საგარეო პოლიტიკაზე საპარლამენტო რეზოლუციის ანატომია

წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდნენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსზე. ამ რეზოლუციას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი არ წასულა.

ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე პოლიტიკური კოაბიტაციის უნიკალურ პროდუქტს წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ამ დოკუმენტის მიღებით ორივე მხარე მოგებული დარჩა. ნაციონალურმა მოძრაობამ მიაღწია იმას, რომ მოსახლეობაში დარჩა განცდა – ეს დოკუმენტი უმრავლესობას თავზე სწორედ უმცირესობამ მოახვია. უმრავლესობამ კი მიაღწია იმას, რომ თავი დააღწია საკმაოდ უხერხულ დისკურსს იმის შესახებ, სურდა თუ არა ივანიშვილის ხელისუფლებას გაეგრძელებინა საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლეთის მიმართულებით.

ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ უმრავლესობამ და უმცირესობამ საკმაოდ კონსტრუქციულად ითანამშრომლეს არასამთავრობო სექტორთან, განსაკუთრებით კი იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც 13 თებერვალს ერთობლივ განცხადებაში მოუწოდეს ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, გამოეყენებინათ „მათ ხელთ არსებული ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი და სამივე შესაძლებელი ფორმით (ინტერფრაქციული შეთანხმება, კანონი საგარეო პოლიტიკის შესახებ და საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება)” გაემყარებინათ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა. ამ სტატიის ავტორი და მთლიანად GRASS უშუალოდ იყო ჩართული კონსულტაციებში ორივე პოლიტიკურ ძალასთან და ძალიან მოხარულია, რომ შენიშვნების დიდი უმრავლესობა გათვალისწინებული იქნა დოკუმენტის საბოლოო პროექტში.

ამ სტატიაში შევეცდებით მოკლედ გავაანალიზოთ ეს რეზოლუცია და ვაჩვენოთ მკითხველს, სად არის დოკუმენტის სისუსტეები, სად ეტყობა მას აშკარა კომპრომისის ნიშნები ორ მხარეს შორის დოკუმენტზე მუშაობის შედეგად და რა დათმობებზე მოუწია წასვლა თითოეულ მხარეს.

პრეამბულა:

ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

ხელმძღვანელობს რა საქართველოს საზოგადოების ინტერესებით, მათ შორის 2008 წლის პლებისციტის შედეგებით გამოხატული ნებით;

ითვალისწინებს რა ეროვნული უსაფრთხოების, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველყოფის პრიორიტეტულობას და ამ ამოცანების შესრულებაზე პოლიტიკური ძალების საერთო პასუხისმგებლობას;

ადასტურებს რა საქართველოს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 2010 წლის 23 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აიღო;

გამოხატავს რა მისწრაფებას ხელი შეუწყონ საერთაშორისო ურთიერთობათა ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის ავტორიტეტის დამკვიდრებას;

მიიჩნევეს რა, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის გატარებისა და მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის და მრავალმხრივი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია,

საქართველოს პარლამენტი აცხადებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს:

დოკუმენტის პრეამბულა სტანდარტულია და მასში ყველა მნიშვნელოვანი თეზისია შესული, თუმცა მაინც გვხვდება რამდენიმე ყურადსაღები და საინტერესო პოსტულატი, რომელთა ცალკე გამოყოფა ღირს. პირველ რიგში, ეს არის 2008 წლის პლებისციტის ხსენება, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტმა დაუჭირა მხარი ნატოში გაწევრიანებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს მუხლი დოკუმენტში ნაციონალური მოძრაობის დაჟინების შედეგად გაჩნდა, რომელსაც სურდა, რომ ხალხის დამოკიდებულება ნატოს მიმართ დოკუმენტში ასახული ყოფილიყო. უმრავლესობა ამ მოთხოვნას, როგორც ვხედავთ, დაეთანხმა, რადგან არც ახალი მთავრობისთვისაა მიუღებელი.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის პრეამბულაშივეა ნახსენები ტერმინი „დეოკუპაცია”. ამ ტერმინით, ქართულმა ოცნებამ ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს ტერმინოლოგიის შეცვლას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, რაც ნამდვილად მოსაწონი გადაწყვეტილებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სუსტია პრეზიდენტის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების ნაწილი, რადგან ამ პარაგრაფიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ცალმხრივი იურიდიული ვალდებულება მხოლოდ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარეობს.

