ბოსტონის ტერაქტი

ბოსტონის „ჩეჩნური” ტერაქტი გლობალური პოლიტიკის კონტექსტში

ბოსტონში, ყოველწლიური მარათონის დროს, ორშაბათს, 15 აპრილს, საზარელი ტერაქტი მოხდა. დაიღუპა სამი და დაშავდა 183 ადამიანი. ეჭვმიტანილთა შეპყრობის ოპერაციის დროს, პარასკევს, 19 აპრილს, სასიკვდილოდ დაიჭრნენ პოლიციის ოფიცერი და ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 26 წლის ტამერლან ცარნაევი. მეორე ეჭვმიტანილს, ტამერლანის ძმას, 19 წლის ჯოხარს, იმავე საღამოს მძიმედ დაჭრილს მიაგნეს და საავადმყოფოში მოათავსეს.

ესაა პირველი შემთხვევა, როცა ჩეჩნური წარმომავლობის პირები ეჭვმიტანილნი არიან შეერთებული შტატების მიწაზე ტერორისტული აფეთქებების ორგანიზებაში და აღნიშნული გარემოება უკვე იქცა არაერთი იმგვარი ინტრიგისა და სპეკულაციის მიზეზად, რომელშიც იხლართება ჩრდილოეთ კავკასიაში ამბოხებულ ისლამისტთა მოძრაობა, გლობალური ტერორისტული ქსელი, აშშ-ის სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტიანობა და, რაც არანაკლებ საინტერესოა, აშშ-რუსეთის ურთიერთობების აწმყო და მომავალი. რას წარმოადგენს ბოსტონის ტერაქტი? თავზეხელაღებული ძმების თვითშემოქმედებასა და იზოლირებულ ინციდენტს თუ ამერიკის წინააღმდეგ მიმდინარე დიდი საერთაშორისო შეთქმულების ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს? ვინ წააგებს და ვინ მოიგებს ამ სულისშემძვრელი ბოროტმოქმედების შესაძლო შედეგებით?

მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ტყუპი აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი ძმები ცარნაევები, ამერიკული მედიის ცნობით, ყირგიზეთში დაიბადნენ. სანამ მათი ოჯახი ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნით შეერთებულ შტატებში ჩავიდოდა 2002 წელს, რაღაც დროის განმავლობაში, 1990-იან წლებში, დაღესტანში ცხოვრობდა. ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდათ თუ არა რაიმე ფორმით უშუალო კავშირი ცარნაევებს ჩეჩნეთის ომთან ან დაღესტანში ისლამისტ ამბოხებულთა მოძრაობასთან მანამ, სანამ ამერიკაში წავიდოდნენ, ან ემიგრაციის შემდეგ. მაგრამ ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველები მიუთითებენ იმაზე, რომ ცარნაევების ცხოვრების ცენტრალურაზიური და დაღესტნური ეპიზოდები პირდაპირ კავშირშია საბჭოთა პერიოდში 1940-იან წლებში განხორციელებულ ჩეჩნების ულმობელ დეპორტაციასთან და 1990-იან წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტასთან, რამაც საბოლოო ჯამში აიძულა ეს ოჯახი – ისევე, როგორც ათასობით სხვა ჩეჩენი – ევროპასა და ამერიკაში ეთხოვა თავშესაფარი.

შაბათს, 20 აპრილს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა ჯგუფს შეხვდა ახალთახალი ინფორმაციის მიღებისა და გამოძიების ამოცანებზე მოთათბირების მიზნით. სატელევიზიო გამოსვლების დროს ობამამ პირობა დადო, რომ აშშ-ის შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გამოიკვლიონ ბოსტონის აფეთქებების მომწყობთა მოტივაცია და კავშირები, აგრეთვე ის, უწევდა თუ არა მათ ვინმე დახმარებას.

FBI ძებნას აცხადებს ტერაქტში ეჭვმიტანილ ძმებ ცარნაევებზე
ფოტო: Reuters
მასაჩუსეტსის შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ამიტომაც მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ მთავრობა ამ საქმის ფედერალურ დონეზე სასამართლო გარჩევას შეეცდება, რათა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ. შეერთებული შტატების ამ ჩეჩნურ საგას ისიც ამძაფრებს, რომ თავისი ძმის, სპეცოპერაციის დროს მოკლული ტამერლანისგან განსხვავებით, რომელსაც აშშ-ის მუდმივი ბინადრის სტატუსი ჰქონდა, ჯოხარი ამერიკის მოქალაქეა.

საქართველოსთვის კარგად ცნობილმა ორმა გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრემმა, მოითხოვა უმცროსი ცარნაევის „მტრული მეომრის" (enemy combatant) სტატუსით გასამართლება არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო სასამართლოს მეშვეობით​​, მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ ეს მოსაზრება არ გაიზიარა.

ბოსტონის აფეთქებებში ცარნაევების შესაძლო მონაწილეობის შესახებ პირველი ცნობების გავრცელების კვალდაკვალ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია მათი რუსულ-კავკასიური კავშირებისა და კრემლის რეაქციის თაობაზე. როგორც ირკვევა, 2011 წელს ტამერლან ცარნაევი შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დაკითხა „უცხოური მთავრობის" მომართვის შემდეგ, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა, რადგანაც „წუხილის მიზეზი" ვერ იპოვეს. ფიქრობენ, რომ ამ მომართვის ავტორი რუსეთის მთავრობა უნდა ყოფილიყო.

კიდევ ერთი საგულისხმო ეპიზოდი შეეხება ტამერლანის ექვსი თვით წასვლას რუსეთის ფედერაციაში 2012 წლის პირველ ნახევარში. FBI-ის ანონიმური წყაროს ცნობით, დაღესტანი და ჩეჩნეთი ამ ხანგრძლივი მოგზაურობის დანიშნულების ადგილები იყო. ზოგი კომენტატორი ვარაუდობს, რომ ჩრდილოკავკასიური მივლინების დროს ცარნაევი ისლამისტ ამბოხებულთა ბანაკებში წვრთნის კურსს გადიოდა, სხვები კი ფიქრობენ, რომ სტუმრობდა მძიმედ ავადმყოფ მამას, რომელმაც შარშან, გერმანიაში ოპერაციის გაკეთების შემდეგ, დაღესტანს მიაშურა. FBI-ის ანონიმური წყაროს მოშველიებით ზოგი იმასაც ამტკიცებს, ცარნაევი რუსეთში ყალბი გვარ-სახელით იმყოფებოდა და რუსეთის სპეცსამსახურებს მისი ასავალ-დასავალი ამიტომაც გამოეპარათო.

შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურებმა უკვე ამოიღეს ძმები ცარნაევებისა და მათი ოჯახის წევრების, მათ შორის, ტამერლანისა და ჯოხარის დების პირადი კომპიუტერები. გამომძიებლები იმედოვნებენ, რომ ელფოსტისა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მოპოვებით შეძლებენ გამოძიების წარმატებით დასრულებას. ეჭვმიტანილთა მოტივაციის დადგენა და დანაშაულებრივი კავშირების აღმოჩენა ამერიკელ გამომძიებელთა მთავარი ამოცანებია.

ბოსტონში მომხდარი ტრაგედია ააშკარავებს იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურები დგას. კომენტატორები აღნიშნავენ კოორდინაციის ნაკლებობას და ხარვეზებს ოპერატიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა პრევენციის მხრივ. აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განეწყო კონგრესიც.

ზოგმა მიმომხილველმა მკაცრი კრიტიკა გამოთქვა FBI-ის იმ გავრცელებული პრაქტიკის მიმართ, როცა მისი გადაცმული აგენტები, რომლებიც ტერორისტებად ასაღებენ თავს, აქეზებენ „საეჭვო პირებს" და უბიძგებენ მათ დანაშაულის ჩადენისკენ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაცემით. FBI-ის აგენტების ასეთი საქმიანობა კანონიერია და ამ ვითომ ტერორისტების მიერ გადაბირებული პირის დაპატიმრება დადგმულ-გათამაშებული „ტერორისტული აქტის" მოწყობის ფაქტზე ხდება.

ამ დროს, რა თქმა უნდა, არავინ იღუპება, რადგანაც საეჭვო პირებისთვის გადაცემული „ასაფეთქებელი მოწყობილობები" სინამდვილეში უვნებელია, მაგრამ სასამართლოებს მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვთ, რადგანაც, როგორც პულიცერის პრემიის ლაურეატი დევიდ შიპლერი წერდა New York Times-ში 2012 წლის 28 აპრილს, ამერიკაში „კანონი მოითხოვს იმას, რომ ადამიანმა არ გამოავლინოს რაიმე მიდრეკილება (predisposition) დანაშაულის ჩადენისკენ მაშინაც კი, როცა მას ამისკენ მთავრობის აგენტები უბიძგებენ". შიპლერი, ზოგიერთი სხვა მიმომხილველის მსგავსად, არა მარტო არალეგიტიმურად მიიჩნევს პრევენციის ამ ნებადართულ მეთოდს, არამედ დაასკვნის, რომ ტერორისტული სქემების გათამაშება ადუნებს უშიშროების სამსახურებს და რეალური საფრთხეების აღქმის უნარსაც უქვეითებს.

გარდა ამისა, „გათამაშებული ტერაქტები" ხელს უწყობს ათას მითქმა-მოთქმას და შეთქმულების თეორიების მოყვარულებს ფანტაზიებს უღვივებს. 20 აპრილს Fox News-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ერთი რიგითი ამერიკელის წერილი, რომელიც ამტკიცებს, რომ კარგად იცნობდა ძმები ცარნაევების ოჯახს, განსაკუთებით დედას. ზუბეიდა ცარნაევა, პუბლიკაციის მიხედვით, ეჭვქვეშ აყენებდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ოფიციალურ ვერსიას და ამტკიცებდა, რომ „ამერიკის მთავრობამ განზრახ მოაწყო ისინი, რათა ამერიკელებისთვის მუსლიმები შეეძულებინა". ჩემი ვაჟი ტამერლანიც ასე ფიქრობსო – უთქვამს ქალბატონ ცარნაევას.

სპეცოპერაცია ეჭვმიტანილების დასაკავებლად
ფოტო: Reuters
ამერიკელ მიმომხილველთა ერთ-ერთი ვერსიით, კრივსა და ჭიდაობაში გაწაფული და „სულ უფრო და უფრო რელიგიური" ტამერლანი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ისლამისტ მეამბოხეთა ორგანიზაცია კავკასიის საამიროსთან, რომელსაც დოკუ უმაროვი მეთაურობს. 2011 წელს, რუსეთის მოთხოვნით, აღნიშნული ორგანიზაცია გაეროს სანქციათა კომიტეტის სიაში მოხვდა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, იმავე წელს, ასევე რუსეთის დაჟინებული თხოვნით, „უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორიზმის კოორდინატორმა დანიელ ბენჯამინმა 19 აპრილს პრესას განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „აშშ-ისა და რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საფრთხის საპასუხოდ".

ამერიკელი პოლიტოლოგები მიუთითებენ იმ გადამწყვეტ როლზე, რომელიც უმაროვმა ითამაშა ჩეჩნეთის და, ზოგადად, ჩრდილოკავკასიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ისლამისტურ რევოლუციად გადაქცევაში და აღნიშნავენ, რომ პუტინის რუსეთის შეურიგებლობამ იმ ზომიერი პოლიტიკური ძალებისადმი, რომლებიც ეთნიკურად არარუსი ჩრდილოკავკასიელების ავტონომიას მოითხოვდნენ, და არაპროპორციული, უხეში სამხედრო ძალის განურჩევლად გამოყენებამ, გზა გაუხსნა რადიკალური ისლამის მიმდევრებს და რელიგიურ მეამბოხეებს, რომლებმაც ტერორისა და უკომპრომისო რევოლუციის გზა აირჩიეს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

21 აპრილს ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეთა ინტერნეტგამოცემა კავკაზცენტრმა, გამოაქვეყნა „კავკასიის საამიროს დაღესტნის პროვინციის მოჯაჰედების სარდლობის განცხადება", რომელშიც აღნიშნულია: უსაფუძვლოა ყოველგვარი ეჭვი და მტკიცება, რომ თითქოსდა ტამერლან ცარნაევის ყოფნა დაღესტანში 2012 წელს რამენაირად უკავშირდება კავკასიის საამიროს საქმიანობას. „კავკასიელი მოჯაჰედები არ ეომებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ რუსეთთან, რომელიც პასუხისმგებელია არა მარტო კავკასიის ოკუპაციისთვის, არამედ მუსლიმთა წინააღმდეგ ჩადენილი საზარელი დანაშაულისთვის". მოჯაჰედები მოუწოდებენ ამერიკის მედიასაშუალებებს, ნუ მოახდენენ რუსეთის პროპაგანდის ტირაჟირებას და აშშ-ის მთავრობას სთხოვენ, ძალისხმევა მიმართოს ბოსტონის ტერაქტში „რუსეთის უშიშროების სამსახურების მონაწილეობის" გამოძიებისაკენ.

როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 20 აპრილს ვლადიმირ პუტინი თავისი ინიციატივით პრეზიდენტ ობამას ტელეფონით ესაუბრა. „ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა დაინტერესება, რათა გაიზარდოს კოორდინაცია რუსეთისა და ამერიკის სპეცსამსახურებს შორის საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში".

ამერიკულ პრესაში უკვე გამოჩნდა სტატიები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ბოსტონის ავბედითმა ისტორიამ შეიძლება ხელი შეუწყოს აშშ-რუსეთის ურთიერთობათა დათბობას და თანამშრომლობის განმტკიცებას, განსაკუთრებით დღევანდელ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც გადატვირთვის პოლიტიკის მიუხედავად, სირიის კრიზისი, „მაგნიტსკის სია", რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა და სხვა საკამათო საკითხები თანამშრომლობის არეალს სახიფათოდ ავიწროებს და თითქმის ჩიხში აქცევს ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს.

ტერაქტის დროს დაღუპული მარტინ რიჩარდი
ფოტო: Reuters
ამერიკელებისა და მათი პრეზიდენტისთვის ბოსტონის კვანძის გახსნაში მთავარი ისაა, რომ ზედმიწევნით სრულყოფილად გაირკვეს დანაშაულის ანატომია, დინამიკა და დამნაშავეთა მოტივაცია, შესაბამისად, სამართალმა იზეიმოს და მომავალში მსგავსი რამ გამოირიცხოს. შეერთებული შტატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნას ის ხარვეზები, რომლებიც უშიშროების სამსახურების მუშაობაში შეინიშნება. ბოსტონის ტერაქტი კონგრესსა და თეთრ სახლს შორის წინააღმდეგობის ახალ მიზეზად შეიძლება იქცეს, თუ გავიხსენებთ იმ დაძაბულობასა და უხერხულობას, რომელიც ობამას ადმინისტრაციას წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკურმა უმრავლესობამ შეუქმნა ლიბიაში მომხდარი ტერაქტის დროს ამერიკელი დიპლომატების დაღუპვის შემდეგ.

რაც შეეხება რუსეთს, იგი, სავარაუდოდ, შეეცდება ბოსტონის „ჩეჩნური ტერაქტი", ამერიკელთა ბუნებრივი გაბრაზება და ამერიკული სპეცსამსახურების მუშაობის ხარვეზები სათავისოდ, გეოპოლიტიკური მისწრაფებებისათვის გამოიყენოს.

ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედების თავისუფლებაზე კარტბლანშის მიღება, ალბათ, მოსკოვის ყველაზე დიდი მოგება იქნება. კრემლს აღარ გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ ტერორიზმის „ბაცილით" შეპყრობილი კავკასიელების დათრგუნვა და წესრიგის დამყარება მხოლოდ რკინის ხელით შეიძლება და ვინც ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სპეცოპერაციათა პროპორციულობასა და ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს და თვალს არ ხუჭავს რუსეთის ტლანქ პოლიტიკაზე, ნებით თუ უნებლიეთ, ბოსტონის ტერაქტის მსგავს ბოროტმოქმედებებს უწყობს ხელს.

პუტინი ყოველთვის ამტკიცებდა, ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტ ამბოხებულთაგან მომდინარე საფრთხეებს აშშ სათანადოდ არ აფასებსო. კავკასიის საქმეთა „ინტერნაციონალიზაცია", ჩეჩნების დემონიზაცია და რუსეთის გასაჭირის გლობალურ გასაჭირად ქცევა, განსაკუთრებით 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელ პერიოდშია საშური. რუსეთის პრეზიდენტის პრესატაშემ დმიტრი პესკოვმა მედიას უკვე აუწყა, რუსეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს მჭიდრო კონტაქტები ექნებათო. პუტინის საგარეო პოლიტიკის ნიშანსვეტი ყოველთვის იყო გლობალური პოლიტიკისთვის რუსეთის საჭიროებისა და მნიშვნელობის ხაზგასმა. ამ მხრივ, ბოსტონის ტერაქტი რუსეთის ხელისუფლებას დამატებით შესაძლებლობებს უქმნის, ამერიკაზე ფარდობითი უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

კომენტარები