მუსიკა

ალბომები

0 კომენტარი

David Bowie – The Next Day

2010 წლის მიწურულს ტონი ვისკონტიმ მეილი მიიღო ძველი მეგობრისგან, რომლისგანაც კარგა ხანია არაფერი სმენოდა: „ერთი-ორი დემოს ჩაწერაზე რას იტყვი?”. 2012 წლის დასასრულს კი ხმები დაიძრა, რომ 10-წლიანი დუმილის შემდეგ, დევიდ ბოუი ახალ ალბომს უშვებდა. პირველი „წინასწარმეტყველება”, გაცილებით ადრე, არც მეტი, არც ნაკლები – რობერტ ფრიპს დასცდენია საკუთარ ბლოგზე, როგორც შემდეგ თავად განმარტა, ბლოგის ეს ჩანაწერი მხოლოდ და მხოლოდ წინა ღამის სიზმარს ასახავდა, თითქოს შემოქმედებითი იდეებით შემართული დევიდ ბოუი ახალ ალბომზე სამუშაოდ ბრაიან ინოუს უხმობდა. ფრიპის ეს სიზმარი რომ უბრალო სიზმარი არ ყოფილა და „ერთი-ორი დემო”-ც რომ სრულფასოვან ალბომში გადაიზარდა, ბოუიმ საკუთარ დაბადების დღეზე, 8 იანვარს ოფიციალურად დაადასტურა; თუმცა ინოუს ნაცვლად, ამჯერად ფრიპის სხვა მეგობარი, ტონი ლევინი (ბასზე) დაიხმარა The Next Day-ზე სამუშაოდ.

ბოუის ყოველი ახალი ალბომი გარკვეულ მოლოდინებს უჩენს მსმენელს. მისი სახელწერო მელოდიური როკბალადების გარდა, ყველაზე დიდი ინტრიგა ალბათ იმაშია, ბერლინის დროინდელი Yassassin-ის ან Neukoln-ის მსგავსი, თავაშვებული ექსპერიმენტების რესურსი ისევ თუ შემორჩა 66 წლის მუსიკოსს. ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, მაგრამ „ფლეშბეკები” ან მისი მცდელობები ბერლინის ტრიოლოგიის შემდგომ ალბომებშიც შეინიშნებოდა, The Next Day-ში კი ასეთი მომენტები სულ სხვა განზომილებაშია აყვანილი; ტონი ვისკონტი ალბომის 1973 წლის The Lodger-ის ესთეტიკასთან შედარებებში დიდად არ შემცდარა, If You Can See Me-ის მძიმე ბასი და არასტანდარტული გადაწყვეტა, მართლაც ეხმიანება ბოუის ბერლინის დროინდელ ჟღერადობას; უფრო მისტიკური Heat კი სკოტ უოკერისადმი მიძღვნილ სერენადას წააგავს, ვისი მუსიკით აღფრთოვანებაც ბოუის არასდროს დაუმალავს. მუსიკალური გავლენების თემას არც (You Will) Set the World on Fire არის მოკლებული, ბოუი აქ თავის საყვარელ ფოლკშემსრულებლებს, ბობ დილანს, დეივ ვან რონკს და ფილ ოუქსაც იხსენებს.

სიახლე, ხვალინდელი დღე და ოპტიმიზმი ლეიტმოტივად გასდევს ალბომს, თუმცა ძველის დავიწყებაც რომ ძნელია, ნოსტალგიური სინგლიდან, Where Are We Now, (სადაც ის ბერლინში გატარებულ წლებს იხსენებს) და ალბომის ყდიდანაც კარგად ჩანს – 1979 წლის Heroes ყდის გადაკეთებული ვარიანტი, დიზაინერმა ჯონათან ბანბრუკმა წარსულის უარყოფით და ალბომის სახელწოდებიდან გამომდინარე, ხვალინდელისკენ სწრაფვით ახსნა. საერთო ჯამში, The Next Day მართლაც არ ღალატობს სახელწოდებას; ოპტიმისტური, ინტროსპექტული და, რაც მთავარია, უბრალოდ კარგი სიმღერებით სავსე ალბომია.

Dadub – You Are Eternity

დანიელ ანტეზა და ჯოვანი კონტი Stroboscopic Artefact-ზე უკვე წლებია ლეიბლის რელიზების აუდიო მასტერინგს უზრუნველყოფენ. Dadub-ის სახელით ამავე ლეიბლზე გამოშვებული რამდენიმე EP-ის მერე, თებერვალში პროექტის პირველი ალბომი გამოვიდა. ექსპერიმენტების მოყვარულმა იტალიელებმა You Are Eternity-ში ყველაზე მკაფიოდ შეძლეს წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების დემონსტრირება და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ წარმატებული ტექნო ალბომის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი – ჟღერადობის სიწმინდე და მათემატიკური სიზუსტით გათვლილი არანჟირებაა.

You Are Eternity ინტენსიური ტექნოს და ატმოსფერული ამბიენტის დოზირებული და კარგად გათვლილი ნაზავია; ეთნიკური სემპლები კი, რაც მუსიკოსებმა უძველესი პერიოდის იტალიელი შამანების პრაქტიკის მუსიკაში გადმოტანის სურვილით ახსნეს, კიდევ უფრო ამძაფრებს იმ მისტიკურობის განცდას, რაც Dadub-ის მუსიკას ისედაც არ აკლდა. საგულისხმოა ასევე ალბომის სტრუქტურაც, ეთნიკურ ელემენტებში შეზავებული დაბით გახსნილი ალბომი, ნელ-ნელა ძალას იკრებს და ინტენსიურ, ბასით დამძიმებულ ტექნოში გადადის, ბოლო აკორდებს კი ალბომს მშვიდი, ატმოსფერულ-მისტიკური ამბიენტი უსვამს. ასეთი სტრუქტურის წყალობით, რომელსაც თავად მუსიკოსები ლიტერატურული ნაწარმოების წყობასაც ადარებენ (შესავალი-შინაარსი-დასასრული),You Are Eternity ერთი მთლიანი, შეკრული და თვითმყოფადი ალბომია, რომლის ხიბლიც და ატმოსფეროც, უპირველეს ყოვლისა, ერთიანობაში აღიქმება და არა ცალკეულ ტრეკებში.

 

Atoms For Peace – AMOK

ჯერ კიდევ 2009 წელს, Radiohead-ის ვოკალისტმა ტომ იორკმა მისი პირველი სოლო ალბომის (Eraser, 2006) დასაკრავად ერთგვარი სუპერბენდი ჩამოაყალიბა (ფლეა, რეფოსკო, გოდრიჩი, ვარონკერი). ელექტრონული ალბომის ცოცხლად დაკვრის ექსპერიმენტმა გაამართლა, მაგრამ ჯგუფის ამბიცია თითქოსდა ამის იქით არ წასულა. 2013 წლის 28 თებერვალს კი Atoms For Peace-ის სახელით, ბენდის პირველი ალბომი, AMOK გამოვიდა. ელექტრონული მუსიკით იორკის გატაცება არახალია, თუმცა ყველა შემთხვევაში (Burial-თან, Modeselektor-თან, Flying Lotus-თან, Four Tet-თან) ის ძირითადად მაინც უბრალო ვოკალისტად რჩებოდა. AMOK-იც, მიუხედავად მისი ელექტრონული ხასიათისა, უპირველეს ყოვლისა, სიმღერების კრებული გახლავთ, განსხვავებით Kid A-სა და Amnesiac-ისგან, აქ იორკი ვოკალს „დამატებით ინსტრუმენტად” არ იყენებს.

მიმართულება, რომელიც იორკმა და გოდრიჩმა აიღეს, შეიძლება შევადაროთ Lotus Flower-ს (The King of Limbs-დან), ტრეკს, რომელსაც Radiohead-ის მთელ შემოქმედებაში ალბათ ყველაზე „პოპჟღერადობა” აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იორკი მუსიკალურ სამყაროში პერფექციონისტად ითვლება (ამით ხსნიან Radiohead-ის ალბომების გამოსვლის ნელ ტემპებს), აქაც, ისევე როგორც The King of Limbs-ის შემთხვევაში, მუსიკოსი უარს ამბობს მისთვის იარლიყად მიწებებულ ამბიციურობაზე და უბრალოდ „უკრავს და წერს იმას, რაც ამ მომენტში, აქ და ახლა სიამოვნებს”. AMOK-ის აშკარად გამოხატული პოპჟღერადობა, რომელიც არც იორკის ექსპერიმენტულ ინოვაციებსაა მოკლებული, მუსიკოსის სოლო შემოქმედების კიდევ ერთ, საკმაოდ წარმატებულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები