ქართული პოლიტიკა

ლეღვის ფოთლებსა და საზოგადო სიკეთეზე

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ბოლო ხანებში ჩვენი საპარლამენტო ისტორიის ერთი თავშესაქცევი ეპიზოდი მახსენდება. გვიანი ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ხანაა, მისი პოპულარობა უკვე შეუქცევადად დაიძრა ფსკერისკენ. ე. წ. ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდი ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჯერ კიდევ მის მომხრეთა რიგებშია, თუმცა უკვე ღიად აკრიტიკებს ირგვლივ გამეფებულ კორუფციას და ხელისუფლების სხვა მანკიერებებს. ლეიბორისტი ნოდარ გრიგალაშვილი სწორედ მათ იღებს მიზანში: „რეფორმატორები" კი არა, ლეღვის ფოთოლი ხართ, ვითომ პროგრესული რიტორიკით ძირმომპალ და კორუმპირებულ რეჟიმს აპრავებთ (ვიცი, ეს სიტყვა მაშინ ჯერ არ იყო გამოგონებული). ტემპერამენტიანმა გია ბარამიძემ შეურაცხყოფას ვერ გაუძლო და ოპონენტზე მუშტებით გაიწია. მერე ტელევიზიები ამას დიდხანს იმეორებდნენ.

ევროინტეგრაციის მომავალი მინისტრის გადაჭარბებული რეაქცია მაშინ მეტაფორის ბუკვალური გაგებით ახსნეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ და ამგვარმა კრიტიკამ იმოქმედა, რადგან მასში ჭეშმარიტების მარცვალი აშკარად იყო. მალე „რეფორმატორები" შევარდნაძის კარის ინტრიგებს მოეშვნენ, მთავრობასთან ღია დაპირისპირებაზე გადავიდნენ და, მეტიც, ოპოზიციას სათავეში ჩაუდგნენ. ხსენებულმა ნოდარ გრიგალაშვილმა მშობლიურ ლეიბორისტებს უღალატა და უფრო პერსპექტიულ გაერთიანებას შეუერთდა.

ახალი ლეღვის ფოთოლი

ახლა რატომ გამახსენდა ეს? ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე სხვადასხვა აზრი არსებობს (აგერ, შვეიცარიის ელჩიც გამოესარჩლა), მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობას უჭირს იმის არდანახვა, რომ ჯერჯერობით ახალი პრემიერის მოღვაწეობა ძირითადად მისი პირადი ძალაუფლების განმტკიცებაზეა მიმართული დემოკრატიული ინსტიტუტების საზიანოდ. მაგრამ სურათს აბუნდოვანებს მმართველი კოალიციის შემადგენლობაში იმ პარტიების არსებობა, ვინც პოლიტიკური რეპუტაცია დასავლურ-დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე ააგო, სახელდობრ, რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების. ეს საშუალებას აძლევს ადამიანებს, სუფთა დემოკრატიული სინდისით განაგრძონ „ქართული ოცნების" მხარდაჭერა. ეჭვი მაქვს, შვეიცარიის ელჩზეც მათთან ხშირმა ურთიერთობამ იმოქმედა.

მოკლედ, დღეს საკითხი ასე დგას: შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და ძმანი და დანი მათნი კოლექტიური ლეღვის ფოთოლია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს ეფარება? (იმედს ვიტოვებ, რომ ხსენებული პერსონაჟები გაგებით მოეკიდებიან ჩემს მეტაფორას და გია ბარამიძის მსგავს რეაგირებას არ მოახდენენ).

წარსული გამოცდილება

არ ვთვლი, რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია (ან უფრო ბინძურია, ვიდრე, ვთქვათ, ბალეტი), მაგრამ ისიც მესმის, რომ კოალიციები პრაგმატულ გათვლაზეა აგებული და არა უანგარო სულიერ ნათესაობაზე. ეს არ ნიშნავს, რომ დასაშვებია ყველას „შეეკრა", ოღონდ ხელისუფლებაში მოხვდე. პოლიტიკური გადაწყვეტილებები უპირველეს ყოვლისა ფასდება შედეგით, ანუ მოტანილი საზოგადო სიკეთით.

ჩემი აზრით, ზურაბ ჟვანიამ და მისმა გუნდმა თავის დროზე სწორი გათვლა გააკეთეს, როცა ედუარდ შევარდნაძეს დაუკავშირეს თავისი მომავალი და არც მაშინ შეშლიათ, როცა გადაუდგნენ. დღევანდელი გადასახედიდან, იმდროინდელი კოალიცია ორი რამით მართლდება. პირველი: „ახალგაზრდა რეფორმატორებმა" შეძლეს, შევარდნაძის ჩახლართული სახელისუფლებო სისტემის შიგნით საკუთარი თამაში ეთამაშათ და გარკვეული შედეგისთვისაც მიეღწიათ. რაღაც ზომით, ჟვანიამ განსაზღვრა პარლამენტის მოღვაწეობის დღის წესრიგი და იმ პერიოდის საზომით საკმაოდ ლიბერალური კანონებიც მიაღებინა. ამით სისტემის შიგნით ინსტიტუციური პლურალიზმის ჩანასახოვანი სისტემაც შეიქმნა. ნაწილობრივ ჟვანიას პატრონაჟის შედეგი იყო სამოქალაქო სექტორის და თავისუფალი მედიის განვითარების შედარებით მაღალი დონე: „რეფორმატორები" მას თავის რესურსად განიხილავდნენ შიდაპარტიულ ბრძოლებში.

მეორე მხრივ, შევარდნაძესთან კოაბიტაციის წყალობით „რეფორმატორებმა" შეძლეს ახალი პოლიტიკური გუნდის და დღის წესრიგის კრისტალიზაცია. ეს ტრამპლინად გამოადგათ, რომ თავად მოსულიყვნენ ხელისუფლებაში მეტ-ნაკლებად მზა პროგრამით. ვინც თვლის, რომ „ვარდების რევოლუციის" გუნდმა რაღაც ხეირი მოუტანა ქვეყანას, შევარდნაძესთან მისი ბირთვის დროებითი კავშირიც უნდა გაამართლოს.

ამის გამო, იმდროინდელ ჟვანია-სააკაშვილის გუნდს ვერ შევაფასებთ როგორც მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის ლეღვის ფოთოლს – რაც არ გამორიცხავს, რომ ისინი ამ ფუნქციასაც ასრულებდნენ და შევარდნაძეს სწორედ ამისთვის სჭირდებოდა.

დღეს როგორ არის?

რამდენად შეედარება ამ პრეცედენტს ხსენებული ორი პარტიის სტატუსი ბიძინა ივანიშვილის კარზე? ამის საპასუხოდ ათ ან ოც წელს ვერ მოვიცდით: პრეცედენტი არსებობს და ძნელია, მასთან ანალოგია ახლავე არ გაატარო, თუმცა დასკვნები გარდუვალად საალბათო იქნება.

მთავარი უცნობი ბიძინა ივანიშვილია: ჯერ ზუსტად არ ვიცით მისი საბოლოო პოლიტიკური მიზნები, თუმცა ვარაუდების გაკეთება შეგვიძლია. რატომ დაიწყო მან თავისი პოლიტიკური გუნდის აგება სწორედ რესპუბლიკელებით და თავისუფალი დემოკრატებით, თუმცა ამავე დროს „ასავალ-დასავალის" იდეებით აღფრთოვანებას გამოხატავდა? რომელი დღის წესრიგია მისთვის სინამდვილეში უფრო ახლობელი: უსუფაშვილის და ალასანიას, თუ პუტინის და „ასავალ-დასავალის"? თუ განსხვავებას ვერ ხედავს, ან გულწრფელად ჰგონია, რომ მათ სინთეზირებას შეძლებს?

ივანიშვილის წერილობითი და ზეპირი ტექსტები, ასევე მისი პირველი პოლიტიკური ნაბიჯები საშუალებას არ მაძლევს, დავიჯერო, რომ ის ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს იზიარებს და საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის პერსპექტივისა გულწრფელად სჯერა. აქედან არ გამომდინარეობს, რომ ის „კრემლის აგენტია": მის ღირებულებებსა და აზროვნების თავისებურებებზე ვსაუბრობ.

სამაგიეროდ, მას სჯერა დასავლეთის ძალისა და იმისაც, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდი დასავლეთის მხარდაჭერის წყალობით ინარჩუნებდა ხელისუფლებას (როგორც ამის სჯეროდა პუტინს და „ასავალ-დასავალს"). აქედან გამომდინარეობს მარტივი დასკვნა: სააკაშვილს ვერ დაამარცხებ, თუ დასავლეთში მის რეპუტაციას არ შელახავ და დასავლეთის მხარდაჭერას თავად ვერ მოიპოვებ.

თუ ასეა, რესპუბლიკელებთან და თავისუფალ დემოკრატებთან კავშირის დეკლარირებით პოლიტიკური კარიერის დაწყება აბსოლუტურად ზუსტი გათვლა იყო. ამის გარეშე, ნულოვანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ივანიშვილის იმიჯი მისი ბიოგრაფიის ერთადერთი დეტალით განისაზღვრებოდა: ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქი პროდასავლელ სააკაშვილს ებრძვის. ასე კი სურათი, სულ მცირე, რთულდება. კახა ბენდუქიძემ და მიხაილ ხოდორკოვსკიმაც ფული 1990-იანი წლების რუსეთში იშოვეს, მერე რა? ამ მოავტორიტარო მიშამაც გააწყალა გული, ყველას რუსეთის აგენტს ეძახის. კაცს თუ არ იცნობ, პირველ რიგში კითხულობ, ვინ არიან მისი მეგობრები. ალასანია და უსუფაშვილი? ხოო, მაშინ შეიძლება დავიჯეროთ, რომ სააკაშვილს მართლაც დემოკრატიული ალტერნატივა გამოუჩნდა. მერე რა, რომ თვითონ ივანიშვილი პირველივე დღიდან უცნაურ (ანუ დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებელ) რაღაცებს ლაპარაკობს. გამოუცდელობით მოსდის, თვითონაც აღიარებს, რომ პოლიტიკაში ბევრი რამ არ იცის, რაც შეიძლება კარგიც იყოს (აბა, იმ შეუსმენელ მიშას კი არ ჰგავს). არა უშავს, დათო და ირაკლი აუხსნიან, ელჩებიც დაელაპარაკებიან და მოვა ჭკუაზე.

თუ ეს სწორია, მაშინ ბიძინა ივანიშვილს ხსენებული პარტიები სწორედ რომ ლეღვის ფოთლად, ანუ ძლევამოსილ დასავლეთთან იმიჯის გასაუმჯობესებლად სდომებია. ხელისუფლებაშიც მათმა წარმომადგენლებმა ძირითადად ის პოზიციები დაიკავეს, სადაც უფრო მეტად დასავლეთთან ურთიერთობა უხდებათ. რისთვისაა საჭირო, მაგალითად, კონფლიქტების მინისტრი ზაქარეიშვილი? აფხაზები და ოსები მაინც არ ელაპარაკებიან (რომც დაელაპარაკონ, რა ხეირი, მაგრამ ეს კიდევ სხვა საკითხია), სამაგიეროდ, ევროპელებს აუხსნის, როგორ უნდა (მიშასგან განსხვავებით) დიალოგის გზით კონფლიქტების გადაწყვეტა. ირაკლი ალასანია NATO-ს ხალხს დაელაპარაკება სამხედრო რეფორმებზე და მართლა გააკეთებს რაღაცას (რა დაშავდება ამით?). დასავლეთიც ნასიამოვნებია, ირაკლის ამბიციაც – ასე თუ ისე დაკმაყოფილებული. მართლა მნიშვნელოვანი სფეროები (სამართალდაცვა, ეკონომიკა) ივანიშვილის პირადი ნდობით აღჭურვილ ადამიანებს ჩაბარდა (გამონაკლისი წულუკიანია, მაგრამ იქაც კბილაშვილი აკეთებს მთავარ საქმეს). უსუფაშვილი კი უძღვება პარლამენტს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, უმრავლესობა მაინც პირადად ბიძინას ემორჩილება. სამაგიეროდ, როცა ხელისუფლება თავის ბიჭებს ოპოზიციას აცემინებს, დათო დასავლეთს და ქართველ დემოკრატებს აუხსნის, რომ ყველაფერი უგულავას ბრალია.

შესაძლებელია ჟვანიას ხრიკის გამეორება?

განვიხილეთ, რა სარგებელი აქვს ივანიშვილს რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატებისგან. და პირიქით? ცინიკური აზრით, ყველაფერი ცხადია: თანამდებობები, ფული საკუთარი და პარტიების ჯიბისთვის საკმარისი არ არის? როგორც თავად მეოცნებე ლიბერალები ინტერვიუებში იმეორებენ, სად ვიქნებოდით ახლა ბატონი ბიძინას გარეშე?

ეს შეიძლება საკმარისი იყოს. მაგრამ „ოცნების" ამ ფრთის წარმომადგენლებსა და მომხრეებს იმის პრეტენზიაც აქვთ, რომ კოალიციაში შესვლით რაღაც ქვეყნისთვის სასიკეთოც გააკეთეს ან გააკეთებენ.

თეორიულად ვერ გამოვრიცხავ, მართლაც სწამდეთ იმისა, რასაც საჯაროდ ამბობენ: ივანიშვილი გულწრფელი დემოკრატია („გულწრფელობის" ხაზგასმა ნიშნავს: ვიცით, რომ ეშლება, მაგრამ ავუხსნით, გაიგებს, ამით მაინც ხომ ჯობია მიშას)? თავის მოტყუება ადამიანის ძვირფასი და ხანდახან სასარგებლო უნარია. მაგრამ მთლად ასეთი დაბალი წარმოდგენისაც არა ვარ მათ ინტელექტზე: ალბათ ესმით, რანაირი „დემოკრატია" ივანიშვილი და ისიც ესმით რომ მას ესმით რომ მათ ესმით.

