საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

პავლე კუბლაშვილი: საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზების მცდელობაა

0 კომენტარი
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში მომზადებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზების მცდელობად აფასებს. 
"კანონპროექტი, რომლის განხილვაც დღეს დაიწყო და პარლამენტში პირველი მოსმენით გატანა ხვალისთვის იგეგმება, ბიუროს გუშინდელ სხდომაზეა ინიცირებული. საკითხის ასეთი დაჩქარებული ტემპით განხილვა მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული. როგორც ჩანს, არც კომიტეტის წევრებს, არც უმრავლესობის დიდ ნაწილს არ აინტერესებს, თუ როგორი იქნება საკონსტიტუციო სამართალწარმოება. მათი მიზანი მარტივია: თუ საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება ნორმა, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებებს არღვევს, განხილვა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და ადგილი არ ჰქონდეს ამ ნორმის შეჩერებას. ეს არის მთავარი პრინციპის, ძირითადი არსის და ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზების მცდელობა, იმიტომ რომ რეალურად საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ასეთ დავებს იხილავს და არა ისეთ დავებს, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევას, ამა თუ იმ ნორმის გამო. არ ვფიქრობ, რომ რაიმე სამართლებრივი მოტივაცია არსებობს, არამედ არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივები. ეს კანონპროექტი არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში არ გადაგზავნილა და ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. შესაბამისად, ადგილი აქვს პროცედურების აშკარა და უხეშ დარღვევებს", - განაცხადა დეპუტატმა. 
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განიხილეს კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, თუ  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერებს სადავო აქტის მოქმედებას, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ მომდევნო 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. სხვა შემთხვევაში სადავო აქტის  მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 31-ე დღეს ძალას დაკარგავს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები