ბლოგი

კენგურუდან პინგვინამდე - ზაზა ბიბილაშვილი

ბნელი და ცივი 90-იანების დასაწყისში, ჩემი თაობის ბიჭებში, ყოველ შემთხვევაში მათ შორის, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა სოფლის ბირჟაზე, ჭორი დაირხა – ამბობდნენ, ავსტრალიაში დიდი მოთხოვნაა კენგურუს მწყემსებზე, განათლება და ენის ცოდნა საჭირო არაა, უბრალოდ, უნდა ჩახვიდე, ადგილზე ჯიპს და იარაღს გახვედრებენ და კენგურუების მაყურებლად გამწესებენ, ხელფასად კი თვეში 7000 დოლარს გინიშნავენო.

ამ ამბავს სკეპტიკურად მარტო კოლა ძია უყურებდა. კოლა ძია ჩვენი სოფლის ერთადერთი მშრომელი მცხოვრები იყო. სულ გარჯაში მყოფი, მთელ სოფელს ეზიზღებოდა, საკუთარი შვილების ჩათვლით. იდგნენ ხოლმე ჯიხურიდან ნისიად გამოტანილი არყით შებიჟვინებული ბიჭები ბირჟაზე და აგრესიული მზერით აცილებდნენ ამ პრანჭია კაცს.

ჩემი თანასოფლელებიდან ავსტრალიის ვიზა და ბილეთის ფული ვერავინ იშოვა, რომ ჭორის სინამდვილე გადაემოწმებინა. არც არავის უცდია. ამიტომ, გადახდილ ჯიპზე შემომჯდარი, თავზე ბენდენაწაკრული და ხელში აბრეზმომარჯვებული ქართველი მწყემსი-მებრძოლიც აუსრულებელ ოცნებად დარჩა ჩვენს წარმოსახვაში.

გამოხდა ხანი. მრავალი იმედგაცრუების შემდეგ, ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელმაც დაგვავიწყა სიცივე და სიბნელე, მაგრამ ვერ შეიგნო, რომ 21-ე საუკუნეში ეს ჩვენთვის აღარ უნდა დაემადლებინა, დაგვიგო ასფალტი, რომელიც არ იჭმეოდა, გაგვიუქმა სურსათის უვნებლობაზე ზედამხედველობის სააგენტო და ანტიმონოპოლიური სამსახური, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იცავდა ერს უხარისხო საჭმლისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან, ღირსება აყარა ადამიანებს, ვიზეც უღირსნი ამბობდნენ, ღირსება არასდროს ჰქონიათო, დამოუკიდებლობა წაართვა მანამდე თვითდაფინანსებაზე მყოფ სასამართლოს, რომლის ოთახებშიც, ორპირი ქარის მიუხედავად, სამშობლოს სუნი იდგა, შეავიწროვა ადვოკატები, რომელთა როლიც განუზომლად დიდი იყო, ვიდრე შუამავლობა ქრთამის მიმცემსა და ამღებს შორის, სამსახურიდან დაითხოვა და უწვერულვაშო კადრებით ჩაანაცვლა ათწლეულობით გამობრძმედილი პროფესიონალები, თავისუფლება შეუზღუდა ჟურნალისტებს, რომლებიც იმხანად ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლებას ეუფლებოდნენ და უკვე გამრავლება-გაყოფას უსაფრდებოდნენ, კერძო საკუთრების საკრალური უფლება შეულახა ქვეყანას, რომლის კანონმდებლობაც, ამ სფეროში, ხუთ(!) წელიწადზე მეტს ითვლიდა და სადაც დოვლათი, სრულიად სამართლიანად, ღირსეული და დამსახურებული ადამიანების ხელში თავმოყრილიყო.

რა გასაკვირია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ძალამ არჩევნები წააგო. რატომ? ყველაზე პოპულარული ძალაუფლებით თრობის ვერსიაა. „თავში აუვარდათ”, ამბობდნენ ამაყი ქართველები და ბრაზობდნენ რუსული სატელევიზიო არხების გარეშე დარჩენას. იყო სხვა ვერსიებიც: შეცდომები რიტორიკასა და საკადრო პოლიტიკაში, „ნულოვანი ტოლერანტობა” კრიმინალთან დამოკიდებულებაში, „ძირძველებისთვის” გაუსაძლისი გოიმურობა ფერებისა თუ განათების შერჩევაში, ნაფტალინიდან ამოღებული არტისტების ჩამოყვანა (ეს უკვე მეტისმეტი იყო!) და, რაც მთავარია, პატრიარქისა და ეკლესიის არსიყვარული, რაც განსაკუთრებით გამაღიზიანებლად მოქმედებდა ზანგების, ჩინელების, იეღოველებისა და სხვა გადამთიელების წახალისების ფონზე... არსებობს საკმაოდ ცინიკური ალტერნატიული ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, იმ ძალას შეცდომები საერთოდ რომ არ დაეშვა, მაინც წააგებდა არჩევნებს (აკი აღმოსავლეთ ევროპაში რეფორმატორ მთავრობებს მესამე კი არა, მეორე ვადითაც არ ირჩევენ).

ყველა ეს ვერსია, რა თქმა უნდა, სწორია, თუმცა ზებრის თავი მაინც სხვაგანაა დამარხული. სინამდვილეში, წინა მთავრობა დამარცხდა, რადგან ორგანულად უცხო იყო ამ ქვეყნისათვის. ის ჩვენს მეობასა და ქართველობას შეეხო. სწორედ ამიტომ შევიძულეთ წარმართი ვნებით. განგებამ ბრძენი ერი განსაცდელში არ მიატოვა და მოგვივლინა მხსნელი, რომელიც მყისიერად ვიცანით და შევიყვარეთ, როგორც მამა-პაპისეული ოცნებების ამქვეყნიური განსხეულება. ის ჩვენ ვიყავით, რომელიც მესია გამხდარიყო.

ის მოვიდა, როგორც ლოენგრინი: ენიგმატური რაინდი, რომლის ნავს წინ თეთრი პინგვინი მოუძღოდა, რომელიც ხსნის პირობად კითხვების არდასმას (ან, თუ მაინცდამაინც, სწორი კითხვების დასმას) გვიყენებდა, რომელიც ჩვენნაირად მეტყველებდა, ჩვენსავით ზერელედ აზროვნებდა, რომელმაც ჩვენსავით არ იცოდა არცერთი ენა, მშობლიურის ჩათვლით, რომელსაც ჩვენსავით არ ჰქონდა კონტექსტის აღქმისა თუ კეთილ-ბოროტის გარჩევის უნარი – და რომელსაც მაინც ამდენი ფული ჰქონდა!

...ნაახალწლევს სოფელში დავბრუნდი, სადაც რამდენიმე დღით ადრე კოლა ძია გარდაცვლილიყო. ქელეხში მხიარული განწყობა სუფევდა. ყველაფერს ეტყობოდა, რომ სოფელში „უცხო” აღარ იყო. სოფელმა ღირსება დაიბრუნა. სევდა მომეძალა და ზემოთ ავხედე „იმას”. მთებს შორის ნისლი ჩამოწოლილიყო. ვიწრო ხეობაში, მიწასთან ძალიან ახლოს, პინგვინები მიფრინავდნენ. ალბათ, ავსტრალიისკენ.

 

კომენტარები