რაბათი

კულტურის სამინისტროში სააკაშვილს რაბათის თემის პოლიტიზებაში ადანაშაულებენ

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თურქეთის პრემიერ ერდოღანთან შეხვედრისას, რაბათის თემის პოლიტიზება მოახდინა.

კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარი აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები არ არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი და უცნაურია, რომ მას ეს საკითხი პოლიტიკურ სამსჯავროზე გამოაქვს.

„ეს არაა პრეზიდენტის გადასაწყვეტი. საერთოდ, ასეთი საკითხები დარგის სპეციალისტების გადასაწყვეტია - მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, შეიძლება თუ არა, რომ დარჩეს ეს გუმბათი, რომელიც ძეგლის ნამდვილობას ამცირებს და აკნინებს. იყო თურქი ექსპერტების მოთხოვნა, რომ ეს საკითხი ქართველ ექსპერტებთან შეთანხმებულიყო. ჩემთვის ძალიან უცნაურია, თუ რატომ იღებს იგი თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ სამომავლო ხელშეკრულების დეტალები პოლიტიკურ სამსჯავროზე გამოიტანოს“ - ამბობს მინისტრის მოადგილე.

რაბათის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ თურქეთში პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობისგან შემოვიდა წერილი გუმბათის რეკონსტრუქციისა და სხვა ცვლილებები შიგნით. ამას ხელი არ მოვაწერე და პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად მოვიქეცი. დეტალურად დავათვალიერებინე წიგნი, რომელშიც ნაჩვენებია ულამაზესი რაბათი. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თურქეთის მხრიდან არანაირი მსგავსი, მით უმეტეს, კატეგორიული მოთხოვნა თუქეთის მხრიდან არასდროს ყოფილა. პრემიერ-მინისტრი დამეთანხმა, რომ ეს გუმბათი უნდა დარჩეს ოქროსფერი.“ - განაცხადა სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

ქართულ და თურქულ მხარეებს შორის კლუტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება 2 აპრილს გააკეთეს.

 

 

 

კომენტარები