შრომის კოდექსი

ამერიკის სავაჭრო პალატა შრომის კოდექსში რამდენიმე პუნქტის სასწრაფოდ შეცვლას ითხოვს

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში შრომის კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ რამდენიმე პუნქტი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. ორგანიზაციის აზრით, კომპანიებს უნდა შეეძლოთ ერთწლიანი ხელშეკრულებების გაფორმება. ეს ხელს უწყობს სტაბილურ დასაქმებას, უკეთეს ფინანსურ და ადმინისტრაციულ დაგეგმვას კომპანიებისთვის. თუ დამსაქმებლებს არ ექნებათ თანამშრომლების ერთი წლით  დაქირავების შესაძლებლობა, ისინი ამ რისკს უპასუხებენ არსებული თანამშრომლების შემცირებით და ბევრად კონსერვატიულად მოეკიდებიან ახალი თანამშრომლების დაქირავებას მომავალში.

 "კომპანიებს ეკრძალებათ შრომით ხელშეკრულებაში ჩადონ ურთიერთშეთანხმებული პირობა, რომელიც აუკრძალავდა დასაქმებულს გამოეყენებინა კონფიდენციალური ცოდნა და ინფორმაცია მიღებული სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დატოვებიდან გარკვეული დროის განმავლობაში და ასევე აუკრძალავდა სენსიტიური ინფორმაციის მიწოდებას დამსაქმებლის კონკურენტებისთვის. (აღნიშნული წარმოადგენს სტანდარტულ დებულებას ევროპულ და ამერიკულ შრომით ხელშეკრულებებში და საქართველო შექმნის შემაკავებელ გარემოებას უცხოური ინვესტიციებისთვის და დიდ სირთულეს შეუქმნის ადგილობრივ დამსაქმებლებს თუ ასეთ სტანდარტულ სახელშეკრულებო დათქმას უკანონოდ აქცევს); კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცვლებში სამუშაოს და მოქნილ სამუშაო გრაფიკს. ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაო (დაცვის სამსახური, სამედიცინო დაწესებულებები, საწარმოები, საჰაერო კონტროლი და ა.შ.) მოითხოვს მოქნილ სამუშაო დროს კვირის განმავლობაში. ზოგიერთ სამუშაოზე ერთი კვირა შესაძლებელია სამუშაო დრო 40 საათზე მეტიც იყოს, ხოლო შემდეგი კვირა 40 საათზე ნაკლები. ზოგიერთ კომპანიას აქვს 2 კვირა სამუშაო და შემდეგი ორი კვირა დასვენება და დასაქმებულებისთვის ასეთი გრაფიკი მისაღები და სასურველია. კანონმდებლობით შესაძლებელი უნდა იყოს, რომ მხარეთა შეთანხმებით კვირის სამუშაო დრო განისაზღვროს 40 საათზე მეტით და ეს კომპენსირდებოდეს შესაბამისი დასვენების დროით. 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობისას, ნებისმიერი კომპანია ვალდებულია წერილობით გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება. ეს არარეალურია. მცირე და საშუალო კომპანიებს დააწვებათ დიდი ადმინისტრაციული და ფინანსური ხარჯი იმისთვის, რომ ხელშეკრულება გაუფორმონ ყველა დასაქმებულს, ვისაც 3 თვეზე მეტი ვადით აიყვანენ სამუშაოდ.

ზემოთ მოყვანილი დებულებები იმაზე მეტად შემზღუდავია, ვიდრე ეს არის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, სადაც მშრომელთა უფლებები, მათ შორის პროფკავშირების უფლებები, არის ბევრად უფრო ინსტიტუციური და აღიარებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა საქართველოში და ეკონომიკაც ბევრად უფრო განვითარებულია. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნულ პუნქტებზე არ მოხდება რეაგირება, კანონპროექტი იქონიებს საპირისპირო ეფექტს იმისგან განსხვავებით, რაც წარმოადგენს მის მიზანს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში.

 შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი ამ კვირაში განიხილავს მეორე მოსმენით.

კომენტარები