ამ დროს ევროპარლამენტის განცხადება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და იურიდიული ვალდებულება ქვეყანამ არა ევროპარლამენტში გამოსვლით, არამედ ამ გამოსვლის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის მიწერილი წერილებით აიღო. სწორედ ეს წერილები ითვლება ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულების წყაროდ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, „მიშას” ბევრჯერ ხსენება დოკუმენტის ავტორებს არ სურდათ, ამიტომ ისინი ფაქტის ნეიტრალურად და მოკლედ ხსენებით შემოიფარგლენ.

პრეამბულაში ასევე ყურადღებას იპყრობს განცხადება იმის შესახებ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის მემკვიდრეობითობა მნიშვნელოვანია და აუცილებელია ფართო კონსულტაციების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება. ეს მუხლი ცოტა უცნაურია, რადგან საქართველოს აღმასრულებელ დონეზე უკვე გააჩნია ეროვნული უსაფრთოების კონცეფცია და საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის ხედვა. რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ეს დოკუმენტები გადასახედი იქნება, თუმცა არცერთი მათგანი არ წარმოადგენს სახელმწიფო სტრატეგიას. დოკუმენტის ავტორებმა, სავარაუდოდ, ან ახალი სტრატეგიული დოკუმენტი დააანონსეს ამ რეზოლუციაში, ან ზოგადად იგულისხმეს სახელმწიფო სტრატეგია, რომლის გამოსახულება შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დოკუმენტი იყოს.

პრეამბულის შემდეგ დოკუმენტს აქვს ოპერატიული ნაწილი, რომელიც 19 პუნქტისგან შედგება. საინტერესოა, რომ ეს დოკუმენტი უფრო გრძელია, ვიდრე თავდაპირველი, 14-პუნქტიანი ინტერფრაქციული შეთანხმების პროექტი.

ბიძინა ივანიშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი. 2012 წლის ნოემბერი
ფოტო: NATO
. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესებით, მისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამოცანებიდან გამომდინარე;

2. საქართველოს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის ამოცანებია ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიების დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ერთიანობის აღდგენა;

პირველი ორი პუნქტი ტრადიციულია პრაქტიკულად ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში, რადგან მათში აღნიშნულია ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ამოცანები. კიდევ ერთხელ არის აღსანიშნავი, რომ ტერმინი „დეოკუპაცია” ავტორებმა აქაც გამოიყენეს.

3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად საქართველო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს;

4. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას და არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ;

5. საქართველო განახორციელებს თანამიმდევრულ პოლიტიკას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ბუქარესტის და შემდგომ სამიტებზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. უახლოესი პერიოდის ამოცანას წარმოადგენს შეთანხმების მიღწევა მოდალობებსა და ვადებზე;

ამ სამ პუნქტში რამდენჯერმე არის გამეორებული საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ მესამე მუხლში ავტორებმა თამამად ჩაწერეს „გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტი” ევროკავშირთან მიმართებითაც, რაც, როგორც წესი, ხელისუფლების მხრიდან ხშირად არ ხდება ხოლმე, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის ხანგრძლივობის გამო. ამასთან, ამ მუხლებში აშკარად ჩანს შეფარული მინიშნებები იმაზე, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების უზენაესობა და დემოკრატიული განვითარება. ზოგიერთმა ეს განცხადება შეიძლება ნაციონალური მოძრაობის შეფარულ კრიტიკად გაიგოს, თუმცა, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების პატივისცემა რომ ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, ეს არავისთვის ახალი არ უნდა იყოს.

ამ მუხლებში ცალკე გამოყოფას იმსახურებს ორი გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი, რომლებიც ორ პოლიტიკურ ძალას შორის მიღწეული კომპრომისის შედეგია. პირველ რიგში, პარლამენტი აცხადებს, რომ არასდროს გახდება ისეთი ორგანიზაციის წევრი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. ამგვარად, მესამე მუხლში საქართველომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ შევა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევრაზიულ ერთობებში, თუმცა არ დაასახელა ეს ორგანიზაციები სახელებით. ასეთი კონკრეტიკისთვის თავის არიდება, ჩემი აზრით, უცნაურია, მით უმეტეს, როდესაც ღიად აცხადებ ევროპული ინტეგრაციის კურსს. აქვე, მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართ გაგზავნილი მეორე „გზავნილი”, რომ ნატოში ინტეგრაცია არ არის მიმართული რომელიმე მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი განცხადებაა, რითაც რეზოლუციის ავტორებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს მოსკოვს, რომ ნატოში ინტეგრაცია არ ნიშნავს ანტირუსულ ერთობაში გაწევრიანებას.

6. საქართველო სრულად იზიარებს მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე რეაგირების საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობის ვალდებულებას. ამ მიმართებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო, საპოლიციო და სამოქალაქო ოპერაციებში წვლილის შეტანა ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია;

მეექვსე მუხლში პარლამენტმა ნიშანდობლივად აღნიშნა, რომ არ აპირებს უარი თქვას საქართველოს შეიარაღებული ძალების, ან სხვა სამართლამდაცავი სტრუქტურების მონაწილეობაზე საერთაშორისო სამშვიდობო და სხვა ტიპის ოპერაციებში. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის ავტორებმა მხოლოდ სამშვიდობო და სამხედრო ოპერაციებზე არ გააკეთეს აქცენტი და ასევე ახსენეს საპოლიციო და სამოქალაქო მისიები. ეს განსაკუთრებით პოზიტიური გზავნილია იმის ფონზე, რომ საქართველო აპირებს გააფორმოს ხელშეკრულება ევროკავშირთან ამ უკანასკნელის უსაფრთხოების და თავდაცვის მისიებში მონაწილეობაზე.

რამდენიმე გამოცხადებულ „კონკურსში” ქართველმა უსაფრთხოების ოფიცრებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა. ანალოგიურად, ბოლო წლებში, საქართველო მოტივირებული იყო, უფრო დიდი და აქტიური როლი ეთამაშა გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. სამწუხაროდ, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, ეს ვერ ხორციელდებოდა. მისასალმებელია, რომ პარლამენტმა ეს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აირჩია.

მიხეილ სააკაშვილი და იაპ დე ჰოოპ სხეფერი. 2008 წლის ივნისი
ფოტო: NATO
. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა იმ პირობის შესრულებას, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე;

8. ევროკავშირთან თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” და „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” ფარგლებში განვითარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები. პრიორიტეტულად განიხილება ასევე თანამშრომლობა სამშვიდობო პროცესების განვითარების სფეროში;

შემდეგი ორი მუხლი ეხება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს. ამ მუხლების ნატოს შემდეგ არსებობა ნიშანდობლივიცაა და მართებულიც. მე მაინც მიმაჩნია – კიდევ ერთხელ ღიად აღნიშვნა, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, აქაც კარგი იქნებოდა, თუმცა ზემოთ გაცხადებული ეს ამბიციაც, ამ ეტაპზე, ალბათ, საკმარისია. ევროკავშირთან დაკავშირებით რეზოლუციის ავტორებმა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ახსენეს, ასოციაციის ხელშეკრულებაც, თავისუფალი ვაჭრობაც და ვიზების ლიბერალიზაციაც. სწორედ ამის ფონზე იქნებოდა მნიშვნელოვანი იმის გაცხადება, რომ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, ჩვენ გვაქვს ამბიცია შევუდგეთ გაწევრიანების რთულ, მაგრამ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვან გზას.

ცოტა უცნაურია მერვე მუხლში „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ერთად ხილვა, მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში საქართველომ, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებმა, ცალსახად განაცხადეს, რომ მათთვის პრიორიტეტულია სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატით ევროკავშირში ინტეგრაცია და არა სამეზობლო პოლიტიკის შესაძლებლობების გამოყენება.

9. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობებით. მის ფარგლებში განიხილება ოთხი ძირითადი მიმართულება:

– თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, მათ შორის თავდაცვის სფეროში გაფართოებული პროგრამის რეალიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება, აგრეთვე შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება;

– თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროებში, მათ შორის შეთანხმების მიღწევა თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე;

– დემოკრატიის გაძლიერება;

– ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, მათ შორის შეთანხმების მიღწევა უვიზო რეჟიმის საკითხებზე.

10. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ევროკავშირთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული შეთანხმებებით დასახული ამოცანების შესრულებას საქართველო, უპირველეს ყოვლისა, განიხილავს როგორც ვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე;

აშშ-სთან დაკავშირებით პარლამენტმა ყველა ის მნიშვნელოვანი გზავნილი გაახმოვანა, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია.

განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ამ გზავნილებში ჩანს ორი სტრატეგიული ორიენტირი – აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადება და უვიზო რეჟიმის მიღწევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დისკუსია უკანასკნელ ხანს ძალიან მინელდა და მთავრობაც აქტიურობას აღარ იჩენდა. კარგია, რომ ეს თემა რეზოლუციაში ისევ გაჩნდა, სავარაუდოდ, ისევ ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციის აქტიურობის შედეგად. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას აშშ-სთან, აქ საქართველოს ძალიან დიდი შრომა ექნება გასაღები, რათა შემცირდეს ვიზებზე გაცემული უარების რაოდენობა, რაც, რაღაც ეტაპზე, საქართველოს საშუალებას მიცემს გადავიდეს ვიზების გამარტივების დიალოგზე.

