საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ გონივრული ეჭვის შესახებ ნორმები ძალაში დატოვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 11 აპრილის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა ნორმები, რომელიც პოლიციელს აძლევს უფლებამოსილებას, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გააჩეროს პირი და მისი ზედაპირული შემოწმება განახორციელოს.

საქმე „საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შეეხებოდა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის იმ ნორმებს, რომელიც პოლიციელს უფლებას აძლევს, დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის შემთხვევაში, ამ ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის აუცილებელი გონივრული ვადით შეაჩეროს პირი. ამასთან, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, შეჩერებულ პირს ტანსაცმელი ზედაპირულად შეამოწმოს.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ეს ნორმები შესაძლებელს ხდის ადამიანის თავისუფლების ისეთი ფორმით შეზღუდვას, რომელიც ფაქტობრივად დაკავებად ითვლება, შეჩერებული ადამიანი კი კონსტიტუციით გარანტირებული საპროცესო უფლებებით ვერ სარგებლობს. ამასთან, მათი თვალსაზრისით, შეჩერების პერიოდი შეიძლება იმდენად ხანგრძლივი იყოს, რომ თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადები დაარღვიოს.

ამასთან, მოსარჩელეების აზრით, ტასაცმელზე ზედაპირული შემოწმება ფაქტობრივად ჩხრეკას წარმოადგენს და პირადი ცხოვრების უფლებას არღვევს.

სასამართლომ მიუთითა, რომ პირის შეჩერების საფუძველი დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვია, ხოლო მიზანი - ამ ეჭვის დადასტურება ან გაქარწყლება. ხოლო ის, რომ კანონმდებლობით გონივრული ეჭვის წარმოქმნის ყველა შესაძლო შემთხვევა ზუსტად გაიწეროს, შეუძლებელია. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, გონივრული ეჭვის ცნება აუცილებელია ბალანსისთვის ერთი მხრივ, საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და მეორე მხრივ, სამართლადამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან ადამიანის თავისუფლების დაცვას შორის.

სასამართლო მიუთითებს იმასაც, რომ შეჩერების პერიოდი მკაცრად შემოიფარგლება იმ დროით, რაც აბსოლუტურად აუცილებელია გონივრული ეჭვის შესამოწმებლად. შეჩერება დაკავებად კვალიფიცირდება იმ შემთხვევაში, თუ გონივრული ეჭვის შემოწმებისთვის განკუთვნილი დრო მკვეთრად მეტია დროზე, რაც პოლიციელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას რუტინული შემოწმებისთვის აქვს.

რაც შეეხება სხვა სადავო ნორმებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ტიპის შეჩერება არ უკავშირდება სისხლის სამართლებრივი დევნის ეტაპს, თავისი არსით მიზნად არ ისახავს პირის დაკავებასა და სისხლის სამართლის ბრალდების წაყენებას, შესაბამისად, არ არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებსა და ვადებს. მასზე არ ვრცელდება არც კონსტიტუციით დადგენილი დაცვის უფლების გარანტიები, რადგან შეჩერება ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებაში ნაკლებად ინტენსიური ჩარევაა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. სადავო ნორმის შემთხვევაში კი, პოლიციელის მიერ ტანსაცმელზე ზედაპირული შემოწმების მიზანი პოლიციელი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით და ლეგიტიმურ ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან.

 

 

კომენტარები