NDI

ლუის ნავარო მოსახლეობას სამუშაო ადგილებსა და სიღარიბეზე მეტის მოსმენა სურს

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მარტის კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თვლის, რომ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა და უმთავრეს ეროვნულ საკითხებად კვლავ ეკონომიკურ საკითხებს ასახელებს. საქართველოს მოსახლეობის განწყობების შესახებ ტაბულა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორს, ლუის ნავაროს ესაუბრა.

თქვენი უკანასკნელი გამოკითხვით რომ დავიწყოთ – ეკონომიკური საკითხები, როგორიცაა უმუშევრობა, პენსიები, ინფლაცია და ფასების ზრდა, კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად რჩება. ამავდროულად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ყველაზე ნაკლებად განხილულ თემებს შორის სწორედ ამ საკითხებს ასახელებს. მაგალითად, 39% ამბობს, რომ სამუშაო ადგილებზე პოლიტიკოსები არასაკმარისად საუბრობენ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსახლეობას სამუშაო ადგილებსა და სიღარიბეზე მეტის მოსმენა სურს. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ადამიანები ხედავენ – ეს საკითხები მოგვარებული არ არის. კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, ჩემი აზრით, ის არის, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც თავს უმუშევრად თვლის, გაიზარდა. 72% მე მგონი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი გვქონია. ის, რომ ადამიანების უმრავლესობას ამ საკითხებზე მეტის მოსმენა სურს და ის, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც თავს უმუშევრად თვლის, გაიზარდა, ნიშნავს, რომ მოსახლეობა ამ საკითხებში დიდ პროგრესს ვერ ხედავს.

მოსახლეობის 81% თვლის, რომ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ამ ადამიანების უმრავლესობა სამუშაო ადგილებს, სიღარიბეს, ფასების ზრდას და ხელფასებს ასახელებს საკითხებად, სადაც ცვლილებას ვერ ხედავენ. თქვენი აზრით, ხალხისთვის მნიშვნელოვან თემებს ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა?

ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რატომაც ადამიანები ცვლილებას ვერ ხედავენ. ერთი მხრივ, ეს არის აღიარება, რომ ბევრი სისტემური პრობლემა, რომელიც არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნების შემდეგაც დარჩა და ამიტომ მდგომარეობა არ შეცვლილა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, გაიზარდა – შესაბამისად, შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა ან გაუარესდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის, როგორც მოლოდინის, ისე შედეგების გამო.

სიტუაციის გაუარესებაზე რას იტყვით? მაგალითად, 11% ამბობს, რომ სამუშაო ადგილების მხრივ სიტუაცია გაუარესდა. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

ამის მიზეზის ახსნა რთულია. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ ინფლაციის მხრივ სიტუაცია გაუარესდა, შემცირდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საკითხში გაუმჯობესება შეინიშნება. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამუშაო ადგილებს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიიჩნევენ, გაიზარდა, მაგრამ არ გათანაბრებია იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც თავს უმუშევრად თვლიან. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ საკითხებს, იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ. მაგალითად, თბილისში მოსახლეობის 6%-ით ნაკლები საუბრობს სამუშაო ადგილების მნიშვნელობაზე, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.

მოსახლეობის 13% კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს, ამასთანავე, 37% თვლის, რომ ამნისტიას უარყოფითი გავლენა ექნება საზოგადოებაზე. ამ ორ რიცხვს შორის განსხვავება რას გვიჩვენებს?

37% ამბობს, რომ ამნისტია უარყოფით გავლენას იქონიებს საზოგადოებაზე მომავალში, მაგალითად, კრიმინალის ზრდის მხრივ. 13% უკვე ხედავს კრიმინალური სიტუაციის გაუარესებას.

იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიაა, უკანასკნელი გამოკითხვების დროს სტაბილურია. ამ მონაცემზე დაყრდნობით, როგორ ფიქრობთ, მოსახლეობას შეეცვალა ქართული დემოკრატიის აღქმა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ?

ცდომილების ზღვრის ფარგლებში მცირე ზრდა არის იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიაა, და მცირე შემცირებაა იმ ადამიანებში, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატია არ არის. ასე რომ, ეს მონაცემები თითქმის იგივეა, რაც არჩევნებამდე იყო. ჩემი აზრით, უფრო საინტერესოა ამ კითხვის დამაზუსტებელი შედეგები. აქ ვხედავთ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა უფრო ძლიერია – ქართველების თითქმის 2/3 ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიაა, მაგრამ გაუმჯობესება სჭირდება, ან საქართველო ჯერ დემოკრატია არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით მიდის.

მოსახლეობის 78% თვლის, რომ ძლიერი ოპოზიცია მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობაა. ამ კონტექსტში, რა პოლიტიკურ შესაძლებლობებს ხედავთ ნაციონალური მოძრაობისთვის?

აშკარაა, რომ ქართველები ხედავენ კავშირს ძლიერ ოპოზიციასა და დემოკრატიულ განვითარებას შორის. მაგრამ რა შესაძლებლობებია ამ კონტექსტში ნაციონალური მოძრაობისთვის, რთული სათქმელია.

როგორც უკვე აღინიშნა, არჩევნებამდე გამოკვეთილი იყო პოლიტიკური ცენტრი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მომხრეებს შორის. ახლაც თუ არსებობს ასეთი პოლიტიკური ცენტრი?

ბევრ კითხვაზე ვხედავთ, რომ გვპასუხობენ არცერთ პარტიას, უარს პასუხზე ან პასუხია „არ ვიცი". ეს რესპონდენტები უფრო პოზიტიურად არიან განწყობილი, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მომხრეები და უფრო ნეგატიურად, ვიდრე ქართული ოცნების მომხრეები. როგორც არჩევნებამდე, ისე ახლაც, მოსახლეობის ეს ნაწილი ნებისმიერმა მხარემ შეიძლება გადაიბიროს.

გამოკითხვიდან ჩანს, რომ მოსახლეობის 60%-ის შეხედულებებთან უფრო ახლოს ქართული ოცნება დგას, 10%-სთვის კი ნაციონალური მოძრაობა. სხვა პარტიების რეიტინგი არ ჩანს. ფიქრობთ, რომ არჩევნებამდე არსებული ბიპოლარიზაცია გაგრძელდება, თუ არსებობს ადგილი სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც?

ქართული ოცნება, პარტია და კოალიცია, ახალი ფენომენია და კოალიცია სხვადასხვა მცირერეიტინგიანი პარტიებისგან შედგება, რომელთა ლიდერებსაც ახლა ბევრი უჭერს მხარს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი გაერთიანებებისთვის ადგილი შეიძლება გაჩნდეს და მოსახლეობას აზრი შეეცვალოს, მაგრამ რომელი უფრო შესაძლებელია და შესაძლებელია თუ არა ორივე ერთად, ამის თქმა რთულია.

ერთი საკითხი, რომელიც ყურადღებას იქცევს, ამომრჩეველთა მოსყიდვაა. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია, გაიზარდა. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ამომრჩეველთა სიების პრობლემატურობის შემცირება, რაც წლების განმავლობაში მთავარ პრობლემად ითვლებოდა. შესაბამისად, ტრადიციულად ყველაზე პრობლემატური საკითხის მეოთხე-მეხუთე ადგილზე გადანაცვლების შედეგად, სიის სათავეში სხვა პრობლემები მოექცა. ამომრჩევლის მოსყიდვა ყოველთვის იყო პირველ 4-5 პრობლემატურ საკითხში.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ეკლესიაში რეგულარულად დადის, არცთუ ისე მაღალია, დაახლოებით 14%. მაშინ, როცა აშშ-ში იგივე მაჩვენებელი 40%-ზე მეტია. ამ პირობებში, თქვენი აზრით, რა განაპირობებს ეკლესიის მნიშვნელოვან როლს და გავლენას საზოგადოებაზე?

მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობა რუსეთს კვლავ საფრთხედ აღიქვამს, მეტი ადამიანი თვლის, რომ ეს საფრთხე გადაჭარბებულია.

ამაზე პირადი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ვარ, მამაჩემი პერუში დაიბადა. პერუში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კათოლიკე ქრისტიანია, მაგრამ ეკლესიაში რეგულარულად ნაკლები ხალხი დადის. იქ კათოლიკეობა კულტურაშია გამჯდარი. ეს არის პერუელის იდენტობის ნაწილი. საქართველოში ადამიანები იდენტიფიცირებას ახდენენ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. უნდა გვახსოვდეს, რომ გამოკითხვა ქართულენოვან მოსახლეობაში ტარდება და ისინი რელიგიას იდენტობის ნაწილად თვლიან. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა ეკლესიაში რა სიხშირით დადიან, ეს მათი იდენტობის ნაწილია.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილისთვის რელიგიურ მრწამსს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენს ყველა გამოკითხვაში პატრიარქს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, ეს კი აჩვენებს, რომ ეკლესია პოზიტიურ ჭრილში განიხილება.

უკანასკნელ გამოკითხვაში საგარეო საკითხების მიმართ მოსახლეობის აზრის ცვლილება თუ შეინიშნება?

ცვლილებაა იმ ადამიანების რაოდენობაში, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით არიან უკმაყოფილო. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო ამ ურთიერთობით, ვიდრე კმაყოფილი, უკმაყოფილოთა რიცხვი შემცირდა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობა რუსეთს კვლავ საფრთხედ აღიქვამს, მეტი ადამიანი თვლის, რომ ეს საფრთხე გადაჭარბებულია. მიუხედავად ამ ორი მონაცემისა, NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა გაიზარდა.

გარდა იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ხელისუფლების ამ ტრადიციულ საგარეო კურსს, ისინი ასევე მხარს უჭერენ რუსეთის ბაზრის გახსნის მოლაპარაკებებს, სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან მოლაპარაკებაში, რკინიგზის გახსნას აფხაზეთის გავლით. ასევე აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ადამიანი უჭერდა მხარს კონსტიტუციაში პროდასავლური ორიენტაციის ჩაწერას. აღვნიშნავდი იმასაც, რომ დიდმა ნაწილმა არ იცოდა ამ შემოთავაზების შესახებ, მაგრამ ვინც იცოდა, ისინი მხარს უჭერდნენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მოსახლეობა ვერ ხედავს აუცილებლობას, არჩევანი გააკეთოს რუსეთსა და პროდასავლურ კურსს შორის.

მედიის და მისი მიკერძოებულობის აღქმის მხრივ თუ არის რაიმე ცვლილებები?

მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ საკმარის ინფორმაციას იღებდნენ პარტიაზე, რომელსაც მხარს უჭერენ. ეს რიცხვი წინა ხელისუფლების მიერ მასთ ქერის კანონის შემოტანის შემდეგ გაიზარდა. ამან პოზიტიური გავლენა იქონია ინფორმაციულ გარემოზე. ჩემი აზრით, საინტერესოა ცვლილებები ტელეკომპანია იმედის აღქმაში. ჩვენ მიერ გამოკითხვების ჩატარების პერიოდში იმედის აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრე ადამიანები იმედს ნაციონალური მოძრაობის მიმართ მიკერძოებულად ხედავდნენ, როგორც რუსთავი 2-ს, პირველ არხსა და აჭარის ტელევიზიას. კავკასიას, მაესტროს და მეცხრე არხს კი ოპოზიციურად განწყობილ არხებად აღიქვამდნენ. ახლა ადამიანების დიდი ნაწილი თვლის, რომ იმედი არცერთი მხარისადმი მიკერძოებული არ არის. საინტერესოა, რამდენად გაგრძელდება იმედის ასეთ ჭრილში დანახვა და რა გავლენას იქონებს ეს მისი კონკურენტების მიერ პოლიტიკის გაშუქებაზე.

არჩევნებამდე NDI ყურადღების ცენტრში იყო და ხშირად ბრალს სდებდნენ მიკერძოებულობაში. ახლა რას ფიქრობთ, რა შეიძლება ყოფილიყო ასეთი ბრალდების მიზეზი?

კონკრეტული ადამიანების მოტივაციებს ვერ გეტყვით, მაგრამ მიზეზის ნაწილი ალბათ ისიც არის, რომ საქართველოში პირველად იყო ასეთი კონკურენტული არჩევნები, რომლის დროსაც გამოკითხვებიც მიმდინარეობდა. არ მგონია, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ასეთი დონის გამოკითხვები ყოფილიყო. მეორე მხრივ, ადამიანების ნაწილმა გამოკითხვის შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. ერთ მაგალითს გეტყვით. ჩვენს ბოლო გამოკითხვაში მოსახლეობის 37%-მა განაცხადა, რომ მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერდნენ, 12% კი – ქართულ ოცნებას. პრესრელიზში, რომელიც გავავრცელეთ, აღვნიშნეთ, რომ არჩევნების ბედს გადაწყვეტდნენ ადამიანები, რომლებიც გამოკითხვაში უარს ამბობდნენ პასუხზე, არ ჰქონდათ მყარი პოზიცია ან არცერთ პარტიას არ უჭერდნენ მხარს. კროსტაბულაციებში ვნახეთ, რომ ეს ადამიანები იდეოლოგიურ ცენტრს იკავებდნენ, ნაკლებ ოპტიმისტურები იყვნენ, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და უფრო ოპტიმისტურები, ვიდრე ქართული ოცნების. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ადამიანმა მხოლოდ ორ მონაცემს, 37%-ს და 12%-ს შეხედა და დაასკვნა, რომ ეს რეალობას არ ასახავდა.

გამოკითხვის მიხედვით, ადამიანების უმრავლესობისთვის ინფორმაციის პირველწყარო ტელევიზიაა, პოლიტიკაზე კი ბირჟაზე ან სახლში, ოჯახის წევრებთან საუბრობენ. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს ქართული პოლიტიკური კულტურის განვითარებაზე და სად ხედავთ სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორიც NDI-ია, როლს მოსახლეობის პოლიტიკურ დებატში უფრო აქტიურად ჩართვაში?

ჩემი აზრით, ცუდი არაფერია იმაში, რომ ადამიანები პოლიტიკას ოჯახთან და მეგობრებთან განიხილავენ. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია. ადამიანები უფრო ხშირად პოლიტიკაზე სახლში საუბრობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ოჯახის წევრებს ესაუბრებიან. მოსაუბრე შეიძლება იყოს ნათესავი, მეგობარი ან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სახლში სტუმრად მოვა, შესაბამისად, ეს შეიძლება ადამიანების დიდი წრე იყოს. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების ნაწილს არჩევნებამდე ეს მოსახლეობაში პოლიტიკაზე საუბრის შიშის დასტურად მოჰყავდა. იმედია, ეს პოლიტიკოსები ახლა დაინახავენ, რომ ასე არ არის. ქვეყნების უმრავლესობაში ასე ხდება.

ის, რომ ადამიანები პოლიტიკაზე სახლში საუბრობენ, არ ნიშნავს, რომ ნაკლებად არიან ჩართულები. შეიძლება აქტიურად იყო პოლიტიკაში ჩართული და მაინც სახლში განიხილავდე პოლიტიკას. ასევე საინტერესოა, რომ ქალებისგან განსხვავებით, კაცები უფრო მეტად კომფორტულად გრძნობენ თავს პოლიტიკის განხილვისას ბირჟაზე ან სუფრაზე.

კომენტარები