ტაო-კლარჯეთი

მეუფე თეოდორე: იშხანზე დაწყებული რესტავრაცია დროებით უნდა შეჩერდეს

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, თურქეთის მხარის მიერ იშხანზე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. მიტროპოლიტმა აღნიშნული პროტესტი წერილში გადმოსცა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ელევენთ მურათს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესა და კულტურის მინისტრს, გურამ ოდიშარიას გაეგზავნა.

მიტროპოლიტი თეოდორე წერს, რომ იგი 7-8 აპრილს დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართული ტაძრები და მონასტრები მოინახულა.

"სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა იშხნის მონასტერი, სადაც დაწყებულია ტაძრის გაწმენდითი სამუშაოები, გამოტანილია დიდი რაოდენობით მიწა და ქვები, რომლებიც გარეთ უწესრიგოდ არის მიმოფანტული. სამუშაოებს, სამწუხაროდ, არ ესწრებიან ქართველი არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები, რაც, ჩვენი სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია და ასევე გაუგებარი, რამ დააჩქარა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება საბოლოო შეთანხმების მიღებამდე", - აღნიშნულია მღვდელმთავრის მიმართვაში. 

მიტროპოლიტი თეოდორე იმედოვნებს, რომ სამუშაოები დროებით შეჩერდება და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნება.

 

კომენტარები