გიგი კალანდაძე

გიგი კალანდაძე ირაკლი ალასანიას ზეწოლაში ადანაშაულებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა. ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში განაცხადა.

კალანდაძის თქმით, იმ ოთახში შესვლამდე, სადაც დააკავეს, ის ალასანიას ესაუბრა, რომელმაც „გამოძიებასთან თანამშრომლობა“ შესთავაზა. კალანდაძე ამბობს, რომ „თანამშრომლობა“ მისთვის ბრალდებულის სტატუსის მოხსნას გულისხმობდა.

„სანამ შევიდოდი გვერდზე ოთახში, სადაც ამხელა სიურპრიზი დამახვედრეს, მან (ალასანიამ) პირადად მითხრა, რომ „მეთანამშრომლა“ გამოძიებასთან, რაზეც მე პირდაპირ ვუთხარი, რომ ვითანამშრომლებ და თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდათ, მე პასუხს გავცემდი. მან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მომთხოვა. თანამშრომლობა სწორედ ამას ნიშნავდა, რის შემდეგაც ბრალდებულის სტატუსი მომეხსნებოდა. მომთხოვა არა მარტო მე, არამედ პოლკოვნიკ კიკაბიძეს.“

„მისი ნათქვამი პირდაპირ გავიგე და ვერ წარმოვიდგინე, თუ რამეს მაკადრებდნენ. ეს იყო საუბარი ჩემსა და ირაკლი ალასანიას შორის, ვიდრე იმ ოთახში შევიდოდი, სადაც ქალბატონი წულუკიანი, კბილაშვილი, რამდენიმე გამომძიებელი და სამხედრო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები მელოდებოდნენ" - ამბობს კალანდაძე.

2 აპრილს გამართულს სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა კონკრეტული შეთავაზების სანაცვლოდ შესთავაზა. მაშინ თავდაცვის მინისტრმა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო.

 

კომენტარები