შინ

ჯგუფის ”შინ” და ”ბრავო რექორდსის” ერთობლივი პროექტი - ”არაჩვეულებრივი გამოფენა”

ჯგუფი "შინ" გერმანიაში 14-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ უბრუნდება სამშობლოს, სადაც სხვადასხვა სამომავლო გეგმებთან ერთად, ქართველ მსმენელს სთავაზობს უნიკალურ და ინოვაციურ პროექტს, რომელსაც ბრავო რექორდსთან ერთად CD ალბომის სახით გამოსცემს და სამშობლოში დაბრუნებას მიუძღვნის.

 2012 წლის 10 დეკემბერს ქალაქ რიგის კონგრესჰოლში, ჯგუფი "შინ" ლატვიელი მსმენელის წინაშე ახალი და მეტად ორიგინალური მუსიკალური პროექტით წარდგა.

 ლატვიური პროექტის კონცეფცია აგებულია იმ მუსიკალურ ნაწარმოებებზე, რომლებმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჯგუფის თითოეული წევრის დამოკიდებულებაზე ზოგადად მუსიკის მიმართ. ანუ, პრაქტიკულად, ეს მუსიკალური პროექტი არის ერთგვარი მიძღვნა იმ მუსიკოსებისადმი, რომლებმაც განაპირობეს ჯგუფის წევრების მუსიკალური მსოფლმხედველობა და კრედო. სწორედ ამიტომაა პროექტის სახელწოდება "არაჩვეულებრივი გამოფენა". მასში თავმოყრილია გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, ხოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნის, მაილს დევისისა და ქართული ხალხური მუსიკის მოტივები, რომლებიც ჯგუფის "შინ" წევრებმა ლიეპაის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ახლებლური ინტერპრეტაციით შესთავაზეს ლატვიელ მსმენელს. პროექტის ძირითადი ნაწილი გია ყანჩელის მუსიკალურ თემებს მიეძღვნა, რაც ჯგუფის თითოეული წევრის  მხრიდან უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას გამოხატავს ლეგენდარული ქართველი მაესტროს მიმართ. სიმფონიური ორკესტრის გარდა, პროექტში მონაწილეობდნენ ლატვიელი ბექ ვოკალისტები და ლატვიის თანამედროვე ბალეტის მსახიობები.

ბრავო რექორდსისა და  ჯგუფის "შინ" ერთობლივი გადაწყვეტილებით, დაიგეგმა პროექტის CD ალბომად გამოცემა საქართველოში, რომლის პრეზენტაციაც ამა წლის 26 მაისის კონცერტის სახით გაიმართება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში). კონცერტის  რეჟისორი დავით დოიაშვილი იქნება.

 ლატვიური პროექტისაგან განსხვავებით, ახალ პროექტზე იმუშავებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით, თბილისის კონსერვატორიის ვოკალური კვარტეტი და ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი. გარდა ამისა, სპეციალურად პროექტისათვის მოწვეული იქნებიან ცნობილი უცხოელი სესიური მუსიკოსები:

 ხორხე პარდო - ესპანელი  ფლეიტისტი, რომელიც პაკო დე ლუსიასთან და ჩიკ კორეასთან ერთად არაერთ პროექტზე მუშაობდა;

ილიას მირზაევი - თანამედროვე თურქული მუსიკის წამყვანი კომპოზიტორი, რომელსაც ასევე ეკუთვნის ამ პროექტის ყველა მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება;

ნორმუნდ შნე - ლატვიელი ჰობოისტი და დირიჟორი, რომელიც რამდენიმე პროექტზე ჯოზეფ ზავინულთან მუშაობდა.

გარდა სესიური მუსიკოსებისა, სპეციალურად პროექტისათვის მოწვეულნი არიან  ხმის მთავარი ინჟინერი, გერმანელი აჰიმ ჰუბერი და ქორეოგრაფი, მაკედონიელი ალექსანდრა ევტიმოვა.

ჯგუფის ახალ ალბომში შევა 12 მუსიკალური ნაწარმოები. სტუდიური ჩაწერები ბრავო რექორდსის სტუდიაში 12 აპრილს დაიწყება და 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად განხორციელდება მუშაობა მუსიკოსების იმიჯზე და ჩამოყალიბდება ალბომის დიზაინის კონცეფცია, რომელზეც სავარაუდოდ სანდრო ყანჩელი იმუშავებს.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა, მომავალში ჯგუფი "შინ" გახდეს ბრავო რექორდსის Signed მუსიკალური ჯგუფი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის შემდგომ გრძელვადიან მუსიკალური კარიერის მენეჯმენტს მუსიკალური ბიზნესკომპანია ბრავო რექორდსი განახორციელებს. 

კომენტარები