პრეზიდენტის ხარჯები

იუშჩენკო მზადაა საქართველოს ბიუჯეტს 400 აშშ დოლარი აუნაზღაუროს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მზადაა საქართველოს ბიუჯეტს 400 აშშ დოლარი აუნაზღაუროს, რაც, თითქოს, საქართველოში მისი სტუმრობისას აბანოზე დაიხარჯა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა უკრაინსკაია პრავდასთან საუბრისას ვიქტორ იუშჩენკოს პრესმდივანმა ირინა ვანიკოვამ განაცხადა. 
მისი თქმით, 2011 წლის 6 აპრილს იუშჩენკო თბილისში არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, გავრცელებულ დოკუმენტთან, სადაც მისი სახელი ფიგურირებს, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს კავშირი არ აქვს. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირინა იმერლიშვილის მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, ვიქტორ იუშჩენკოს და რამდენიმე თანმხლები პირის აბანოში მომსახურებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 591 ლარი გადაიხადა. 
ვანიკოვას განცხადებით, იმ დღეს იუშჩენკო კიევში იმყოფებოდა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, მისი თქმით, ვიქტორ იუშჩენკოს ინსტიტუტი მზადაა საქართველოს ბიუჯეტს აუნაზღაუროს 400 დოლარი, რაც, თითქოს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტუმრის მისაღებად დახარჯა. 
„იმედი მაქვს, ეს 400 დოლარი, რომელიც მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარების სახით გავცეთ, ქართველ პარლამენტარებს დაეხმარება ქვეყანაში კორუფციის დაძლევაში და იმაში, რომ არ შერცხვნენ დალეული ჩაისა და გამოყენებული საპნის დათვლისას“, - აღნიშნა პრესმდივანმა. მისი თქმით, „ჩვენ ასევე მზად ვართ, ერთი კასრი თაფლი, მურაბა, საპონი და შამპუნიც დავამატოთ“. 
„ჩემი მხრიდან მინდა დავამატო, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 7 ჭიქა ჩაის დალევისა და ერთჯერადი ჩუსტების გარშემო „საპნის“ დისკუსიის პრიმიტიულობა ქართული პარლამენტარიზმისა და ქართული დემოკრატიის ღრმა ინტელექტუალურ კრიზისზე მეტყველებს“, - განაცხადა ვანიკოვამ.

კომენტარები