11. საქართველო რუსეთთან დიალოგს წარმართავს როგორც ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ისე ორმხრივ ფორმატში. ამ დიალოგის მიზანია კონფლიქტის მოგვარება, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;

მეთერთმეტე მუხლი, ჩემი აზრით, ამ რეზოლუციაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. ჯერ ერთი, არაზუსტია ტერმინოლოგია – არ არსებობს „ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო მექანიზმები”, არსებობს „ჟენევის მოლაპარაკებები”, ან „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები”. მეორე, ერთად ჟენევის მოლაპარაკებების და ორმხრივი დიალოგის დაჯგუფება, როგორც მინიმუმ, ისევ აღვივებს ეჭვებს, რომ ეს ორი ფორმატი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ორ ფორმატს მსგავსი ამოცანები აქვს დასახული – „კონფლიქტის მოგვარება, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება”.

აუცილებლად უნდა თქმულიყო კონკრეტულად, რომელ ფორმატს რა ამოცანისთვის ვიყენებთ. ჟენევის მოლაპარაკებები კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია და მისი გამოყენება უნდა მოხდეს დეოკუპაციისთვის და ცხინვალის და აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად, ორმხრივი დიალოგის ფორმატი კი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორ ქვეყანას შორის არსებული სხვა ურთიერთობების დასარეგულირებლად. ასეთი ბუნდოვანი განცხადება, ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ მოხდება ამ ეტაპზე დეკლარირებული კურსისგან გადახვევა და კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ორმხრივ ფორმატში გადატანა. და ბოლოს, ბუნებრივია, მეთერთმეტე მუხლში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნახსენები ტერმინი „დეოკუპაცია”, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი და მოსკოვის ურთიერთობების მთავარი მიზანი.

12. საქართველო ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და რუსეთის ფედერაციის და სხვა სახელმწიფოების პოზიციების დაახლოებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების და ჰელსინკის პრინციპების შესაბამისად;

მეთორმეტე მუხლი ამ რეზოლუციის უდავოდ ყველაზე სუსტი წერტილია. ამ მუხლში საქართველოს პარლამენტმა აღიარა, რომ თურმე სამხრეთ კავკასია წარმოადგენს აშშ-ის, ევროკავშირის და რუსეთის ინტერესის სფეროებს. ეს მიდგომა ზოგადად ეწინააღმდეგება ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულებას „გავლენის სფეროების” კონცეფციის მიმართ. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, საქართველოში ისევ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან „აღიარონ”, რომ ჩვენ მართლაც გავლენის სფერო ვართ. საბედნიეროდ, ამ მუხლში გაჩნდა ჩანაწერი „ჰელსინკის პრინციპებთან” დაკავშირებით, რაც ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ეს მუხლი ძალიან უცნაურად ხვდება თვალს. კარგი იქნებოდა, იგი საერთოდ წაშლილიყო საბოლოო რედაქციაში.

13. საქართველო ხელს შეუწყობს კავკასიაში პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკურ თანამშრომლობას რეგიონის სახელმწიფოთა ძირეული ინტერესების თანხვედრისათვის. ჩრდილოკავკასიის ხალხებთან ურთიერთობები დაეფუძნება კეთილმეზობლობის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს;

კავკასიასთან დაკავშირებით მუხლის საბოლოო რედაქცია გაცილებით სჯობს თავდაპირველ 14 პუნქტში არსებულ ჩანაწერს, სადაც, პრაქტიკულად, ქართული მხარე აღიარებდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიასთან მხოლოდ ისეთი ურთიერთობა შეიძლებოდა ჰქონოდა, როგორსაც მოსკოვი ინებებდა. ამჯერად, ეს იდეა აღარ იქნა გაჟღერებული, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ საქართველოს ისევ აქვს ამბიცია, იყოს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მიმართ პოლიტიკის განმსაზღვრელი.

14. მნიშვნელოვანია ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა გახდეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცე;

15. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება შავი და კასპიის ზღვების აუზების, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებთან;

16. საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ბალტიის ქვეყნებთან. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების გამოცდილება და მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;

17. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე სკანდინავიის სახელმწიფოებთან, მათ მიერ საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა;

მეთოთხმეტე-მეჩვიდმეტე მუხლებში საქართველომ მოკლედ განსაზღვრა ის პრიორიტეტული გეოგრაფიული რეგიონები, რომელთანაც სურს ურთიერთობების გაღრმავება. მისასალმებელია, რომ აქ ცალკეა გამოყოფილი თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბალტიის ქვეყნები და სკანდინავია. თუმცა, ცალსახად უცნაურია, რომ საერთოდ არაფერია ნათქვამი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა რეგიონებზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში საქართველომ საელჩოები გახსნა ისეთ მნიშვნელოვან ქვეყნებში, როგორებიცაა: ბრაზილია, არგენტინა, მექსიკა, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ეთიოპია, ინდონეზია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია და ჩინეთი. ეს იყო კარგი გამოვლინება, რომ ქვეყანამ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მყარი კურსის მიუხედავად, ასევე შეიმუშავა მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის ხედვა, რის შედეგადაც „გაჩნდა” საერთაშორისო ასპარეზზე. სამწუხაროა, რომ საგარეო პოლიტიკის ახალი გუნდისთვის ეს „მსოფლიოზე გადაწვდომის” პოლიტიკა სრულიად ყურადღების მიღმა დარჩა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველო გადაიქცა ქვეყნად, რომლის რეფორმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თბილისს, ბათუმს, რუსთავსა და სხვა ქალაქებს სტუმრობდნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს 300-ზე მეტი დელეგაცია ეწვია ჩვენი რეფორმების შესწავლის მიზნით, საქართველოს წარმომადგენლებმა კი 100-ზე მეტი ვიზიტი განახორციელეს რეფორმების „ექსპორტირების” კუთხით. ბუნებრივია, ეს მიმართულება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. ამ რეზოლუციაში, სამწუხაროდ, „რეფორმების ექსპორტი” საერთოდ არაა ნახსენები. ეს გასაგებიცაა, ქართულ ოცნებას არ სურდა ამ დოკუმენტში ეღიარებინა, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული რეფორმები „საექსპორტო” ხარისხისაა. მიუხედავად ამისა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე საქართველო აღადგენს გამოცდილების გაზიარების პრაქტიკას დაინტერესებულ ქვეყნებთან.

18. საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობას ან ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია. საქართველო გაატარებს თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო პატივისცემის ურყეობა;

მეთვრამეტე მუხლში პარლამენტმა მესამე მუხლში ნახსენები პირობა, რომ არ გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, კიდევ ერთხელ გაიმეორა. ამჯერად, ამ პირობამ უფრო კონკრეტული სახე მიიღო, კერძოდ, საქართველო არცერთ ისეთ სამხედრო-პოლიტიკურ, ან საბაჟო კავშირში არ გაწევრიანდება, სადაც ან ოკუპანტი ქვეყანაა წევრი, ან ქვეყანა, რომელიც აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობას”. ეს ფორმულირებაც, სავარაუდოდ, ტექსტში ასევე უმცირესობასთან კონსულტაციის შემდეგ გაჩნდა, რადგან თავდაპირველ 14 პუნქტში, ეს იდეა საერთოდ გამოტოვებული იყო.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი უფრო რადიკალურად განწყობილი ექსპერტი ჩათვლის, რომ მე-18 მუხლში რუსეთი პირდაპირ უნდა ყოფილიყო დასახელებული. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა, დიპლომატიურად გამართლებულია ვისაუბროთ არა ქვეყანაზე, როგორც პრობლემაზე, არამედ ამ ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებზე (აღიარება და ოკუპაცია), როგორც პრობლემებზე, რომელთა გამო არ გვსურს რუსეთთან ერთ ორგანიზაციაში ყოფნა.

19. ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესიდან გამომდინარე, აგრეთვე სამშვიდობო პროცესის განვითარების და „არაღიარების პოლიტიკის” შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო მნიშვნელოვნად გააღრმავებს მრავალმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, სუამის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატებში.

მეცხრამეტე მუხლი ასევე უცნაურია, რადგან მასში რამდენიმე საეჭვო იდეაა ჩადებული. პირველ რიგში, არაღიარების პოლიტიკის საწარმოებლად საქართველოს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში კი არ მართებს აქტიურობა, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

დაბოლოს, გაეროსთან და ეუთოსთან ერთად არაღიარებაზე მუშაობა სუამთან, ბისეკთან და ევროსაბჭოსთან, როგორც მინიმუმ, გაუგებარია, რადგან ამ ორგანიზაციებთან საქართველოს სხვა დღის წესრიგი აქვს, აღიარების საფრთხე კი ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებული ქვეყნებისგან ნამდვილად არ გვემუქრება.

 

კომენტარები