19 აპრილის აქცია

მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არ არის პატარა სოფელი, საქართველო არის ძალიან დიდი ქვეყანა

დღეს, 19 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის აქციაზე შეკრებილებს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

’’თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ამაყი და წელში გამართული ვარ იმით, რომ დღეს აქ გხედავთ. ვერ წარმოიდგენთ როგორ მიყვარხართ და როგორ მეყვარებით ყოველთვის. ბოლო შვიდი თვე თქვენ გაპატიმრებდნენ, ხელებს გიგრეხდნენ, სამსახურიდან გაგდებდნენ, მაგრამ მაინც მოხვედით, მაინც ერთად ვდგავართ. არის ერთი რამ, რაც სამწუხაროდ დღეს ბევრს არ ესმის - ყველაფერი მილიარდებზე არ იყიდება და ყველა ადამიანი არ შინდება. ჩვენ აქ არ მოვსულვართ სკამებისთვის საბრძოლველად, პრივილეგიებისთვის, ჯიპებისთვის, ბიზნესისთვის, ყაზახური ტვირთების და მილიონერობისთვის. მოვედით ერთადერთი რამის დასაცავად - ჩვენი ღირსების და ჩვენი სამშობლოს დასაცავად და ეს არის მთავარი ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ’’, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში არის ბრაზიანი ხელისუფლება და იმედიანი ოპოზიცია.

’’ჩვენ ვიყავით იმედიანი მთავრობა და გვყავდა ბრაზიანი ოპოზიცია. ახლა ვართ იმედიანი ოპოზიცია და რატომღაც მივიღეთ ბრაზიანი მთავრობა. ჩვენ თუ ვართ იმედიანად, ამდენი დამცირების შემდეგ, თქვენც იყავით იმედიანად და საქართველოში იყოს იმედიანი ოპოზიცია, იმედიანი მთავრობა და იმედიანი საზოგადოება’’, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ’’ვიღაცები იყიდეს და სხვადასხვა გზით გადაიბირეს, თუმცა ეს არიან ცალკეული მოღალატეები, ვინც ვირთხებივით გაიქცნენ და მთავარი საზოგადოებააა’’. მისივე თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას გაუმართლა, რადგან ძალიან ბევრი რამ გაკეთებული დახვდა.

’’დაგიტოვეთ მაგარი შენობები და კომფორტული კაბინეტები, გზები და ინფრასტრუქტურა, პოლიციის სტრუქტურები, მილიარდობით ლარი იმ პროგრამებისთვის, რომელსაც ახორციელებთ. ჩვენი ოპოზიცია ღალატზე ფიქრით ცხოვრობდა და იღვიძებდა იმის ფიქრით, როდის გაქცეულიყო კრემლში და იქ მიეღო აღლუმები. თქვენ კი გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა, ვინც ათენებს და აღამებს სამშობლოს კეთილდღეობაზე ფიქრში და ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, უღალატოთ ქვეყანას და მტერს ჩააბაროთ ის. მე მიხარია, რომ საქართველოში არის ქმედითი ოპოზიცია და გვინდა, რომ საქართველოში იყოს ქმედითი და კონსტრუქციული მთავრობა, იმიტომ რომ საქართველო ყველას ერთი გვაქვს. ჩვენ ბევრი ავაშენეთ, მაგრამ ასაშენებელი ასჯერ მეტია. ჩვენ ბევრი გამოვასწორეთ, ათასჯერ მეტია გამოსასწორებელი. ჩვენ ბევრი გეგმები გვქონდა, დაე, მათ შეასრულონ ეს გეგმები. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში. ჩვენ საბჭოთა ერი არ ვართ, ჩვენ ვართ უძველესი ევროპული ერი’’, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი არ გააკეთებს არჩევანს მოღალატეებსა და ნახევრად მოღალატეებს შორის.

’’მთავრობამ თქვა, რომ ჩვენი ოპოზიცია უნდა იყოს ნინო ბურჯანაძე, ვინც პუტინის მეგობარია. იმისათვის რომ ხალხს ჰქონდეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის - ან კრემლის მეგობარი ბურჯანაძე, ან კრემლის ნახევრად მეგობარი მთავრობა. მე მინდა ყველას ვუთხრა, ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს არა მოღალატეებსა და ნახევრად მოღალატეებს შორის, არამედ პატრიოტებსა და კიდევ უფრო პატრიოტებს შორის’’, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან 2008 წელიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ, საქართველოს მხარდასაჭერად ევროპის ლიდერები ჩამოვიდნენ.

’’ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს იმიტომ ვერ აიღო თბილისი, რომ ჩვენ ერთად დავდექით და მეგობრები დაგვიდგნენ გვერდში. აგუტინი კი არ ჩამოვიდა, ჩამოვიდნენ პრეზიდენტი კაჩინსკი, პრეზიდენტი იუშჩენკო, პრეზიდენტი სარკოზი, ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი. დღეს უღირსობაა, როდესაც იუშჩენკოს, რომელმაც მოგვცა საჰაერო დაცვის სისტემები, რომლითაც ჩვენ ჩამოვყარეთ 12 რუსული თვითმფრინავი, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა საპნის, შამპუნის ანგარიში. ისეთი საქართველო გვინდა, სადაც მეგობრებს ასე ხვდებიან?! ჩვენ ონიშენკოს ბოდიშებს უნდა ვუხდიდეთ, ევროპას დედას უნდა ვაგინებდეთ და იუშჩენკოს აბანოს ანგარიშს უნდა ვუგზავნიდეთ?! რომ არ გვინდა, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს’’, - განაცხადა პრეზიდენტმა.

’’საქართველოს იდეა დიდი იდეაა. საქართველო შედგება ბევრი ამაყი და ღირსეული სოფლისგან, მაგრამ საქართველო არ არის პატარა სოფელი. საქართველო არის ძალიან დიდი ქვეყანა! და მინდა ვუთხრა ყველას, საქართველოს სიამაყით შესცქერის მთელი მსოფლიო, ჩვენ მოგვბაძა უკრაინამ, ბალტიის ქვეყნებმა, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებმა. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელიც შევიდა მსოფლიოს არაკორუმპირებული და წარმატებული ქვეყნების ათეულში, პირველი ქვეყანა, რომელმაც შეძლო დანაშაულის დამარცხება. ვიყავით ქვეყანა, რომელსაც შენატროდნენ და დღესაც შენატრიან და არ ვიქნებით ისტორიაში პირველი ქვეყანა, რომელიც გაასამართლებს იმ ხალხს, ვინც ბრძოლის მდგომარეობაში იმყოფება ახლა ქვეყნის დამპყრობლებთან’’, - აღნიშნა მიხიელ სააკაშვილმა. 

კომენტარები