კულტურული მემკვიდრეობა

მარინე მიზანდარი: ჩვენი მიზანი ხარვეზების გასწორებაა

საქართველოს კულტურის სამინისტრო რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილ სამუშაობთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპკერის, მანანა მანჯგალაძის ბრალდებას გამოეხმაურა. კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარინე მიზანდარმა ამ უკანასკნელს სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ ქართული მხარის მიზანი წინა ხელისუფლების დროს ციხის რესტავრაციისას დაშვებული ხარვეზების გასწორებაა.

მიზანდარის თქმით, განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რაბათი დაინგრევა, უსაფუძვლოა. "ჩვენ არათუ რაღაცას ვანგრევთ, არამედ იმ ხარვეზებს ვასწორებთ, რომელთა ასე დატოვება დაუშვებელი იქნება კულტურული დაცვის მეთოდოლოგიიის გათვალისწინებით, რადგან არსებობს ძეგლთა დაცვითი მეთოდოლოგია, რესტავრაციის ძალიან მკაცრი ნორმები და სტანდარტები, რომლებიც დაცული უნდა იყოს. სწორედ ეს ნორმები და მეთოდოლოგია იქნა დარღვეული, რადგან სამუშაოები ჩატარდა სწრაფად, დაუფიქრებლად, არათანმიმდევრულად. ამიტომ აჰმედიეს მეჩეთზე, ნაცვლად ტყვიისფერისა, რომელიც იყო პირვანდელი ფერი გუმბათისა, გაჩნდა ოქროსფერი, სრულიად მიუღებელი, ამიტომ თურქეთის მხარეს შენიშვნები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ნაწილი გავითვალისწინეთ და ჩავრთეთ ხელშეკრულების ტექსტში", - განაცხადა მარინე მიზანდარმა.

მიზანდარმა ჟურნალისტებს თურქეთთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითადი პირობებიც გააცნო. მინისტრის მოადგილის განცხადებით,  ამ შეთანხმების მიხედვით, მოიხსნება ნაცვალგების პრინციპი, რომელიც ოშკსა და იშხანში მიმდინარე სამუშაო პროცესებში ქართველი სპეციალისტების ჩართვის სანაცვლოდ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას ითვალისწინებდა. "ეს თანამშრომლობა გულისხმობს გადაუდებელ ნაბიჯებს, როგორიცაა იშხანსა და ოშკში მიმდინარე სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების დაუყოვნებლივ ჩართვა, ასევე იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც ჩვენი მხარის ყოფილი მენეჯმენტისა და იმ ადამიანების მიერ იქნა დაშვებული, რომლებმაც არაპროფესიულად გააკეთეს აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაცია. ეს გახლავთ ასევე უფრო გრძელვადიანი სახის თანამშრომლობა, როგორიცაა ჩვენი ძეგლების თაობაზე პასპორტიზაცია ერთობლივი ექსპედიციების მეშვეობით და მესამე მუხლად გავითვალისწინეთ სამომავლოდ იმ ძეგლთა ჯგუფის გამოკვეთა, როგორც ჩვენს, ისე თურქეთის ტერიტორიაზე, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას და ამ ძეგლების რესტავრაციისთვის ასევე ორმხრივი ექსპედიციების გათვალისწინებას", - აღნიშნა მიზანდარმა.

კომენტარები