საპარლამენტო უმრავლესობა

დავითაშვილი: უსუფაშვილი კოალიციის ზომიერ ფრთას განეკუთვნება, მე რადიკალურს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ნეტგაზეთმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კომენტარები გაავრცელა. 
როგორც დეპუტატი კობა დავითაშვილი, ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნავს, ის ნაციონალური მოძრაობის ჯანსაღ ნაწილს არ იცნობს და ''ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ველიდან საერთოდ გაქრება''. 
''ბატონი დავით უსუფაშვილი განეკუთვნება ჩვენი კოალიციის ზომიერ ფრთას, ხოლო მე რადიკალურს. ჩვენ შორის არის სხვაობა, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, ერთად ვიყოთ და ერთად ვიბრძოლოთ საერთო საქმისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა. 
პარლამენტის ვიცესპიკერი, მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ''ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიას არსებობის და ფუნქციონირების უფლება აქვს''.
''საზოგადოებას მოსწონს თუ არ მოსწონს, ესაა რეალობა. კოჰაბიტაცია მე პირადად მომწონს თუ არ მომწონს, ან მინდა თუ არ მინდა, ამაში არ არის საქმე. ეს არის რეალობა, ამ რეალობაში ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ. ვიღაცას შეიძლება ვინმე აღიზიანებდეს, მაგრამ იმ ადამიანს პოლიტიკაში ყოფნას ვერ ავუკრძალავთ. ჩვენს გუნდშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს, რომ უნდა გასამართლდეს რეჟიმი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ინდივიდებამდეა საქმე დასული'', - განაცხადა ვიცესპიკერმა.
შეგახსენებთ, გუშინ, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ''ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა და მისი პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა არის ქართული დემოკრატიის ამოცანა''. მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის ინდივიდუალური წევრების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი სურვილია ნაციონალური მოძრაობის ჯანსაღი ნაწილი გადარჩეს და მათი დამარცხება პოლიტიკურად მოხდეს. 

კომენტარები