ელიტური კორუფცია

TI: ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანიასთან დაკავშირებული მოვლენები გონივრულ ეჭვებს წარმოშობს

საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანიის „ფუდ ლაინ ჯორჯიას“-სთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში „ფუდ ლაინ ჯორჯიას“-ს მონაწილეობით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის მიერ გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ დაინტერესდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველომ გამოიკვლია აღნიშნული კომპანიის მონაწილება თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და დაასკვნა:
”მიუხედავად იმისა, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე არ შეიძლება დავასკვნათ, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას ან კორუფციულ გარიგებას, ცხადია, რომ ირინა იმერლიშვილის მეუღლის დირექტორად დანიშვნა აუქციონამდე ერთი დღით ადრე და კომპანიის გასხვისება იმ პირობით, რომ იგი თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვებდა, გონივრულ ეჭვებს წარმოშობს”, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამ დასკვნამდე განცხადებაში მოყვანილია კომპანია „ფუდ ლაინ ჯორჯიასა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობის დეტალები, ასევე უშუალოდ კომპანიის მესაკუთრეებთან დაკავშირებული ინფორმაცია. განცხადების ამ ნაწილს ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:   
”2013 წლის 18 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ორი ელექტრონული  ტენდერი (SPA130004297, SPA130004296), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის მიზნით, რომელთა შესყიდვის საერთო ღირებულება შეადგენდა შესაბამისად  73,932.200 და 34,739.500 ლარს. ორივე ტენდერში შპს „ფუდ ლაინ ჯორჯიამ“ მიიღო მონაწილეობა. კომპანიის გენერალური დირექტორი ირინა იმერლიშვილის მეუღლე შალვა ბებოშვილია.
სამეწარმეო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შალვა ბებოშვილი შპს „ფუდ ლაინ ჯორჯიას“ დირექტორად 2013 წლის 4 აპრილს დაინიშნა (გვ. 5), თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში წინადადების მიღების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. იმავე დღეს, „ფუდ ლაინ ჯორჯიას“ 100% წილის მფლობელმა კონსტანტინე მანაგაძემ კომპანია ვინმე არჩილ ტუღუშზე გაასხვისა (გვ. 9).
აღსანიშნავია ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის შინაარსი (გვ. 14), რომლის თანახმად: ნასყიდობის საგნის უკან დაბრუნება შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევაში თუ  შპს „ფუდ ლაინი ჯორჯია“ ვერ გაიმარჯვებს საქართველოს თავდცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის (CPV 55500000 – სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურებები) შესყიდვის ელექტონულ ტენდერში, რომელიც ტარდება 2013 წლის 15 აპრილამდე.  
რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის 10 აპრილს ვაჭრობის შედეგად პირველ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ფუდ ლაინ ჯორჯია“ (ს.კ. 205289463) გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით დისკვალიფიცირებულ იქნა ტექნიკური დოკუმენტების წარუდგენლობის გამო. კერძოდ, შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისიამ კომპანიას დაავალა კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილი შენიშვნების აღმოფხვრა არაუგვიანეს ამა წლის 15 აპრილისა. კომპანიამ შენიშვნები აღმოფხვრა, თუმცა მოგვიანებით და არა დადგენილ ვადებში. კომისიის ოქმში წერია, რომ შპს „ფუდ ლაინ ჯორჯიას“ მიერ შესაბამისი ონფორმაციის/დოკუმენტაციის უმეტესი ნაწილი სისტემაში აიტვირთა 2013 წლის 16 აპრილს 00 საათსა და 01 წუთიდან და 2 საათისა და 49 წუთამდე,  რაც კომისიამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევად ჩათვალა. ამ მიზეზით 16 აპრილს სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს „ფუდ ლაინ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციის შესახებ.
თავდაცვის სამინისტროს 34.739.500 მილიონ ლარის ღირებულების მეორე ტენდერშიც (SPA130004296) „ფუდ ლაინ ჯორჯია“ გამოცხადდა გამარჯვებულად, რომელმაც დისკვალიფიცირებული შპს „ლამპარი 2008“ ჩაანაცვლა. თავდაპირველად ტენდერში  შპს „ლამპარი 2008-მ“ გაიმარჯვა, თუმცა 2013 წლის 16 აპრილს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა მისი დისკვალიფიკაცია, სატენდერო დოკუმენტაციის დროულად წარუდგენლობის გამო. ამავე სხდომაზე სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მიემართა სატენდერო წინადადების მომდევნო დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტისთვის – შპს „ფუდ ლაი ჯორჯიასთვის“. კომპანიას დავალებული აქვს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა 2013 წლის 19 აპრილამდე. თუ კომპანია დააკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს, იგი გამოცხადდება გამარჯვებულად და გაუფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
ამასობაში „ფუდ ლაინ ჯორჯიას“ მფლობელთა მონაცემებში კვლავ განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, 2013 წლის 16 აპრილს კომპანიის 50%  1 ლარად გასხვისდა ისრაელის მოქალაქე მერაბ კიკოზაშვილზე იმ პირობით, რომ  მყიდველი მოახდენს კომპანიაში 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას (გვ. 8). თუმცა, ინვესტირება განხორციელდება ეტაპობრივად. ინვესტირების ეტაპები განისაზღვრება იმ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკით, რომელიც დადგინდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის (CPV 55500000 – სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურებები) შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „ფუდ ლაინ ჯორჯიას“ შორის დადებული ხელშეკრულებით.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ფუდ ლაინ ჯორჯიას“ 2013 წლის 5 აპრილამდე არასოდეს მიუღია მონაწილეობა ელექტრონულ ტენდერებში. ასევე უნდა ითქვას, რომ კომპანია „ფუდ ლაინ ჯორჯია“ თავდაცვის სამინისტროს პირველი ტენდერიდან დისკვალიფიცირებულ იქნა ამ საკითხის საჯაროდ გახმაურებამდე”.  

კომენტარები