საზოგადოებრივი მაუწყებელი

ლაშა ტუღუში ჩიორა თაქთაქიშვილს: არ ვაპირებთ სამეურვეო საბჭოში კენჭისყრას

დღეს, 4 აპრილს, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები უმრავლესობის წევრებს და კანონპროექტის ავტორებს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების საკითხზე დაუპირისპირდნენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ  კანონპროექტის ავტორებს თავად სურთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობა. დეპუტატმა სერგო რატიანმა კი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, თამარ კორძაია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, რაც ეჭვის საფუძველს იძლევა. 
აღნიშნულ ბრალდებებს გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა უპასუხა. მან დეპუტატი თაქთაქიშვილი "ღირსების შელახვაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი 2010 წელს შემუშავდა.
"კანონპროექტის ავტორები არ ვაპირებთ სამეურვეო საბჭოში კენჭისყრას და ეს არის ჩვენი ღირსების შელახვა, როცა უმცირესობის წარმომადგენლები ამაზე საუბრობენ. ჩვენი ამოცანაა - შევცვალოთ მაუწყებელი. თუ დააკვირდებით, ჩვენი პრიორიტეტია  ფინანსური გამჭვირვალობა, სამეურვეო საბჭოს თემა ერთ-ერთია და არა - მთავარი ამ კანონპროექტში. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ბორდი უნდა შეიცვალოს, რადგან ის ეფექტურად არ მუშაობდა და არ არსებობდა მექანიზმი, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო", - განაცხადა ტუღუშმა.
მედიის ორგანიზაციების მიერ მომზადებული ცვლილებები საბჭოს შემადგენლობის 15-დან 9-მდე წევრამდე შემცირებას ითვალისწინებს. 9 წევრიდან სამ-სამს საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა ირჩევს, ორს - საქართველოს სახალხო დამცველი, ერთი კი აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელი იქნება. 
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით საყვარელიძემ საკომიტეტო განხილვაზე ალტერნატიული ვარიანტი წარმოადგინა. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი ბორდის წევრებს არ უნდა ირჩევდეს და, სანაცვლოდ, უმრავლესობას სთავაზობს, 3 წევრი თვითონ მაუწყებლის კოლექტივმა აირჩიოს.
სამეურვეო საბჭოს წევრების დათხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც არ ეთანხმება. 3 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციბმა ალტერნატიული მოდელი წარმოადგინეს, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი სამეურვეო საბჭოს სრულად დათხოვნა არ უნდა მოხდეს. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ შეთავაზებული მოდელის განხილვა დროის უქონლობის გამო გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომაზე ვერ მოხერხდა. თუმცა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპარლამენტო განხილვამდე კანონპროექტი გადამუშავდება.
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მომავალი კვირიდან დაჩქარებული წესით განიხილება.

კომენტარები