რაბათის ციხე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ქრისტიანული სიმბოლოების მეჩეთიდან გატანა დაუშვებელია

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მედიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის თაობაზე საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები გააცნო. მანჯგალაძემ პირველ აპრილს ადმინისტრაციაში შესული დოკუმენტაცია გაასაჯაროვა. პრესსპიკერის თქმით, დოკუმენტებს გრიფი ”ფრიად სასწრაფო” ედო.

"დოკუმენტები შეეხება ქართული და თურქული ძეგლების დაცვას ორი ქვეყნის ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად, საქართველოს მხარე თურქი ექსპერტების მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებაში განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს: მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაციას, ამავე საუკენეში მის მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე, 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას – გუმბათის ფერის შეცვლა და არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფრით ჩანაცვლება, ასევე პირვანდელი რკინის ცხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ადგილმონაცვლეობას ექვემდებარება", - განაცახადა მანანა მანგჯალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება რაბათის ციხის ”განადგურებას”, - პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწორედ ასე აფასებს დაგეგმილ სამუშაოებს.

"ჩვენს გაკვირავებას იწვევს, ერთი მხრივ, დრო, როცა მთავრობა ამგვარი ინიციატივით შემოდის, თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, ამასთან, პრეზიდენტის ვიზიტამდე ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პროცესის დაჩქარების აუცილებლობას. სამწუხაროა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება ხდება ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. ვფიქრობთ, ეს რეალურად წარმოადგენს რაბათის ციხის განადგურებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კულტურული და ტურისტული ძეგლია ამ ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს წყალში ჩაყრას იმ ათასობით სპეციალისტის შრომის, რომლებმაც წინა წლებში აღადგინეს და საქართველოს დაუბრუნეს ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი. არ მიგვაჩნია, რომ ეს არის თურქული მხარის მოთხოვნა ან განზრახვა, ლაპარაკია გაუგებრობაზე, რომელიც მოდის საქართველის მთავრობის მხრიდან, ქრისტიანული სიმბოლოების გატანა ტერიტორიიდან და გუმბათის განადგურება ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. ამასთან, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან კეთდება განცხადებები ძეგლისადმი მაღალი მინარეთების მიშენების თაობაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ძეგლი ამ სახით განადგურდება. ჩვენ ვიმეორებთ, რომ გვსურს კარგი ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკასთან, მაგრამ საქართველოს მთავრობის დღევანდელი შეთავაზება არის სულ სხვა რამ - ეს არის სახიფათო და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქათველოს მთავრობისგან აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო განმარტების გაკეთებას მოითხოვს.  

ამავე თემაზე:
ნახევარმთვარის მოტაცება
რაბათის ღმერთები

 

კომენტარები