მართლმსაჯულება

რატომ არ გვჭირდება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის სპეციალური კომისია

მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ხელისუფლება სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისია, რომლის წევრებსა და თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, პარლამენტი დაამტკიცებს, უფლებამოსილი იქნება გადასინჯოს სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს აქვს, ისიც კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში.

სასამართლოს განხილული და გადაწყვეტილი საქმის რევიზია ნებისმიერი სხვა ორგანოს მიერ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მთელ რიგ ნორმებს. საქართველოში მართლმსაჯულებას მხოლოდ სასამართლო ახორციელებს.

ამ ინიციატივის ავტორები, როგორც ჩანს, თვლიან, რომ მართლმსაჯულების სისტემაში წლების მანძილზე ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ სპეციალურად ამისთვის შექმნილი კომისიის საშუალებით არის შესაძლებელი. ცივილიზებული სამყაროს სამართლებრივი სისტემები კი სასამართლოს გადაწყვეტილების არასასამართლო ორგანოს მიერ გადასინჯვის პრეცედენტებს არ იცნობს.

თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკაში ცნობილია ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის შემთხვევები. ამგვარ კომისიებს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ, თუმცა ჯგუფურად მათ სიმართლის დამდგენი კომისიები ეწოდებათ. სიმართლის დამდგენი კომისია საერთაშორისო პრაქტიკაში კარგად ცნობილი ინსტიტუტია, ის სპეციფიკურ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში იქმნება და საზოგადოების შერიგებასა და კონსოლიდაციას ისახავს მიზნად. მათი მუშაობის შედეგი ხშირად მართლმსაჯულების სფეროში ინსტიტუციური რეფორმების იდენტიფიცირებაა, მაგრამ სიმართლის დამდგენ არცერთ კომისიას არცერთ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ განუხორციელებია.

დღემდე სხვადასხვა სახელწოდებით, მაგრამ მეტ-ნაკლებად ერთნაირი მანდატით შეიქმნა და ფუნქციონირებდა 33 სიმართლის დამდგენი კომისია მსოფლიოს 28 ქვეყანაში (წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტი). ეს არც ისე ბევრია, რომ ამ სტატიის ფარგლებში მათ შესახებ ცოტა რამ ვერ ვთქვათ და არც ისე მცირე, რომ დასკვნების გაკეთება ვერ შევძლოთ. მით უმეტეს, რომ ამ თემაზე არაერთი კონფლიქტოლოგი თუ იურისტი წერდა სხვადასხვა დროს.

პირველად სიმართლის დამდგენი კომისია 1974 წელს უგანდაში შეიქმნა და მისი მიზანი იყო ქვეყანაში 1971 წელს დამყარებული სამხედრო დიქტატურის პირველ წლებში მომხდარი ადამიანთა მასობრივი გაუჩინარების ფაქტების გამოძიება. სამწუხაროდ, კომისიის საქმიანობა შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა და 1986 წელს მეორე კომისიის შექმნა გახდა საჭირო. კრიტიკას ვერც მეორედ შექმნილი კომისია უძლებდა და მას ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციის მცდელობაში სდებდნენ ბრალს. მიუხედავად უგანდის სიმართლის დამდგენი კომისიის წარუმატებლობისა, მისი მსგავსი კომისიები მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე შეიქმნა. გასაგები მიზეზების გამო, ლათინური ამერიკა პირველი იყო უგანდის შემდეგ, რომელმაც სიმართლის დამდგენი კომისიების მთელი ახალი თაობა შექმნა.

ლათინურ ამერიკაში სამხედრო ხუნტებისა და დიქტატურების შემდეგ მოსულ ხელისუფლებებს ქვეყნის განვითარებისა და მომავალზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებისთვის წარსულის შეფასება ესაჭიროებოდათ. ეს საზოგადოების კონსოლიდაციისა და შერიგებისათვის იყო აუცილებელი. სწორედ ამიტომ შეიქმნა სიმართლის დამდგენი კომისია ბოლივიაში (1982 წელს), არგენტინაში (1983 წელს), ჩილეში (1990 წელს), ელ-სალვადორში (1992 წელს), ჰაიტიში (1995 წელს), ეკვადორში (1996 წელს), გვატემალაში (1997 წელს), ურუგვაიში (2000 წელს), პანამაში (2001 წელს), პერუში (2001 წელს), პარაგვაიში (2004 წელს) და ჰონდურასში (2010 წელს).

აფრიკის კონტინენტზე, სამოქალაქო ომებისა და აპარტეიდის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დაიწყო სიმართლის დამდგენი კომისიების მეორე ტალღა: ჩადში (1990 წელს), სამხრეთ აფრიკაში (1995 წელს), რუანდაში (1999 წელს), ნიგერიაში (1999 წელს), სიერა ლეონეში (2002 წელს), განაში (2003 წელს), მაროკოში (2004 წელს), ლიბერიაში (2006 წელს), კენიასა (2009 წელს) და მავრიტანიაში (2012 წელს).

სიმართლის დამდგენი სამი კომისია ჩამოყალიბდა ევროპის კონტინენტზე. კერძოდ, ორი გერმანიაში 1992 და 1995 წლებში და ერთი – სერბეთსა და მონტენეგროში 2012 წელს.

