საპროტესტო აქცია

1 მაისის აქციის მონაწილეების ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

1 მაისის აქციის მონაწილეთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პოლიციამ უფლებამოსილების გადამეტებით დღევანდელი მანიფესტაცია ჩაშალა. 

"დღეს სტუდენტების ინიციატივით ჩატარდა მშვიდობიანი მანიფესტაცია პირველი მაისის, მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. მანიფესტაციაში მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ძალადობისა და იმ არაადამიანური, დამამცირებელი და დისკრიმინაციული ვითარების წინააღმდეგ, რომელიც ჩამოყალიბდა დასაქმების სფეროში წინა ხელისუფლების დროს.

მანიფესტაციის მსვლელობა იყო იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ ტროტურარზე ვერ მოთავსდა და მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. ამას მოყვა პოლიციის მხრიდან მცდელობა დემონსტრანტების ტროტუარზე დაბრუნებისა, რომელსაც დემონსტრაციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა. სამწუხაროდ, ამას მოყვა არაადექვატური ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან და პოლიციელებისა და დემონსტრანტების დაპირისპირება, რის შედეგადაც ბევრი დემონსტრანტი დააკავეს, ბევრი კი დაშავდა.

ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით,რომ პოლიცია მზად არ აღმოჩნდა ამგვარი მანიფესტაციების დროს წესრიგის სრულფასოვანი დაცვისთვის. პოლიციამ არათუ ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა უფლებების დაცვა და ხელი არ შეუწყო მანიფესტაციის მშვიდობიან ჩატარებას, არამედ უფლებამოსილების გაადმეტებით და ძალადობით ჩაშალა მანიფესტაცია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს სათანადოდ შეისწავლონ მომხდარი და მიიღონ ზომები ამგვარი შემთხვევების მომავალში გამოსარიცხად.

მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ მომხდარის გამოყენებისგან პოლიტიკური მანიპულირებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ინციდენტი იყო წინა რეჟიმის მიერ დამკვიდრებული ძალადობრივი სისტემის ნარჩენი გამოხატულება."

განცხადებას ხელს აწერენ აქციის მონაწილეები:

თორნიკე კვანჭიანი,სტუდენტი, ლაბორატორია 1918

გიორგი ნადარაია, სტუდენტი, ლაბორატორია 1918

მარიამ შენგელია, სტუდენტი, სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის

გელა ბანძელაძე, პოლიტოლოგი, ლექტორი

გიროგი კევლიშვილი, მხატვარი

ბაქარ ბერეკაშვილი, პოლიტოლოგი, ლექტორი

უტა ბიწაძე, ჟურნალისტი

მარინა მუსხელიშვილი, პოლიტოლოგი, პროფესორი

დავით ადეიშვილი, ეკონომიკის დოქტორი

ნატა სამადაშვილი, სტუდენტი, ლაბორატორია 1918

ნათია ქევხიშვილი, ჟურნალისტი

ქეთი ამირეჯიბი, ისტორიკოსი

ნატო სოფრომაძე

ნათია მეზვრიშვილი

ხელმოწერები გრძელდება.

ლაბორატორია 1918-ის ორგანიზებით მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისში აქცია ჩატარდა. აქციის მსვლელობისას ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგადაც პოლიციამ ლაბორატორია 1918-ის 15-ზე მეტი წევრი დააკავა. პოლიციის განცხადებით, ისინი მსვლელობისას გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, ხელი შეუშალეს ტრანსპორტის გადაადგილებას და დააზიანეს მოქალაქის მანქანა. აქციის მონაწილეების თქმით, დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა და მხოლოდ მას შემდეგ მოხდა დაპირისპირება, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

მოგვიანებით პოლიციამ დაკავებულები გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დემონსტრანტები მანიფესტაციის დროს გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ და პატრულის მანქანა დააზიანეს. შსს-ის თქმით, მიმდინარეობს საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოება. 

კომენტარები