ბოსტონის ტერაქტი

პოლიციამ ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევი დააკავა

BBC-ის ცნობით, პოლიციამ ბოსტონის მარათონის ტერაქტში ეჭვმიტანილი, 19 წლის ჯოხარ ცარნაევი დააკავა. 
ტერაქტში ეჭვმიტანილი, უოთერთაუნში ერთ-ერთ ეზოში ნავში იყო დამალული, ის სახლის პატრონმა აღმოაჩინა და პოლიციას გამოუძახა.
ჯოხარ ცარნაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, თუმცა მისი დაკავება მაინც მოხერხდა, რის შემდეგაც მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 
მისი ძმა, 26 წლის ტამერლან ცარნაევი, რომელიც ასევე ტერაქტის მოწყობაში იყო ეჭვმიტანილი, პოლიციასთან ორმხრივი შეტაკების დროს დაიღუპა. 
ჩეჩნური წარმოშობის ძმები დევნილის სტატუსით აშშ-ში საცხოვრებლად სავარაუდოდ ათი წლის წინ ჩავიდნენ. უმცროს ძმას ბოსტონში არსებული სკოლა Cambridge Rindge & Latin School აქვს დამთავრებული.
ჯერჯერობით ტერორისტული აქტის ჩადენის მოტივი გაუგებარია. უცნობია, არსებობს თუ არა კავშირი ძმებსა და რომელიმე ექსტრემისტულ დაჯგუფებას შორის. ძმების ბიძამ, რომელიც მერილენდში ცხოვრობს, მათ ხელმოცარულები უწოდა და განაცხადა, რომ ძალიან რცხვენია ძმისშვილების საქციელის გამო.
ჯონ კერის განცხადებით, ცარნაევების დაკავშირება ჩეჩნეთთან ჯერჯერობით ნაადრევია. რამზან კადიროვმა კი ბოსტონის ტრაგედიას ამერიკული სპეცსამსახურების მარცხი უწოდა.
შეგახსენებთ, 15 აპრილს, ბოსტონის მარათონის დროს მოწყობილი ტერაქტის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 176 კი დაშავდა.

კომენტარები