუშლით. მაგალითად, თუ რომელიმე ოკეანე აღმოჩნდება კერძო საკუთრებაში, ოკეანის მეპატრონეს გაუჭირდება იმ მეთევზის გაკონტროლება, რომელიც დაწესებული საფასურის გადახდის გარეშე ეწევა თევზჭერას. უმეტოქეობა გულისხმობს, რომ ერთი პირის მიერ საქონლის გამოყენება ამცირებს მეორისთვის მისი გამოყენების შესაძლებლობას. მაგალითად, როდესაც ერთი ადამიანი თევზს იჭერს, მეორეს ნაკლები თევზის დაჭერა შეუძლია.

საერთოდ, საზოგადოების ნებისმიერი წევრი პოტენციური „უბილეთო მგზავრია”, ანუ ადამიანი, ვინც სარგებლობს საქონლით, მაგრამ გადახდას თავს არიდებს. მაგალითად, თუ კერძო მესაკუთრე ვერ გააკონტროლებს ოკეანეს, მეთევზე, თევზის ჭერისთვის დაწესებულ საფასურს საკუთარი ინიციატივით არ გადაიხდის. ამდენად, თუ კერძო მესაკუთრე ვერ ახერხებს ბიზნესიდან შემოსავლების ფორმირებას, მას ასეთი ბიზნესის კეთება არ უღირს. ამ შემთხვევაში, საერთო რესურსებზე საზოგადოებრივი საკუთრების უპირატესობაზე საუბრობენ. თუმცა, საერთო რესურსზე კოლექტიური საკუთრების შედეგი არის „საერთოს ტრაგედია”.

საერთოს ტრაგედიის მიზეზი არის ის, რომ კერძო და სოციალური სტიმულები ერთმანეთისგან განსხვავდება. როდესაც საქონელი უფასოა, ერთი უბილეთო მგზავრის მიერ საქონლის გადაჭარბებული მოხმარება ამცირებს მეორე ადამიანის სარგებელს, რაც ამცირებს მომავალში მოსახმარი საქონლის რაოდენობას. ისტორიულად, ამის ბევრი პრეცედენტია შექმნილი. მაგალითად, ინდოეთში სპილოების გადაშენებისგან გადარჩენა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სპილო კერძო საკუთრებაში აღმოჩნდა. იგივე შეიძლება ითქვას ბიზონებზე აშშ-ში. ზოგადად, შინაური ცხოველები (ფრინველები) კერძო საკუთრებაშია და არავის არ მოსდის აზრად, რომ ეს რესურსი საზოგადოებრივ საკუთრებაში იყოს, რადგან მისი მოხმარებისთვის ყველა იხდის შესაბამის საფასურს.

მაშასადამე, საერთოს ტრაგედიისგან თავის დაღწევის საშუალება არის საერთო რესურსზე კერძო საკუთრების არსებობა. ხოლო კერძო საკუთრება არსს იძენს, თუ საქონელი გამორიცხვადია. თუ დავუშვებთ, რომ სათიბი, საძოვარი, ტყე, ტბა და სხვა, გამორიცხვადია, კერძო საკუთრების შემთხვევაში, ეს რესურსი უფრო ეფექტიანად გადანაწილდება საზოგადოებაში. შესაბამისად, იქნება განახლებადი და მოვლილი.

მოსაზრება, რომ კერძო მესაკუთრე გაანადგურებს ტყეს, მცდარია, რადგან ამ შემთხვევაში, ის უნდა ანადგურებდეს შინაურ ცხოველებსაც. მოგების მოტივაცია კერძო მესაკუთრეს უბიძგებს ტყე აქციოს ისეთივე განახლებად საქონლად, როგორც ამას აკეთებს ფერმერი შინაურ ცხოველებთან მიმართებით. დიდი ალბათობით, საპირისპირო შედეგს მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ საერთო რესურსი დარჩება კოლექტიურ (საზოგადოებრივ) საკუთრებაში. მაშასადამე, საკითხი შესაძლებელია დაისვას ასე: არის თუ არა ტყე, საძოვარი, სათიბი და ა.შ. გამორიცხვადი საქონელი? ანუ, გაუჩნდება თუ არა მეწარმეს მისი საკუთრების ინტერესი.