სიმართლის დამდგენი კომისია ასევე შეიქმნა 2002 წელს ტიმორ ლესტეში, 2009 წელს სოლომონის კუნძულებზე და ორჯერ, 2000 და 2012 წლებში, სამხრეთ კორეაში.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სიმართლის დამდგენი ყველა კომისია შეიქმნა სამოქალაქო ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, სამხედრო ხუნტის ან დიქტატურის შემდეგ მოსული ხელისუფლებების მიერ. მანდატის თანახმად, სიმართლის დამდგენი კომისიები უფლებამოსილნი იყვნენ, მოეხდინათ ისეთი მძიმე დანაშაულების გამოკვლევა და დოკუმენტირება, როგორიც არის გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ომის დანაშაული, იძულებითი გაუჩინარება, ადამიანთა მასობრივი წამება, დახვრეტა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და ა.შ.

არცერთ ქვეყანაში სიმართლის დამდგენი კომისია არ ყოფილა უფლებამოსილი, გადაესინჯა სასამართლოს გადაწყვეტილება ან სხვაგვარად ჩარეულიყო მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. სიმართლის დამდგენი კომისიის მიზანი ისტორიული ფაქტების დადგენა, მსხვერპლთა საჭიროებებისა და ინსტიტუციური რეფორმების იდენტიფიცირებაა.

თავისი გამოკვეთილი სპეციფიკის, მათ შორის, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც სიმართლის დამდგენი კომისიები იქმნება და ფუნქციონირებს, საქართველოში ასეთი კომისია მართლმსაჯულების სისტემაში წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ ხარვეზებს, თუკი ასეთი არსებობს, ვერ აღმოფხვრის და, შესაბამისად, გაცხადებული მიზნის მისაღწევად ვერ გამოდგება. საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებობს მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოები, რომელთაც აქვთ საკმარისი რესურსი, რეაგირება მოახდინონ შესაძლო დარღვევასა თუ დანაშაულზე.

ამასთან, საგულისხმოა, რომ სიმართლის დამდგენი კომისიების დიდი უმრავლესობა უგანდის მსგავსად წარუმატებელი აღმოჩნდა. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როდესაც კომისიის მუშაობამ შედეგი მოიტანა. ამიტომ გაუმართლებელი ოპტიმიზმი იქნება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი კომისია უკეთ შეძლებს მართლმსაჯულების განხორციელებას, ვიდრე ამას სასამართლო ხელისუფლება გააკეთებდა.

როდესაც სიმართლის დამდგენი კომისიის საქმიანობის შეფასება ხდება, წარმატების ერთ-ერთი საზომია, თუ რამდენად გახდა მის მიერ დადგენილი ფაქტები და შეთავაზებული რეკომენდაციები ქვეყანაში სისტემური რეფორმების ლოკომოტივი. თავის მხრივ, ასეთი რეფორმები მომავალში დარღვევებისა და დანაშაულებების თავიდან აცილებისათვისაა მნიშვნელოვანი.

საქართველოში სისტემური რეფორმები, როგორც მართლმსაჯულების, ასევე სხვა სფეროებშიც, დაწყებულია და მათი უმეტესობა წარმატებით დასრულებულია კიდეც. ახლა ამ რეფორმების შედეგების შენარჩუნება და მათი მუდმივი განგრძობადობის უზრუნველყოფაა საჭირო.

მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა ეჭვგარეშეა. ასევე ეჭვგარეშეა, რომ არსებობს პროცედურული თუ სხვა სახის დარღვევებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები. ე.წ. სასამართლო შეცდომის ალბათობა ყველა სამართლებრივ სისტემაში არსებობს, თუმცა მისი მინიმიზაციის და გამოსწორების შესაძლებლობები კანონით არის განსაზღვრული და მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების შეცვლის ან კონკრეტული საქმის რევიზიის მიზნით რაიმე სპეციალური კომისიის შექმნა ხელოვნურია.

შეცდომის თავიდან აცილების და შემდგომ მისი გამოსწორების თვალსაზრისით, ქართული კანონმდებლობა არცთუ ისე მწირია. საქართველოში საქმეების განხილვის სამსაფეხურიანი სისტემა არსებობს: პირველი ინსტანცია, აპელაცია და კასაცია. კანონმდებლობით ასევე გათვალისწინებულია ახლადაღმოჩენილი და ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, ცალკეულ შემთხვევებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის და საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობასაც. ყველა ამ მექანიზმის განხორციელება მხოლოდ სასამართლო სისტემაშია დასაშვები.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონმდებლობა დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის არასათანადო გარანტიებს იძლევა, სიმართლის დამდგენი ან სხვა სპეციალური კომისია ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. სიმართლის დამდგენი კომისია ვერ ანაცვლებს მართლმსაჯულების სისტემას. მეტიც, დასახული მიზნის მისაღწევად მას ეფექტური და ფუნქციონირებადი მართლმსაჯულების სისტემა სჭირდება.

ასევე არასწორი იქნება, სპეციალური კომისია სასამართლოსადმი ხელისუფლების ან/და საზოგადოების უნდობლობის გამო შეიქმნას. ვერც სპეციალური კომისია და ვერც სხვა მსგავსი ხელოვნურად შექმნილი სტრუქტურა ვერ მოაგვარებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს. ის სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო შეამცირებს მაშინ, როდესაც საზოგადოების ნდობის ზრდა სასამართლო რეფორმის წარმატებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი, მოქმედი კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის განმახორციელებელი ინსტიტუტები იძლევა მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობას, დამატებითი ხელოვნური წარმონაქმნების გარეშე.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავხვეწოთ კანონმდებლობა, გავზარდოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა, გავაგრძელოთ სასამართლოს და, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და ამით შევამციროთ ხარვეზები.

 

კომენტარები