განათლება

სასკოლო ოლქების კონცეფცია

0 კომენტარი
ფოტო: istockphoto.com

ინგლისური ხუმრობა

  • საჰაერო ბუშტის მფლობელმა კალათა მიწასთან ახლოს დაუშვა და ქვემოთ გამვლელ ქალს დაუძახა:
  • მიშველეთ, დავიკარგე, სად ვარ? მეგობარს დავპირდი, ერთი საათის წინ უნდა შევხვედროდი და არ ვიცი რა ვქნა.
  • თქვენ იმყოფებით დაახლოებით ოცი მეტრის სიმაღლეზე, 41,5º განედსა და 41,5º გრძედზე.
  • თქვენ ალბათ მასწავლებელი ხართ, არა?
  • დიახ, საიდან მიხვდით?
  • ჰმმ, ყველაფერი, რაც თქვენ მითხარით, ზუსტია, მაგრამ არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ფაქტია, რომ თქვენ ვერაფრით ვერ დამეხმარეთ. მეტიც, დრო დამაკარგინეთ.
  • თქვენ ალბათ განათლების ადმინისტრატორი ბრძანდებით, არა?
  • დიახ, საიდან მიხვდით?
  • ჰმმ, თქვენ არ იცით სად ხართ და საით მიდიხართ. საკუთარ მდგომარეობას მიაღწიეთ დიდი რაოდენობის ცხელი ჰაერის მეშვეობით. დაპირებას იძლევით, წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ შეასრულოთ და ელით, რომ ადამიანები თქვენ ნაცვლად გადაჭრიან თქვენს პრობლემას. ფაქტია, რომ ისევ იმ ადგილას ხართ, სადაც იყავით ჩემთან შეხვედრამდე, მაგრამ რატომღაც, ეს უკვე ჩემი ბრალია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების მართვის ახალი მოდელი შეიმუშავა. რამდენად გაუმჯობესდება სკოლებში მართვის პრაქტიკა, ცხადი არ არის. სამაგიეროდ, თვალსაჩინოა ახალი სქემის უარყოფითი პოტენციალი.

მოდელი სკოლების მართვის ახალი რგოლის შემოტანას გულისხმობს. საშუალოდ ათი სკოლისთვის ერთი თვითმმართველი სასკოლო ოლქი იქმნება, რომელიც მის სამოქმედო არეალში მცხოვრები არჩეული საზოგადოების ექვსი წარმომადგენლისა და სახელმწიფოს დანიშნული სამი წევრის მიერ იმართება.

ოლქს გადაეცემა იმ ფუნქციების ნაწილი, რასაც აქამდე სკოლა ან სახელმწიფო ფლობდა. უქმდება სასკოლო სამეურვეო საბჭოები. ოლქს გადაეცემა მისი ძირითადი ფუნქციები: დირექტორის არჩევა/გათავისუფლება; სტრატეგიული მიზნების დოკუმენტის, სასკოლო სასწავლო გეგმის, შინაგანაწესისა და ბიუჯეტის დამტკიცება. სახელმწიფოსგან ოლქი იღებს: ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას; კლასში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრას; სკოლების დახურვის და გაერთიანების გადაწყვეტილებების მიღებას; სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის გამოყოფილი სახელმწიფოს რესურსების განაწილებას. დამატებით, ოლქი ეცდება დონორების მოზიდვას და საინფორმაციო კამპანიების წარმოებას.

კონცეფციაში დასახელებულია ორი პრობლემა, რაც ოლქების მოდელმა უნდა გადაჭრას. პირველი, სამეურვეო საბჭოს წევრი მასწავლებლები ანგარიშვალდებულები იყვნენ მათი დამქირავებლის, დირექტორის მიმართ. მეორე აღწერილი პრობლემა ნაკლებად გასაგებია. კერძოდ, კონცეფციის მიხედვით, სამეურვეო საბჭოში შემავალი მშობლები დირექტორის არასათანადო გავლენას განიცდიან.

სქემაში დადებითი ისაა, რომ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვასა და საპროგრამო რესურსების განაწილებაში ადგილობრივი ორგანო ჩაერთვება. შესაძლოა დადებითად ჩავთვალოთ, რომ სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა, ჰყავდეთ უფრო მაღალი გავლენის მქონე წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს. მისასალმებელია მიდგომა, რომ სქემის დანერგვას განხილვისა და გამოცდის საფუძველზე გვპირდებიან. პრობლემები კი ახალ კონცეფციაში მრავალია. შევეცდები განვიხილო ზოგიერთი მათგანი.

კონცეფცია იმეორებს არსებული მოდელის პრობლემას. კერძოდ, გაურკვეველია, ვის მიმართ და როგორი პასუხისმგებლობა ექნება ოლქის თვითმმართველ ორგანოს. იგივე პრობლემა ჰქონდა სამეურვეო საბჭოებსაც. თუკი ოლქი ამტკიცებს სკოლის სტრატეგიულ გეგმას, ბიუჯეტს და სასწავლო გეგმას, შედეგზე პასუხისმგებლობაც ნაწილობრივ მას უნდა დაეკისროს. წარმოდგენილ სქემაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

სამაგიეროდ, ვიცით, რომ სკოლის დირექტორისთვის უპირატესად ოლქის ინტერესები იქნება მნიშვნელოვანი და მხოლოდ შემდეგ – სკოლის. ახალი მოდელით, სკოლაში მშობლებს მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია ენიჭებათ. აღარც მოსწავლეები იქნებიან მართვაში ჩართული. დირექტორის ძალაუფლება სკოლის ფარგლებში იზრდება, ხოლო გამჭვირვალობის, შეკავებისა და ბალანსის მექანიზმები მცირდება. ჩნდება რისკი, რომ სკოლის დონეზე დირექტორმა შეუზღუდავი, დაუბალანსებელი ძალაუფლება მოიპოვოს.

იზრდება სახელმწიფოს მხრიდან სკოლების პოლიტიზების შესაძლებლობა. 2010-12 წლებში, არაერთი სკოლის სამეურვეო საბჭო შეეწინააღმდეგა სამინისტროს გადაწყვეტილებას, სკოლის დირექტორის პოლიტიკური ნიშნით ან დაუსაბუთებლად გათავისუფლების თაობაზე. სახელმწიფომ ყველა ასეთ შემთხვევაში დაშალა სამეურვეო საბჭო და თავისი გაიტანა, მაგრამ თითოეულ ამგვარ მოქმედებაში პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია. არსებულ რეალობაში სახელმწიფოსთვის უფრო რთული გახლდათ, პოლიტიკურად ჩარეულიყო 2000 საჯარო სკოლის თვითმმართველობაში, ვიდრე ახალი მოდელით, სადაც ამისთვის დაახლოებით 300 სასკოლო ოლქის კონტროლი დასჭირდება.

სკოლის გარეთ არსებული ბიუროკრატიული ორგანო ამცირებს გადაწყვეტილებების სისწრაფეს, მოქნილობას და ეფექტურობას. სკოლას ბიუჯეტის ცვლილებების შეთანხმება მოუწევს ოლქთან. წარმოვიდგინოთ, რომ ოლქში კვორუმი არ იკრიბება. სანამ რაიმე პროცედურებით ახალი შემადგენლობა შეიკრიბება, შეიძლება პროცესი შეფერხდეს. ბიუროკრატიულობის მაღალი, ხოლო პასუხისმგებლობის დაბალი ხარისხით ახალი მოდელი იძლევა 2005 წლამდელი ვითარების დაბრუნების შესაძლებლობას, როდესაც რაიონული და საქალაქო განყოფილებები სისტემაში მრავალ უსარგებლო ბარიერს ქმნიდნენ.

ვითარების გაუმჯობესება შესაძლებელია მოქმედი თვითმმართველობის ფარგლებშიც. ამისთვის საჭიროა პრობლემებისა და მათი საფუძვლების სერიოზულად განხილვა. სამართლებრივად დღევანდელი სკოლა ავტონომიურია, თუმცა, რეალურად, თვითმმართველობის განხორციელება მათ ძალიან უჭირთ. ამის მიზეზები უფრო ფართო სისტემაში უნდა ვეძებოთ, ვიდრე სამეურვეო საბჭოა.

სკოლის მმართველებს, დირექციასა და სამეურვეო საბჭოს რამდენიმე მიზეზის გამო არ შეუძლიათ, ან არ უნდათ, აქტიური სასკოლო პოლიტიკის წარმართვა. ხშირად ამ პრობლემის საფუძველს მმართველთა დაბალ კომპეტენციაში ეძებენ. ამ თვალსაზრისით სკოლები მნიშვნელოვნად განსხვავდება. უფრო მნიშვნელოვანია პრობლემები, რომლებიც იმ სკოლების წარუმატებლობასაც განაპირობებს, სადაც მაღალი კომპეტენციების ხალხია დასაქმებული და იმ სკოლებისაც, სადაც გამართული სისტემის პირობებში უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ.

მაგალითად, სახელმწიფო ნელ-ნელა ნერგავდა სკოლების გარკვეული ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტებს (ბრენდირება, ავტორიზაცია, აკრედიტაცია, გამოსაშვები გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით დირექტორების დაჯილდოება/დასჯა), მაგრამ ეს სქემები ნაკლებად ახალისებდა სტრატეგიული დაგეგმვისა და სისტემური მიდგომის საჭიროებას. სასკოლო გამოსაშვები გამოცდები მათი შემოღების გადაწყვეტილებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ჩატარდა. სახელმწიფომ ამ გამოცდების შედეგების მიხედვით დასაჯა და დააჯილდოვა სკოლის დირექტორები, რითიც ისეთი მიდგომები წაახალისა, რაც მაჩვენებლების სწრაფ და არა გრძელვადიანი სტრატეგიის საფუძველზე გაუმჯობესებას გულისხმობს (მაგალითად, მოსწავლეების ჩატოვება, გაყრა და ა.შ.). ოლქების შემოღება ამ პრობლემას არ პასუხობს. საჭიროა ანგარიშვალდებულებების მკაფიო სისტემის არსებობა.

სახელმწიფო არათუ ხელს არ უწყობდა, არამედ უშლიდა კიდეც სკოლების ინიციატივებს. რაც მეტად იაქტიურებს სკოლა, მით მეტია რისკი, რომ რომელიმე პროცესის დოკუმენტირებისას შეცდომას დაუშვებს, რასაც სანქციები მოსდევს. მაგალითად, ძალიან რთულია სკოლისთვის შესყიდვების სამართლებრივად სწორად განხორციელება. შესაბამისად, სკოლის ადმინისტრაციისთვის სტრუქტურულად უფრო უსაფრთხოა, რომ რაც შეიძლება ნაკლები აკეთოს სკოლის განვითარებისთვის. საჭიროა რეგულაციების გამარტივება და ზოგიერთი ფუნქციის განხორციელებაში სკოლების დახმარება.

სკოლებს პრობლემები აქვთ როგორც სიმბოლური, ისე ფინანსური კაპიტალის თვალსაზრისით და სკოლის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არ აქვთ მაღალი ლეგიტიმაცია. სახელმწიფო ხელს არ უწყობს იმ აღქმის დამკვიდრებას, რომ სკოლაში არსებობს მართვისთვის საკმარისი კომპეტენციები. ასევე მნიშვნელოვანია თამაშის სწორი წესების დამკვიდრებაც. მაგალითად, საკმარისი იყო 2010-12 წლებში სამინისტროს ანგარიშვალდებულება შეემცირებინა საზოგადოების წინაშე, რომ იგივე გააკეთეს სკოლებმაც. თუ სამინისტრო მოქალაქეს პასუხს არ სცემს, მაშინ სკოლებიც სწრაფად ითვისებენ ამ სტანდარტს. საჭიროა, სახელმწიფო აიძულებდეს სკოლების მმართველ ორგანოებს, რომ საზოგადოების მიმართ დაკისრებული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტები დააკმაყოფილონ. ეს შესაძლებელია ინფორმაციის გასაჯაროების დავალდებულებით და სხვა.

სკოლის დონეზე გადაწყვეტილებების მაღალ ლეგიტიმაციას სახელმწიფოს მიერ სკოლების მიკრომენეჯმენტიც უშლის ხელს. ასეთი პროცესი იყო, მაგალითად, საშტატო განრიგების დამტკიცება. სახელმწიფო პერსონალის (ლაბორანტი, დამხმარე მასწავლებელი, ექიმი და ა.შ.) განსაზღვრაში ერეოდა, რითაც სკოლებს თავიანთი პროფილის განვითარება შეუზღუდეს.

თვითმმართველობას შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის აუცილებელია კომპლექსურად მკურნალობა, რაც სწორ კვებას, ვარჯიშს, ჯანსაღ ფიზიკურ გარემოსა და წამლებს მოიცავს. აქვე წარმოიდგინეთ ისიც, რომ გაქვთ შეზღუდული ბიუჯეტი და, ამავდროულად, ექიმის მიერ დანიშნული წამლები, რომელთა მინიმალური ფასიც წინასწარ არის განსაზღვრული და რომელსაც თქვენი ბიუჯეტის 70-90% მიაქვს. ამავე დროს, ექიმი ერევა თქვენს უმრავლეს გადაწყვეტილებაში და წელიწადში რამდენჯერმე გიცვლით წამლის ფასებსაც. ამგვარ ვითარებაში რთულია, რომ თქვენი მკურნალობა მართლაც კომპლექსურად მიმდინარეობდეს. ძირითადად, მიჯაჭვული იქნებით წამლებზე და დანარჩენისთვის სახსრები არ გეყოფათ.

მსგავსი ვითარებაა სკოლებშიც. მცირე დაფინანსება და სახელმწიფოს დადგენილი ნორმები პრაქტიკულად არ ტოვებს თავისუფალ თანხას, რის შესახებაც სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სახელმწიფო ნორმებს ხშირად ცვლის, რაც გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას ამცირებს. თუ ყველაფერი წინასწარ განაწილებულია, ვერც სკოლის განვითარებაზე იზრუნებ და ვერც ბიუჯეტს დაგეგმავ. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოებში მონაწილეობის ინტერესიც დაბალია. ამიტომ, საჭიროა რეგულაციების სტაბილიზირება და დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდაც.

ჩამოთვლილი პრობლემები მხოლოდ ერთი ნაწილია, რაც ამ კონცეფციით არ გადაიჭრება. არც იმ პრობლემების ჩამონათვალია სრული, რაც შემოთავაზებული გეგმით შეიძლება შეიქმნას. ახალი სქემით, როგორც ეფექტურობის, ისე დემოკრატიულობის ხარისხის ზრდაც სათუოა. მისი დანერგვისთვის კი ძალიან დიდი რესურსის გაღება იქნება საჭირო. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ აქამდე არსებული მოდელის ამუშავებაზე უკვე დახარჯულ რესურსებს და დაგროვილ გამოცდილებას გამოიყენებენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები