არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობოები საარჩევნო კომისიებში მდივნების არჩევის საკითხს ეხმიანებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნების არჩევის საკითხს ეხმიანებიან. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნის თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენის საშუალება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ ექნება და კომისიებში ყველა მენეჯერულ პოზიციას მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები დააკომპლექტებენ.

 არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ცესკომ შუალედურ არჩევნებზე მდივნის არჩევის წესი კანონის არსის საწინააღმდეგოდ განმარტა. კანონის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვერ გახდება წინა არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ცესკოს ინტერპრეტაციით, ოქტომბრის არჩევნებზე საუკეთესო შედეგების მქონე პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რადგან „ბიძინა ივანიშვილი − ქართული ოცნება“ პარტიების კოალიცია იყო და არა − პარტია. შესაბამისად, სწორედ კოალიციაში შემავალ პარტიებს ექნებათ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის წარდგენის საშუალება.

არასამთავრობოების განცხადების მიხედვით, კანონში აღნიშნული ცვლილება 2009 წელს OSCE/ODIHR-ისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების შემდეგ შევიდა. იქამდე საუბნო საარჩევნო კომისიის სამივე მენეჯერულ პოზიციას (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი) მმართველი პარტიის წარმომადგენლები იკავებდნენ, კომპრომისის შედეგად კი მდივნის თანამდებობაზე ოპოზიციური პარტიის წევრი უნდა აირჩეს. არასამთავრობოების თქმით, კანონის მისი არსის საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციამ გამოიწვია ის, რომ 2013 წლის შუალედურ არჩევნებზე კომისიებში მმართველ პოლიტიკურ ძალას ექნება დომინირებული მდგომარეობა.

 

 

 

კომენტარები