ეს საკითხი მჭიდრო კავშირშია რესურსების შეზღუდულობის თემასთან. იქ, სადაც რესურსი შეუზღუდავია, არავის უჩნდება ინტერესი, გახდეს ამ რესურსის მესაკუთრე, რადგან შეუზღუდავი რესურსით სარგებლობა შეუძლია ყველას, თან უფასოდ. მაგალითად, არავინ გადაიხდის საფასურს ჰაერში, რომლითაც სუნთქავს, ან ოკეანეში საცურაოდ, რადგან რესურსი იმაზე მეტია, ვიდრე ყველას ერთად სჭირდება მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ, სულ სხვა ვითარება იქმნება, როდესაც გვსურს ვისარგებლოთ საცურაო აუზით. თუ საცურაო აუზით სარგებლობა გახდება უფასო, მაშინ აუზი მსურველთა რაოდენობას ვერ დაიტევს და უბრალოდ განადგურდება.

იქ, სადაც რესურსი შეუზღუდავია, კომუნიზმია და ბუნებრივად წარმოიქმნება რესურსზე საზოგადოებრივი საკუთრება. მაგრამ, თავად კომუნიზმი უტოპიაა, რადგან ის, რაც დღეს არის შეუზღუდავი, ხვალ აუცილებლად გახდება შეზღუდული. თუ აუზით სარგებლობს მხოლოდ ერთი ადამიანი, მაშინ მეორე არ ამცირებს პირველი ადამიანის სარგებელს. ამ შემთხვევაში, რესურსს არ ახასიათებს უმეტოქეობა. მაგრამ, თუ აუზში ადამიანების რაოდენობა მოიმატებს, რესურსი შეიძენს უმეტოქეობის თვისებას.

როდესაც აშშ-ში ირიცხებოდა 30 მილიონი ბიზონი, იმდროინდელი მოსახლეობა შეუზღუდავად მოიხმარდა ამ რესურსს და ვერ ათვითცნობიერებდა, რომ შეიძლება დროთა განმავლობაში დამდგარიყო პრობლემის წინაშე. თუმცა, როდესაც ბიზონების რაოდენობა შემცირდა ასი ათას სულამდე, რესურსების შეზღუდულობიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ბიზონზე საკუთრების საკითხი. მაშასადამე, რესურსების შეზღუდულობა სძენს საქონელს როგორც გამორიცხვადობის, ასევე უმეტოქეობის თვისებას. გარდა ამისა, 21-ე საუკუნეში გამორიცხვადობის საკითხი ნაკლებად აქტუალური და პირობითია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მეწარმეს საქონლისა და მომსახურების დაცვისა და რეალიზაციის მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე წინა საუკუნეებში. ამრიგად, ტყეების, სათიბების, საძოვრების და ა.შ. პრობლემას ყველაზე ეფექტიანად საბაზრო საზოგადოება წყვეტს. აღნიშნული რესურსებიდან მიღებული სარგებელი ყველაზე მაღალი და გრძელვადიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რესურსები აღმოჩნდება კერძო და არა საზოგადოებრივ საკუთრებაში.

ამ თეორიას ბევრი ოპონენტი ჰყავს და მათ, არგუმენტებად, დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნის მაგალითები მოჰყავთ, სადაც საერთო რესურსები საზოგადოებრივ საკუთრებაშია. თეორია ნეოლიბერალურია და არც საქართველოში და არც დანარჩენ მსოფლიოში არ არის პოპულარული. ამ სტატიაში, ჩვენი მიზანი არ არის იმის მტკიცება, რომ ნეოლიბერალიზმი ჭეშმარიტებაა. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვსურს, რომ მაღალი რისკის ალბათობით, საერთო რესურსზე საზოგადოებრივი საკუთრება, დროთა განმავლობაში, წარმოქმნის საერთოს ტრაგედიას. დროის ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს სახელმწიფო კონკრეტული სექტორის ადმინისტრირებას. საკითხის ეკონომიკურ ასპექტზე საერთოდ არ გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არ დამენახა ის საშიშროება, რომ აღნიშნული თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, საერთოს ტრაგედიის პრობლემის წინაშე უმოკლეს დროში აღმოვჩნდებით, რადგან შემოთავაზებული გზით, შეუძლებელი გახდება პროცესების ადმინისტრირება, რაც გაზრდის „უბილეთო მგზავრების” მიერ რესურსების უყაირათო ხარჯვის ალბათობას.

სოფელი იძენს იურიდიული პირის სტატუსს, რაც ნიშნავს, რომ სოფელი არის არა მხოლოდ დასახლება, არამედ თვითმმართველი ერთეული. სახელმწიფოს სახელით, ის ახორციელებს აქტივობებს და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში მონაწილეობს საზოგადოებრივი ადმინისტრირების პროცესში. ისევე, როგორც რომელიმე სამინისტროს, ან კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ან ანტიმონოპოლიურ სამსახურს, სოფელსაც, როგორც იურიდიულ პირს, ექნება კონკრეტული ფუნქცია, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ სექტორში არსებული საქონლისა და მომსახურების ადმინისტრირებას. ერთი სიტყვით, სოფელი, როგორც იურიდიული პირი, იმავე შინაარსის მატარებელია, როგორიცაა თვითმმართველი ერთეული. ხოლო სოფლის მიერ არჩეული თავმჯდომარე არის გამგებლის ან მერის მსგავსი თანამდებობის პირი. სოფლის, როგორც იურიდიული პირის ფუნქცია იქნება ტყეების, სათიბების, საძოვრების და სხვა საერთო რესურსების მართვა უვადო სარგებლობის წესით. ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ სოფელი აღნიშნულ რესურსებს ვერ გაასხვისებს. სავარაუდოდ, ყველა სოფელს დაუდგინდება პირობითი საზღვარი.

როგორ უნდა მართოს სოფელმა, როგორც იურიდიულმა პირმა, უვადო სარგებლობაში გადაცემული საერთო რესურსები? წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპით, სოფელი ირჩევს თავმჯდომარეს და მართვის უფლებამოსილებას ანიჭებს. თავმჯდომარე ანაწილებს პირობით საზღვარში მოქცეულ ტყეს, სათიბებს, საძოვრებს და სხვა საერთო რესურსებს სოფლის მოსახლეობაზე უვადო სარგებლობით და იმ გათვლით, რომ დროთა განმავლობაში საერთო რესურსების რაოდენობა არ შემცირდება. სავარაუდოდ, უვადო სარგებლობით გადაცემა გულისხმობს კვოტის დაწესებას, რომლითაც თითოეულმა ოჯახმა უნდა ისარგებლოს. კვოტებზე შეთანხმება ძალზე ხანგრძლივი პროცესია და, ჩემი აზრით, პრაქტიკულად შეუძლებელიც, რადგან გაუთავებელი დავები სოფლის მცხოვრებლებსა და თავმჯდომარეს შორის, საერთო რესურსების განაწილებაზე არ დასრულდება. თუმცა, ეს არ არის თვითმმართველობის აღნიშნული რეფორმის მნიშვნელოვანი შედეგი.

დავუშვათ, კვოტები ყველა სოფელში განისაზღვრა ისე, რომ თითოეული მცხოვრები კმაყოფილია და არაფერს ასაჩივრებს. პრობლემა წარმოიქმნება კვოტების დაცვაში. კოლექტიური შეთანხმების მთავარი ნაკლოვანება არის ის, რომ როდესაც შეთანხმებაში მონაწილე რომელიმე მხარე სხვა მონაწილეებისგან ფარულად არღვევს შეთანხმებას, დამრღვევის სარგებელი უფრო მაღალია, ვიდრე მათი, ვინც ამ შეთანხმებას იცავს. შეთანხმების ფარულად დარღვევის ხიბლი კი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ნაკლებია დარღვევის გამოვლენის ალბათობა.

თამაშთა თეორია კარგად ხსნის ამ ფენომენს. მაგალითად, ტიპური ოლიგოპოლიები, სადაც ფირმები თანხმდებიან პროდუქციის რაოდენობის შემცირებასა და მონოპოლიურ ფასზე, როგორც წესი, ფუნქციონირებს დროის მცირე მონაკვეთში, რადგან მეტი მოგების მიღების მიზნით, შეთანხმებაში მონაწილე ფირმას უჩნდება სურვილი გაყიდოს მეტი რაოდენობის პროდუქცია უფრო მაღალ ფასად, ვიდრე მას კვოტით აქვს განსაზღვრული – რაც შეთანხმებაში მონაწილე ფირმებს შორის კვლავ წარმოქმნის კონკურენციას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოლიგოპოლია იქმნება ნებაყოფლობით და მასში მხოლოდ რამდენიმე ფირმა მონაწილეობს, რადგან ბევრ ფირმას შორის ასეთი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

საერთო რესურსების განაწილების მექანიზმში ჩართულია სოფლის ყველა მცხოვრები. ამდენად, მათ შორის შეთანხმება უფრო მყიფეა (თუ ასეთი შედგა), ვიდრე ოლიგოპოლიის შემთხვევაში. შეთანხმების დარღვევა კი ნიშნავს ოჯახებს შორის კონკურენციას საერთო რესურსების განაწილებაში, რაც გამოიწვევს საერთო რესურსების ჭარბ მოხმარებას. გავაკეთოთ ასეთი დაშვებაც, რომ შეთანხმება ურყევია და მას არცერთი სოფლის არცერთი მცხოვრები არ არღვევს.

როგორ დავიცვათ კვოტა? ის გულისხმობს, რომ, მაგალითად, სოფლის ერთ მცხოვრებს შეუძლია დროის ერთეულში გამოიყენოს სოფლის საზღვრებში არსებული X კუბური მეტრი ხე, Y კვადრატული საძოვარი თუ სათიბი მიწა. როგორ ავწონოთ და გავზომოთ ეს ყველაფერი? მართვა არ ნიშნავს მხოლოდ დაგეგმვას. მართვა გულისხმობს ორგანიზებას, მონიტორინგსა და კონტროლსაც, რისი განხორციელებაც შეუძლებელია და ამდენად, შეუძლებელია მართვაც. თუ მეზობელი სოფლის მცხოვრებმა ისარგებლა სხვა სოფლის რესურსით, როგორ უნდა გამოვლინდეს ეს შემთხვევა? ეს ფაქტორი ხომ ბუნებრივად წარმოქმნის სოფლებს შორის კონკურენციას საერთო რესურსების გამოყენებაზე.

მანამ, სანამ ცენტრალურ ხელისუფლებას ექნება მიდგომა, რომ არ ერევა თვითმმართველობების ფუნქციებში, საქართველოს საერთო რესურსები სრულად განადგურდება. იმ დაშვებითაც კი, რომ სოფელი შეძლებს ქონების მართვას, მას, როგორც იურიდიულ პირს, დასჭირდება პოლიციის და სასაზღვრო კონტროლის მსგავსი სტრუქტურა. ამრიგად, ის, რომ სოფელს ექნება საკუთარი ქონება ტყეების, საძოვრებისა და სათიბების სახით, ნიშნავს იმას, რომ მას უახლოეს მომავალში არაფერი ექნება. ჩემი აზრით, შეცდომაა საერთო რესურსების ადმინისტრირების დეცენტრალიზება სოფლის და, ზოგადად, თვითმმართველობის დონეზე. თუ საერთო რესურსებზე კერძო საკუთრების მოდელი მიუღებელია, ადმინისტრირება უნდა განახორციელოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ თამაშის იმ წესებით, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი გავახანგრძლივოთ საერთოს ტრაგედია.

შესაძლებელია ოპონენტებმა დამადანაშაულონ იმაში, რომ თვითმმართველობების წინააღმდეგი ვარ. პირიქით, რაც უფრო მეტი ფუნქციის დელეგირება მოხდება ცენტრიდან რეგიონზე, მით უფრო მეტად იქნება ამომრჩევლის მოთხოვნები გათვალისწინებული და ქვეყანაც უფრო საინტერესო გახდება. ძალაუფლება და პასუხისმგებლობები გადანაწილდება და პოლიტიკური არასტაბილურობის რისკებიც შემცირდება. აქ საუბარია იმაზე, თუ რა უნდა იყოს ცენტრალური და რა – რეგიონული თუ ადგილობრივი ხელისუფლების ამოცანა.

თვითმმართველობის რეფორმის ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდეს შემოსავლების გაყოფის თემა. შეუძლებელია რეალური თვითმმართველობის აგება სუბსიდიებზე. შემოსავლების გაყოფა გულისხმობს გადასახადების აკრეფის მეთოდოლოგიასაც და შემოსავლების მობილიზებას ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტებში. ეს მეტად მტკივნეული თემაა და სერიოზულ განხილვას საჭიროებს. ფისკალური დეცენტრალიზაციის გარეშე, რეალური თვითმმართველობა ვერ იარსებებს. როგორც ჩანს, ეს საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში.

სახელმწიფო არის სისტემა, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი საქონლისა და მომსახურების შექმნა და მიწოდება საზოგადოების ყველა წევრისთვის. როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოებრივი ნიშნავს არაგამორიცხვადი და არამეტოქისუნარიანი თვისების მატარებელ საქონელს. თავისი სპეციფიკით, საზოგადოებრივი საქონელი არაერთგვაროვანია. თითოეულ მათგანს სხვადასხვა მახასიათებლები აქვს. საზოგადოებრივი საქონელი კოლექტიური მოხმარების პროდუქტი ან მომსახურებაა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი დამატებითი მომხმარებელი არ ზრდის საქონლის ზღვრულ ხარჯებს. ამდენად, იმისთვის, რომ საქონელს გააჩნდეს საზოგადოებრივის სტატუსი, მომხმარებელთა რაოდენობა უნდა იყოს შეზღუდული იქამდე, სანამ დამატებითი მომხმარებელი წარმოქმნის ნულოვან სოციალურ დანახარჯებს.

მაშასადამე, კონკრეტული საზოგადოებრივი საქონლისთვის მოხმარების რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული. ჯგუფი, რომელიც ამ საქონელს მოიხმარს, უნდა იყოს მოხმარების რაოდენობის შესაბამისი. დავუბრუნდეთ აუზის მაგალითს. დავუშვათ, აუზი არის საზოგადოებრივ საკუთრებაში და ემსახურება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს. თითოეული ადამიანი იხდის საწევროს, რომელიც საჭიროა აუზის ხარჯების დასაფარად. მანამ, სანამ ყოველი დამატებითი ადამიანი არ ამცირებს სხვა ადამიანის სარგებელს, აუზი არის კოლექტიური მოხმარების მომსახურება და ყველა კმაყოფილია. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება და აუზი გადაიტვირთება, მომხმარებლებს პრობლემა შეექმნებათ. ამ სიტუაციიდან არის შემდეგი გამოსავალი: აუზი უნდა გაიზარდოს მოცულობაში. ეს შექმნის დამატებით სირთულეებს, რადგან გაძნელდება უსაფრთხოების ზომების დროული მიღება და სხვა.

ანალოგიურად, იმ შემთხვევაში, თუ გზატკეცილი გადაიტვირთება, ტრეკების დამატება იქნება ერთ-ერთი გამოსავალი, რაც გააძნელებს გზატკეცილზე შესვლის და გასვლის საკითხების დარეგულირებას და უსაფრთხოების ზომების დაცვას. ამდენად, ერთი გიგანტური გზატკეცილის ან აუზის აშენებას, სჯობს, რამდენიმე გზატკეცილი და აუზი არსებობდეს. ასეთი ტიპის მომსახურება უფრო ხარისხიანიც იქნება და ხარჯეფექტურიც. მაშასადამე, საზოგადოებრივ პროდუქტთან მიმართებით, საზოგადოება ქმნის სხვადასხვა ზომის სამომხმარებლო ჯგუფებს. შესაბამისად, სად უნდა შესრულდეს კონკრეტული ამოცანები, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, დამოკიდებულია საქონლის სპეციფიკასა და მოხმარების რაოდენობაზე.

როდესაც საქონლის მოხმარების რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურ მომხმარებელთა რაოდენობას, ადგილი ექნება საქონლის გადაჭარბებით მოხმარებას (ეროვნული თავდაცვა, საერთო რესურსები). ამდენად, თუ საქონლის მოხმარების რაოდენობა მოიცავს მთელ საქართველოს, ასეთი საქონელი უნდა შექმნას ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ხოლო თუ საქონლის მოხმარების რაოდენობა მოიცავს მომხმარებელთა ჯგუფს, რომელიც არ სცდება თვითმმართველ ერთეულს, მაშინ ეს საქონელი უნდა შექმნას თვითმმართველმა ერთეულმა. ხელისუფლების ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის საკითხი სწორედ ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, ადგილობრივი გზები, პარკები, სკვერები, კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პოლიტიკის ზოგიერთი მიმართულება (ზოგადი განათლება, პირველადი ჯანდაცვა და სხვა) შესაძლებელია იყოს ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქცია.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები