პარტიული სისტემის საკითხისათვის ანუ სერბული პარალელები

ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება, როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთმნიშვნელოვნად იქნა აღქმული, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთშიც. რუსეთში ზოგიერთს ინტერესიანი და ცალკეულთ სკეპტიკური ხედვები ჰქონდათ. საქართველოში სერიოზული საექსპერტო თვალთახედვებიდან შეფასებითი ერთი აღმოჩნდა და ის ბატონ გია ხუხაშვილს ეკუთვნის: „ხაბურძანიას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, არ ვიცნობ, მე მხოლოდ ვიცი, რომ ის ერთ დროს უშიშროების მინისტრი იყო. შესაბამისად, ვერც იმის პროგნოზს გავაკეთებ, რამდენად წარმატებული იქნება მისი პოლიტიკური კარიერა. თუმცა საუბრები პრო-ძალის ჩამოყალიბებაზე, ცოტა არ იყოს, ყურს მჭრის, რადგან საქართველოში მოქმედი ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივ ინტერესებს უნდა ატარებდეს და არ უნდა იყოს რომელიმე სახელმწიფოს პრო-ძალა. ასე რომ, მისი წინასწარი განცხადებები პოლიტიკური პარტიების ორიენტაციებთან დაკავშირებით მიუღებელია, სხვა მხრივ კი სრული უფლება აქვს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში იყოს“.

ამან და ჩემი განცხადებების ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა, გადამაწყვეტინა ამ წერილის დაწერა და მსურს სერიოზულ დისკუსიაში ჩაერთონ ექსპერტები, ვისაც ასეთად საზოგადოება თვლის ან მასმედია მიიჩნევს ან თუნდაც თვითშეფასებით ექსპერტია.

დასაწყისისთვის დამჭირდება აქსიომატური ცნებების წარმოდგენა;

პოლიტიკური სისტემა ფართო გაგებით გულისხმობს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუციების ერთობლიობას მათ მიერ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების პროცესში.

ვიწრო გაგებით პოლიტიკური სისტემა მოიცავს პარტიულ სისტემას და წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების და მოძრაობების ერთობლიობას, რომელთა მიზანია ხელისუფლების ლეგიტიმური მიღება და განხორციელება სახელმწიფოში არსებული ნორმატიული ბაზის საფუძველზე, ან ძალაუფლების ხელში აღება.

პარტიული სისტემა პოლიტიკური სისტემის არსებითი ნაწილია და მისი სწორი და რეალისტური ფორმირება განაპირობებს სახელმწიფოს სინქრონულ, პროგრესირებად ფუნქციონირებას.

რეტროსპექტულად გადავხედოთ საქართველოს პარტიული სისტემის ისტორიას:

1917-21 წწ. – დიდი იმპერიის ნამსხვრევებზე საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო ჭრელი პარტიული სისტემა და კლასიკური კლასიფიკაცია მემარცხენეობა (რადიკალიზმ-ზომიერებით), ცენტრისტობა და მემარჯვენეობა (ასევე რადიკალიზმ-ზომიერებით) თავისუფლად მიუდგებოდა ამ სისტემას, მაგრამ საკმარისი იყო მცირედი დროის გასვლა და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით ქვეყანაში სამწევროვანი სისტემა ყალიბდება არა ამ კლასიკური გაგებით, არამედ საგარეო ორიენტირისადმი დამოკიდებულებით. სოციალ-დემოკრატია იქცა უმთავრეს და წამყვან იდეოლოგიად უმცირეს-მენშევიკებისა და უმრავლეს-ბოლშევიკების სახით. გაანეკდოტებული ცნობილი გამოთქმის საფუძველზე, ამ ორ ძალას შორის განსხვავებას ურმის უბრალო ბორბალი ავლებს, სხვაგვარად ისინი, რბილად რომ ვთქვათ, ერთგვარნი არიან, არსებითი განსხვავება კი საგარეო კურსშია. სოცდეკებმა (მენშევიკები) დაკარგეს რა თანამოაზრე დასაყრდენი რუსეთში, დამოუკიდებლობის ხიბლით ტკბობა დაიწყეს და ევროპასთან შეთამაშება კინაღამ თურქულ-სომხურ ოკუპაციაში გადაიზარდა. სოციალ-დემოკრატიის მეორე ფრთამ (ბოლშევიკებმა) კი, დაიგულეს რა რუსეთში თანამოძმენი, მოახდინეს ინტერვენცია და გადატრიალება მსოფლიო რევოლუციის ლოზუნგით და კურსიც რუსეთზე ორიენტირებული აღმოჩნდა. მესამე წევრი, ნაციონალისტური, მეტადრე სუსტი იყო ინტერნაციონალის აყვავების ამ პერიოდში და რასაკვირველია პროცესებზე არსებით გავლენას ვერ ახდენდა.

1921 წლიდან 80-იან წლებამდე – პარტიულ სისტემაზე, კლასიკური გაგებით, საბჭოური დიქტატურის პერიოდში ლაპარაკი ზედმეტია, კომუნისტური დიქტატურა პოლიტიკური რეჟიმის სახეა და ორიენტაციაც იმთავითვე განსაზღვრულ-განპირობებული.

და 80-იანი წლების ბოლო და 90-იანის დასაწყისი; საგარეო პოლიტიკური ვექტორი შიგნითაა მიმართული. ეროვნული ძალები იძულებულნი არიან მკვეთრად გამოხატული კურსი არ იქონიონ. ის, რომ კურსი არც დასავლურია და არც რუსული, კურსს წარმოადგენს თავისთავად და ნაციონალურ ნაჭუჭში ჩატევის პოლიტიკას ქმნის. სხვაგვარ დახასიათებაზე ეროვნული მოძრაობისა ლაპარაკიც ზედმეტია, კლასიკური გაგებით მემარცხენეობა-ცენტრისტობა-მემარჯვენეობა არაა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ მახასიათებელი, ამ ძალას კლასიკური ნიშნებიდან მმართველი პარტიის სახელი უნდა მივანიჭოთ, ოპოზიციონერი კი კომუნისტური პარტიაა, კლასიკური ვითომდა მემარცხენე, მაგრამ არსებულ სპექტრში ეს არაა მთავარი, მთავარი აქაც და ამ დროშიც პოლიტიკური ორიენტაციის ვექტორია ჩრდილოეთზე მიმართული. ამ ვექტორმა ათქმევინა საბჭოთა კომუნიზმის და შემდგომი პერიოდის ლიდერ შევარდნაძეს თავის დროზე ცნობილი სახასიათო გამოთქმა : „ჩვენი მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“.

აქვე უნდა მივუბრუნდეთ ღრმა ისტორიას და აიეტისა და ფარტაძის ცნობილი დისკუსია გავიხსენოთ; ორი სახელისუფლებო პარტია, ანტიკური გაგებით, ერთმანეთს რიტორიკულად ეჭიდებიან და განსხვავება ისევ საგარეო კურსია, ბიზანტია თუ სპარსეთი და უკვე ეს დისკურსი გასდევს საქართველოს სახელისუფლებო ისტორიის მთავარ ნიშნულს, შემდგომში ბიზანტიის ოსმალეთით ჩანაცვლებით და შემდგომად რუსეთის დამატებით, იმ მცირე და ხანმოკლე გამონაკლისებით, როცა საქართველო თვითონ ხდებოდა ორიენტირი მეზობლებისათვის და სახელისუფლებო კურსის განმსაზღვრელი.

ქრონოლოგიური მომდევნო პერიოდი პარტიული სისტემის ორწევროვან დაყოფას იძლევა, არის სახელისუფლებო და ოპოზიციური ფრთები, სამწევროვანი ფლანგური (მემარცხენე-ცენტრი-მემარჯვენე) დაყოფა აქაც ნიველირებულია, სახელისუფლებო ფრთა არჩევნების წინ მემარცხენეა, არჩევის შემდგომ მემარჯვენეობს, შემდგომ ცენტრისტობს და არჩევნების წინარე ისევ მემარცხენეა.

პარტიები არ ატარებენ არავითარ იდეოლოგიურ დატვირთვას, ამიტომაც ხდება არა მათი არჩევნები, არამედ გადარჩევნები, ასე გადაირჩიეს მოქალაქეთა კავშირი, ასე გადაირჩიეს ნაციონალური მოძრაობა.

მარტივად რომ ვთქვათ, იდეოლოგიური სხვაობა ვერ ქმნის კონკურენციას, რაც არჩევნების საფუძველთა-საფუძველია, ამიტომ საჭიროა ლატენტურად არსებული პოლიტიკური ფრთების სრული ლეგალიზაცია და კონკურენტული-პროგრესირებადი სისტემის ჩამოყალიბება.

ამ დატვირთული შესავლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პარტიული სისტემის მოქმედი, ეფექტური მოდელის ანალიტიკური გამოწვლილვა, სამწევროვანი, საგარეო ორიენტაციას დაყრდნობილი, შესაბამისი ვექტორული დატვირთვის სისტემის ჩამოყალიბება, რომ არა ერთი დიდი და მძიმე მაგრამ; ერთ-ერთი, კერძოდ კი, ჩრდილოური ვექტორი, შებოჭილია მძიმე პატრიოტული თემით, რომლებსაც ბევრი ოკუპაციას, ჩვენ კი მხარდაჭერილ სეპარატიზმს ვეძახით, სწორედ ამ ფონზე გვჭირდება სერბული პარალელები და მოდი მივყვეთ მას.

საქართველოც და სერბეთიც მართმადიდებლური ქრისტიანული ქვეყნებია.

«Само слога Србина спасава» მხოლოდ ერთობა გადაარჩენს სერბებს, „ძალა ერთობაშია“ აწერია საქართველოს გერბს.

სერბეთი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელიც იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოიშვა. მის შემადგენლობაში იყო მხარეები ვოევოდინა და კოსოვო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მისი შემადგენლობიდან გამოდის საქართველოს რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკითა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქით.

1389 წელს კოსოვოს ველზე თურქ-ოსმალებთან დამარცხების შემდეგ, სერბეთმა დაკარგა დამოუკიდებლობა და ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღი სერბეთის ისტორიაში.

მე-15 საუკუნეში მეფე ალექსანდრე დიდი საქართველოს ყოფს სამ მცირე სამეფოდ (წარმოიშვება 4 სახელმწიფო) და იწყება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ხანგრძლივი და ტრაგიკული პროცესი.

ისტორიული პარალელები შემდგომშიც მოიპოვება, მაგრამ განხილვის თემის – პარტიული სისტემის ჩამოყალიბების საკითხისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ბოლო ათწლეულების პარალელებს, კერძოდ:

1991 წლის 5 დეკემბერს სტიპ მეშიჩი გადადგა პრეზიდენტობიდან და იუგოსლავია წყვეტს არსებობას.

1989 წლიდან იქმნება კონფლიქტური სიტუაცია კოსოვოსა და მეტოხიაში, კოსოვოს ავტონომიის გაუქმებით.

1991 წლის 30 დეკემბერს პოსტს ტოვებს მიხაილ გორბაჩოვი და სსრკ დაშლილად ცხადდება.

ამ პერიოდში მწვავდება კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ წარმონაქმნებში, ამ უკანასკნელის ავტონომიურობის ლიკვიდაციით.

1999 წლის 24 მარტს დაიწყო NATO-ს ომი იუგოსლავიის წინააღმდეგ, დაიბომბა არა მარტო სამხედრო ობიექტები, ბელგრადის საცხოვრებელი უბნებიც კი, ომი 11 კვირა გაგრძელდა და ერთდროულად კოსოვოს ძალებმა განდევნეს სერბეთის შეიარაღებული ძალები.

2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დასავლეთმა დაიწყო კოსოვოს აღიარების კამპანია, აშშ-მა და ევროპის ქვეყნების უმეტესობამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა.

დიდხანს გაიწელა კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის აგვისტოში პროვოკაციულ სამხედრო ოპერაციას ცხინვალზე მოჰყვა რუსეთის ჭარბი სამხედრო ძალების შეტევა საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, პარალელურად აფხაზეთში განხორციელდა შეტევა კოდორის ხეობაზე, რუსეთმა დაბომბა სამხედრო და სამეურნეო ობიექტები კონფლიქტის ზონის გარეთ და სეპარატული ძალებისადმი სრული მხარდაჭერა გადაიზარდა ამ რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაში.

პატრიოტიზმის ბრმა ემოცია დასკვნას აკეთებს სერბეთში – NATO მტერი, საქართველოში – რუსეთი მტერი. მაგრამ რას კარნახობს რაციონალიზმი სერბეთს, გავადევნოთ თვალი სერბეთის ბოლო პერიოდის პოლიტიკურ ისტორიას:

თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში და სახელმწიფოებში ზოგადად, ე.ი. სერბეთშიც პოლიტიკური ცხოვრება სხვადასხვაგვარად მიდის, მაგრამ აუცილებელი ატრიბუტია ადამიანთა გაერთიანება გარკვეულ ჯგუფებში ხელისუფლებაში მათი ინტერესების დაცვისა და წარმოდგენისათვის, კერძოდ კი, პოლიტიკური პარტიების სახით. პოლიტიკური პარტიების პროგრამები ასახავს ქვეყნის დიდი ნაწილის ინტერესებს, გავეცნობით და შევისწავლით რა მათ, შეიძლება დავადგინოთ, რით ცხოვრობს ხალხი, რითაა განპირობებული მათი პოლიტიკური ინტერესები.

სერბეთის ემოციო პოლიტიკას ერთს კარნახობს, მაგრამ რას აკეთებს რაციო? 2008 წლის არჩევნებში იმარჯვებს პოლიტიკური ბლოკი „ევროპული სერბიისათვის“ ბორის ტადიჩის ხელმძღვანელობით, მეორე პარტია ნაციონალური ტიპის სერბეთის რადიკალური პარტიაა. მიუხედავად ევროპის და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სეპარატიზმისა და აღიარების პოლიტიკისა, სერბეთი რაციონალური გათვლებით ცდილობს ევროსტრუქტურებში ჩართვას და ევროპული ვექტორი პოლიტიკური ბლოკის დასახელებაშიც კი პოულობს ასახვას.

მოკლედ რომ ვთქვათ, სერბეთი ფაქტიურ-ემოციურ მტერში ეძებს რეალურ-რაციონალურ მოკავშირეს და ამას მას მისი განლაგების გეოპოლიტიკა სთავაზობს, გეოპოლიტიკურად სერბეთი ევროპის ნაწილია და სრული ორიენტაცია სლავურ, მართლმადიდებლურ რუსეთზე მას კუბიზაციას უქადის.

პარალელები გათვალისწინებისათვის, არგუმენტირებისათვის და მივუბრუნდეთ თემას საქართველოს პარტიული სისტემისათვის:

სანამ საქართველო არ გადაწყვეტს ორიენტაციის საკითხს, შემდგომშიც, მეტ- ნაკლებად, პარტიული სისტემის ფორმირებას სამი ვექტორი განაპირობებს და ვერ ვისაუბრებთ ამ სისტემის ფლანგობრივ დაყოფაზე, ან თუ ასეთს ექნება ადგილი, იგი მეტადრე ხელოვნური იქნება. დღეს პარლამენტში ორი პარტიაა: სახელისუფლებო კოალიცია ქართული ოცნება და ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიებიდან მათი ლიდერების (და ეს პარტიები ე.წ. ფეისპარტიებია ანუ ერთ-ორ ლიდერზე აგებული და არა იდეოლოგიური) აქტივობის ხარჯზე ჯერ კიდევ პულსი ესინჯებათ ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას, თავისუფალ საქართველოს, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს, ახალ მემარჯვენეებს, ლეიბორისტებს. შევეცადოთ სახელისუფლებო კოალიცია, ოპოზიცია და არასაპარლამენტო პარტიები დავალაგოთ მემარჯვენე-მემარცხენეობა-ცენტრისტობის კრიტერიუმით – გაჭირდება. ახალი მემარჯვენეებიც კი, რომელთაც სახელში მემარჯვენეობა უწერიათ, ხშირად მემარცხენეობენ და ზოგჯერ უფრორე მემარცხენეები არიან, ვიდრე ლეიბორისტები. ერთადერთი მყარი მუდმივა, რაც ამ ჯგუფებს განასხვავებს, საგარეო ორიენტაციის ვექტორია.

მკვეთრად პროდასავლური ორიენტაცია აქვთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს, ქრისტიან დემოკრატებს, მემარჯვენეებს. ცენტრისტულ ნაციონალურ ვექტორს წარმოადგენენ ქართული ოცნება, ეროვნული ფორუმი, კონსერვატორები, ხალხის პარტია, კოალიციის სხვა წვრილმანი პარტიები. მკვეთრი მემარცხენეა ლეიბორისტული პარტია, მაგრამ ამ პარტიას არ „დასცალდა“ ხელისუფლებაში ყოფნა მისი ტრანსფორმაციის დასადგენად, რაც შეეხება საგარეო ორიენტირს რაღაც საშუალო ცენტრალურ ნაციონალურსა და ჩრდილოურ ვექტორს შორის. მეტად ჩრდილოურ ვექტორზე ზის პარტია თავისუფალი საქართველო, თუმცა პოლიტიკური მოდა აიძულებს ამაზე აქცენტი არ გააკეთოს და პროქართულობას იჩემებს. ყველა პარტია, რა თქმა უნდა, პროქართულია, უბრალოდ, საგარეო პოლიტიკურ ინტერესში გადახრის ხარისხით და ვექტორის მიმართულებით ჩვენ საქართველოს პარტიული სისტემისთვის ვქმნით დამატებით კლასიფიკაციას დასავლური, ნაციონალური და ჩრდილოური (პრორუსული) ორიენტაციის სახით.

რას იძლევა ამგვარი კლასიფიკაციის ფორმირება-აღიარება?

უმთავრესად კონკურენტულ სისტემას, რომელიც ამ შინაგანი კონკურენციის გამო უფრორე პროგრესის მატარებელია, ვიდრე რეგრესის. დღევანდელი ქართული საზოგადოების პოლიტიზებული ნაწილის უმრავლესობა თვლის, რომ დასავლეთის ვექტორს ალტერნატივა არა აქვს. იდეა და მიზანი კეთილშობილურია, მაგრამ რეალობის ნაკლებობას განიცდის, თავისთავად კეთილშობილური მიზანი ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისკენ სწრაფვის უალტერნატივობას, უფრო დიდი ქიმერა კომუნიზმის სახით, გამოვფხიზლდით და მივატოვეთ, ახლა კი წინა გვაქვს ქიმერა რეალური, მაგრამ ობიექტურად მიუწვდომელი და რატომ? რეალური იმდენად, რამდენადაც არსებობს, მიუწვდომელი შემდეგი ფაქტორების გამო: გეოპოლიტიკური – ფაქტობრივად არ გვაქვს საერთო საზღვარი, ფსიქოლოგიური – მენტალობა და კონკრეტულ-ეკონომიკური – ევროკავშირს გაუჩნდა ეკონომიკური პრობლემები, დიდი ბრიტანეთი გასვლით იმუქრება, საბერძნეთს გასვლით ემუქრებიან, განგრძობად კრიზისშია ესპანეთი და იტალია.

ქიმერა 2 – ჩრდილოატლანტიკური კავშირი. მივიღეთ მაპზე უკეთესი და დაპირება, რომ აუცილებლად გავხდებით NATO-ს წევრი. რომ არაფერი ვთქვათ ამ გაწევრიანების ნატოურ წინაღობებზე, რას ვუშვებით მთავარ პრობლემას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) სახით? თეორიულადაც, რომ დავუშვათ სეპარატული რეგიონების გარეშე NATO-ში მიღება, ეს ფაქტი საფუძველს დაუდებს არა მათ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, არამედ ჩვენს ნატოურ-სამეგობრო იძულებას ამ რეგიონების აღიარებისაკენ.

როგორც ვხედავთ, სირთულეები აქვს ორივე ფლანგურ-ორიენტაციულ მიმდინარეობას, მაგრამ მათ აქვთ არსებობის უფლება და არათუ უფლება, მათი კონკურენტული ჩამოყალიბება შექმნის სამწევროვან პროგრესის შემცველ კონკურენტულ სისტემას.

სერბული პარალელები ამტკიცებს, რომ ჩრდილოურ (პრორუსულ) ვექტორს, მიუხედავად 2008 წლის შედეგებისა, აქვს არსებობის უფლება. დასავლური იდეაც არსებობს, გარდაუვალია ეროვნული ცენტრის ჩამოყალიბებაც და ამ სამი ვექტორის კონკურენცია, თანხვედრა შექმნის პოლიტსისტემის პროგრესირებად ვექტორს. ასეთია ჩვენი შემოთავაზება და ვითხოვთ მასზე მსჯელობის დაწყებას, რადგან, მიუხედავად ჩვენი თეორიული წიაღსვლებისა, პრაქტიკა მაინც ამ შედეგამდე, რთულად და შესაძლოა შეცდომებით მიგვიყვანს.

 

კომენტარები