2008 წლის აგვისტოს ომი

მაია ფანჯიკიძე: ჩემთვის უცნობია სხვამ რა გამოძიება დაიწყო

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია სეპარატისტულმა რეჟიმებმა რა ტიპის გამოძიება დაიწყეს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. 
შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 აპრილს, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში გამოსვლისას, "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებას იწყებს. "დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულის გამოძიებას, იგივე სქემით, სოხუმშიც აპირებენ. მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში, საქმის აღძვრა სოხუმშიც იგივე სქემით იგეგმება. ისინი წინ 1992-93 წლებში მომხდარ საქმეებს  წამოწევენ და 2008 წლის მოვლენებსაც ამ საქმეებს მიაბამენ", - განაცხადა დავითაიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის ვერ გააკეთებს სხვის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე ვერანაირ კომენტარს.
"ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ რატომ ფიქრობს საქართველოს მთავრობა, რომ გამოსაძიებელია 2008 წლის პერიოდი, სხვამ რა გამოძიება დაიწყო ან რას ეყრდნობა, ჩემთვის უცნობია. ჩვენ არავისთან შეთანხმებით ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ეს არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და დასაბუთებული აბსოლუტურად დეტალურად ყველა იმ პირის მიერ, რომელთაც ეს გამოძიება ეხება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები