სტრასბურგი

ევროსასამართლომ ე.წ. იმედის ჟურნალისტების საქმე დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - გიორგი ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს საქმე ცნობილია, როგორც ე.წ. იმედის ჟურნალისტების საქმე. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არგუმენტები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში მომზადდა და საქმე დაუშვებლად გამოცხადდა.
გიორგი ახვლედიანი და სხვები ევროსასამართლოში ჩიოდნენ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციამ, რომელიც ტელეიმედის შენობაში შეიჭრა, დაარღვია მათი უფლებები, ხოლო სასამართლომ დროულად არ გამოიძია ეს შემთხვევები.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოსარჩელე მხარეს ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი სასამართლოსთვის პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიების მოთხოვნით არ მიუმართავს. მოსარჩელე მხარემ სასამართლოში სარჩელი 2009 წლის დეკემბრის დასაწყისში ანუ 2007 წლის 7 ნოემბრიდან ორი წლის შემდეგ შეიტანა. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო სამსახურმა საქმის განხილვა 2009 წლის 14 დეკემბრიდან დაიწყო. 
როგორც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, ევროსასამართლოსთვის არასაკმარისი აღმოჩნდა მოსარჩელე მხარის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასჭირდათ მათ ორი წელი, სანამ საქმეს სამართლებრივ მსვლელობას მისცემდნენ. არგუმენტი იყო ის, რომ საქმე პოლიტიზებული იყო და აპლიკანტებს სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი ეპარებოდათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროსასამართლომ საქმე დაუშვებლად გამოაცხადა.
სარჩელი ტელე და რადიოკომპანია იმედის ჟურნალისტებმა არასამთავრობო ორგანიზაცია -ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის დახმარებით შეადგინეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია მაშინ აცხადებდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეიმედის ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებები დაირღვა - მათ შორის, სიცოცხლის უფლება, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის ხელყოფაა და ევროპული კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც კრძალავს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ასევე, მეხუთე მუხლი, ანუ თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება.
2012 წლის აპრილში ლია მუხაშავრია აცხადებდა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ გასაჩივრებული 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შედეგად უფლებადარღვეული ტელეიმედისა და რადიო იმედის ჟურნალისტების საქმეები 2012 წლის 6 მარტს განიხილა და დასაშვებად მიიჩნია“.

კომენტარები