მაშინ რა? დავსვათ საკონტროლო კითხვა: შეუძლიათ მედასავლეთეებს დამოუკიდებელი თამაში ითამაშონ კოალიციის შიგნით და მის პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენა მოახდინონ? ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. ყველაზე თამამ დამოუკიდებელ ნაბიჯად გამოჩნდა ის, რაც დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისას გადადგა: მან საშუალება მისცა ნაციონალებს, ფორმალურად დაეფიქსირებინათ, რომ მათი პარტიული მხარდაჭერის გარეშე ცვლილება ვერ გავიდოდა. ეს ნამდვილად დასაფასებელია, თუმცა მეორე დღეს ამ გადაწყვეტილების ავტორობაც ივანიშვილმა მიისაკუთრა. სინამდვილეში როგორ იყო, მე ნუ მკითხავთ. მაგრამ საბოლოოდ მთავარი სტრუქტურული საკითხია: ზურაბ ჟვანიასგან განსხვავებით, დავით უსუფაშვილს არა აქვს სერიოზული დასაყრდენი პარლამენტში.

ჟვანიას რეფორმატორებისგან განსხვავებით, დღევანდელი მედასავლეთეები ორ ჯგუფად არიან გაყოფილი და არ ჩანს, რომ ერთად მოქმედება შეეძლოთ. პირიქით, ორივემ ცალ-ცალკე შექმნა სამუშაო ჯგუფი კონსტიტუციის გადასასინჯად: რესპუბლიკელებს პარლამენტის გაძლიერება უნდათ, თავისუფალ დემოკრატებს – პრეზიდენტის. ივანიშვილი ყველანაირ პირობას უქმნის: გაერთონ ბავშვები, მთავარია, ერთმანეთს არ შეეკრან, ბოლოს კი მაინც მე გადავწყვეტ, რა იქნება და როგორ. რაც მართლა სჭირდებოდა – მიშას უფლებების შეკვეცა – ხომ უკვე მოხდა.

შეიძლება თუ არა, ამ პარტიებმა ივანიშვილის წყალობით მოპოვებული ძალაუფლება და ფული საკუთარ გაძლიერებას მოახმარონ, რათა მომავალში პოლიტიკურ პატრონს ჩამოშორდნენ და დამოუკიდებელ ძალად იქცნენ? შეიძლება. ეს ქართული ყვითელი პრესის კოშმარული სიზმარია: „ოცნების" მედასავლეთეები ურიგდებიან ნაციონალებს და კანონიერი გზით ამხობენ ბიძინას. მაგრამ ჟვანიას და შევარდნაძის ისტორია მარტო მე არ მახსოვს, სავარაუდოდ, ამას ივანიშვილიც ითვალისწინებს.

უნდა გვახსოვდეს ძირითადი განსხვავება შევარდნაძესა და ივანიშვილს შორის: პირველი მხოლოდ ფულის მოპარვის რესურსებს ანაწილებდა, მეორეს კი, ამის გარდა, უზარმაზარი საკუთარი ფული აქვს, რომელსაც, თუ გაუჭირდა, თამაშში ისევ შემოაგდებს.
მაშ, რას იგებს ქვეყანა იმით, რომ ივანიშვილის ავტორიტარული ქოლგის ქვეშ „ჭეშმარიტი დემოკრატებიც" არიან? არ ვამბობ, რომ არაფერს. მათ შეუძლიათ, რაღაც გავლენა მოახდინონ პოლიტიკური პროცესის გარკვეულ ასპექტებზე, რაღაც სფეროში კარგი გადაწყვეტილება მიიღონ. მათ გარეშე დასავლეთს კიდევ უფრო დავშორდებოდით. პრინციპულად ვერ გამოვრიცხავთ, რომ რაღაც ეტაპზე შეძლონ, მეტი პლურალისტური დინამიკა შესძინონ პოლიტიკურ პროცესს. სავარაუდოდ, შევარდნაძის დრო უკვე დაგვიბრუნდა იმ აზრით, რომ ხელისუფლების მედასავლეთეები (როგორც თავის დროზე ჟვანია) ცდილობენ სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას და მიმხრობას, რათა ეს კოალიციის შიდა ბრძოლებში გამოიყენონ.

მოკლედ, ვნახოთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს ჯერ დასამტკიცებელი აქვთ, რომ მათი ფუნქცია მეტია, ვიდრე ივანიშვილის ლეღვის ფოთლობა. საბოლოოდ მათი საქმიანობა სწორედ ამ პრინციპით შეფასდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები