არქიტექტურა

განსხვავების შექმნა

შეხვედრა მიკელე დე ლუკისთან

სხვადასხვა აზრის მიუხედავად, მშვიდობის ხიდი ჩვენი ქალაქის ახალი სიმბოლოა, მისი ავტორი კი გახლავთ იტალიელი მიკელე დე ლუკი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით – პოლიტკრიტიკამ რატომღაც შთანთქა სურვილი გაგვეგო, თუ რას წარმოადგენს ხიდის ავტორი.

ქართულ მედიაში მწირი ინფორმაციაა ხიდის შემქმნელის შესახებ. მიკელე დე ლუკიმ ხიდის გარდა არაერთი შენობა აღმართა საქართველოში და ახალი ქართული ლანდშაფტის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. ის იტალიელ დიზაინერთა და არქიტექტორთა შორის პატივსაცემი ჰუმანისტია, რომელიც ძველ ტრადიციებს ახალ, თანამედროვე კონტექსტში შთამბეჭდავ ქმნილებებად წარმოადგენს.

მიკელე დე ლუკი 1951 წელს ფერარაში დაიბადა, ფლორენციაში მიიღო განათლება, იყო ავანგარდული მოძრაობის Memphis და Alchymia-ს წევრი. არტისტების (ხელოვანების) ამ ჯგუფს უკავშირდება გასული საუკუნის 70-იან წლებში რადიკალური ექსპერიმენტები დიზაინის სფეროში. მიკელე დე ლუკის ეკუთვნის იტალიის ნაციონალური ელექტროკავშირის კომპანიის ყველა დაწესებულების დიზაინი და ელექტროსადგურების არქიტექტურა. მან არაერთი ბანკისა და დიდი კომპანიის სახე შეცვალა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ცნობილია მისი სამუზეუმო ექსპოზიციების დიზაინი და ისტორიული შენობების რეკონსტრუქციები. ის არის ვენეციისა და მილანის დიზიანის სკოლების საპატიო პროფესორი, არაერთი ჯილდოს მფლობელი და თავისი 40-წლიანი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე სხვადასხვა დისციპლინებში თამამად გამოსცადა თავი.

დღეს მიკელე დე ლუკი ალბრეხტ დიურერის წმინდა იერონიმეს ჰგავს, დიდი არქაული წვერებით და ბრძენი მეცნიერის გამომეტყველებით. მიკელეს მის სახელოსნოში შევხვდით, ელეგანტურ ნეოკლასიკურ შენობაში მოხვედრისას უმალ გაგახსენდებათ რენესანსული სტუდიოლოები, იდუმალი სივრცეებით, სადაც ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი მკვლევარი ბერები ეგზოტიკურ ნივთებს საგულდაგულოდ ინახავდნენ სპეციალურ კარადებში. მიკელეს შემთხვევაში მისი სამყარო ყველაფერშია არეკლილი – გაულესავი კედლები, ვიწრო კიბეები და ნედლი ხის სუნი, მყუდრო ოთახები სავსეა ცოდნით, ქვედა სართულზე ჩარხები დგას, ყველგან შემოქმედებითი, მუშა ატმოსფეროა – ცოცხალი, მაგრამ დროის მიღმა მდგომი.

აქ ვერ ნახავთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს, მინიმალისტურ ინტერიერებს, თვალში მოგხვდებათ ხისგან დამზადებული არქიტექტურული მაკეტები – პატარა და დიდი სახლები, ავეჯი, კაპიტელების, კოლონების, კიბეების პატარა მოდელები. მიკელე დე ლუკის ბოლოდროინდელი გატაცებაა ხის პატარა სახლების ელექტროხერხით „გამოძერწვა” და როდესაც სამსახურში ახალი თანამშრომელი აჰყავს, თურმე ეკითხება: შეგიძლიათ ელექტროხერხის ხმარება?

საუბარს მიკელე თავისი გარეგნობის შესახებ იწყებს და უცნაურად უკავშირებს დიზაინს: „არქიტექტურა და დიზიანი განსხვავების შექმნაა. იცით, რატომ ვარ კაცი გრძელი წვერებით? მე ტყუპი ძმა მყავს და ადრეული ასაკიდან, ერთმანეთისგან განსხვავების საჭიროებას ვგრძნობდით. არქიტექტურა და დიზაინიც ხომ განსხვავების შექმნაა, აუცილებელია მომენტს გრძნობდე, შენი დროის თანამდევი იყო. რამდენი რამე მინდა გითხრათ. მინდა გითხრათ, რომ შენობაში შესასვლელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენობა, მინდა გითხრათ, რომ ის, თუ როგორ მივდივართ სამსახურში, ხშირად სამსახურზე უფრო მნიშვნელოვანია. კიბეები და ის ადგილები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ, იქაა შენობის სული”...

მიკელე დე ლუკი თავისი ამჟამინდელი საქმიანობის სისტემის შესახებ გვიხსნის, თუ როგორ აქვს აწყობილი სახელოსნო და კომპანიები – „მე ოცდაათი თანამშრომელი მყავს. აქ მათთან ერთად ვმუშაობ, მაგრამ განმარტოებითაც კომერციული ვალდებულებების გარეშე მჭირდება მუშაობა, ამისთვის სოფელში, კიოზოში მაქვს სახელოსნო, იქ ვხატავ, პატარა ხის სახლებს ვაკეთებ ელექტროხერხით, ვიღებ ფოტოებს. თანამედროვეობა ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ასევეა დიზაინი ისტორიული მომენტის გარეშე – დრო ყველაზე დიდი შემოქმედია.

ამ აზრმა მიბიძგა დამეარსებინა კომპანია Produzione Privata. ეს პატარა არტიზანული კომპანიაა, რომელიც მცირე ტირაჟით ქმნის ყველაფერს, რასაც დიდი კომპანიები აკეთებენ. Produzione Privata შვიდი ლაბორატორიისაგან შედგება, კერამიკა და ფაიფური, მეტალი, ხე, მარმარილო, მინა, მცირე ზომის მექანიზმები და Readymade – ჩვენ ექსპერიმენტულ ნივთებს ვამზადებთ და ყველაფერი ხელით კეთდება. მცირე ზომის წარმოება დიდ ინდუსტრიას ეხმარება. როდესაც ხელით მუშაობ, ყოველი შეცდომა შენს შესაძლებლობებს ამდიდრებს, გასწავლის, ინდუსტრიულ დონეზე კი შეცდომის დაშვება ძალიან სახიფათოა, ყველაფერი გადაჯაჭვულია – ხელობა, დიზაინი, ინდუსტრია. მით უმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში. ხელობაში მე ახალი გატაცება ვიპოვე – ექსპერიმენტი – ეს არის უფლება, დაუშვა შეცდომები და იპოვო მიზეზი, რათა აღარ შეცდე”.

1986 წელს კომპანია Artemide-სთვის მიკელე დე ლუკიმ მაგიდის ნათურა Tolomeo შექმნა. მობილური მეტალის მაგიდის ნათურა საკულტო ნივთად იქცა, ის დღესაც გაყიდვების ლიდერია და სხვადასხვა ვარიაციებით იყიდება: „განათების შექმნისას, აუცილებელია განაცალკევო პროექტი საბოლოო პროდუქტისაგან. კარგი პროექტი ყოველთვის კარგ პროდუქტს არ ნიშნავს. იშვიათად ხდება, როდესაც რაღაც კარგს დახატავ და ის, ამავე დროს, კარგი ნივთი გახდება. ამ დროს მთავარი არბიტრი ბაზარია.

მაინც ვერ ვხვდები რატომ არის ტოლომეო ასეთი პოპულარული”, – ამბობს მიკელე.

ამჟამად სახელოსნოში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ. ყველა იდეას რაღაც ხიბლი დასაწყისშივე აქვს – ტკბილეულის ფაბრიკა იაპონიაში, რომელიც ბორცვზე უნდა აშენდეს, შენობის ირგვლივ კი მარწყვის მდელოები იქნება, რომლისგანაც ტკბილეულს დაამზადებენ. ან ომანის მუზეუმი უდაბნოში – ოქროს ქვიშაში დახატული ნახევრად გამჭვირვალე მირაჟი.

არქიტექტორთან სახელოსნოში 40-მდე სტუმარი ვიყავით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ძირითადად, არქიტექტურისა და დიზაინის კრიტიკოსები, ჟურნალისტები სხვადასხვა პროფესიული გამოცემებიდან. მიკელე დე ლუკიმ პატარა ფილმი გვაჩვენა – მისი ავტობიოგრაფია. ფილმი მშვიდობის ხიდის პროექტის პრეზენტაცით მთავრდება, რომელიც მის სახელოსნოსში რამდენიმე წლის წინ გაიმართა და პერფორმანსის სახე ჰქონდა – ლაზური სიმღერის ფონზე, ერთი სანთლით განათებულ მიტკალზე მიკელემ ხიდი დახატა, ქსოვილის უკან კი ჯერ ხიდის ჩრდილი, შემდეგ კი თავად ხიდი ნელ-ნელა აღმოცენდა. ამ შთაბეჭდავმა სანახაობამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ყველანი მეორე სართულზე გავემართეთ, სადაც ავლაბრის მაკეტი დგას პრეზიდენტის სასახლით, ელიას მთით და მშვიდობის ხიდით. ირგვლივ, კედლებზე კი თბილისის და ხიდის ფოტოებია.

დამსწრე საზოგადოებისთვის მშვიდობის ხიდი ახალი დიზაინის, სილამაზის და მახვილგონიერი არქიტექტურული გადაწყვეტის საუკეთესო მაგალითი აღმოჩნდა, ყველას მოუნდა საქართველოში ჩამოსვლა მის სანახავად. მართალი გითხრათ, ასეთი დიდი ინტერესი მოულოდნელი იყო. თავად მიკელე კი საქართველოზე დიდი სიყვარულით საუბრობს: „ამ პატარა კავკასიურ ქვეყანაში მე მივხვდი, რომ არა სასტუმროებს და შენობებს ვაგებ, არამედ რაღაც ისეთს, რითაც ქართველებმა შესაძლოა იამაყონ, ისეთს, რასაც მივყავართ მომავლისკენ და გვაშორებს უფერულ საბჭოთა წარსულს. სწორედ იქ მივხვდი, რომ საზოგადოების მოლოდინებთან ჰარმონიულად უნდა იმუშაო. მე მიყვარს საქართველო”.

უცნაურია იმ სისავსის განცდა, რომელიც სამშობლოდან შორს ყოფნისას გეუფლება, როდესაც შენი ქალაქის ნაწილს ხედავ და ხვდები ადამიანს, რომელმაც გაგამდიდრა შენ და შენი სამშობლო…

 

კომენტარები