არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობოები: პარლამენტმა არ უნდა დაუშვას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო,  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, არ უნდა მოხდეს სამეურვეო საბჭოს დათხოვნის პრეცედენტის დაშვება. 

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არასოდეს ყოფილა მოწოდების სიმაღლეზე, რაც მაუწყებლის მენეჯმენტის არაეფექტიანი მართვით და მუდმივი პოლიტიკური წნეხით იყო განპირობებული.  ცხადია, რომ სამეურვეო საბჭომ მაუწყებელზე ვერც ეფექტიანი ფინანსური ზედამხედველობის განხორციელება შეძლო და ვერც საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული გადაცემები შექმნა. სამწუხაროა, რომ საბჭომ ვერც გარე ზეგავლენისგან თანამშრომელთა დაცვა შეძლო.ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებული საბჭოს დაშლის სურვილი სრულებით გასაგებია. თუმცა, ჩვენი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული პრობლემების აღნიშვნისას, აუცილებელია მათ გამომწვევ მიზეზებზეც ვისაუბროთ. ვფიქრობთ, რომ ყველა ამ პრობლემის მიზეზი სამეურვეო საბჭოს გარკვეულ წევრებზე პოლიტიკური გავლენის არსებობა იყო. ამიტომაც, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებაზე უნდა იზრუნონ", - ნათქვამია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, არჩევნების შემდეგ სამეურვეო საბჭოს სრულად დათხოვნა შექმნის საშიშ პრეცედენტს, რაც საპარლამენტო უმრავლესობებს მომავალშიც მისცემს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სურვილისამებრ შეცვლის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის ყოველი ცვლილებისას სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგებიან.

"ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის განხილვისას უნდა გაითვალისწინოს გარდამავალ პერიოდში სამეურვეო საბჭოს ეტაპობრივად ჩანაცვლების შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში საბჭოში 6 ვაკანტური თანამდებობა იქნება, რომელთა შესავსებად უკვე დაკომპლექტების ახალი წესები შეიძლება იქნას გამოყენებული", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები