განათლების სისტემა

გიორგი მარგველაშვილი: სახელმწიფო უმაღლესები აბსურდში არიან

ტაბულა

საქართველოს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 7 მაისს ილიაუნის და თსუ-ს რექტორების მიერ პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა. მინისტრის იმედს იტოვებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს.
"მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი, რომელმაც 19 აპრილს ევროპასთან დაახლოების მიტინგი მოაწყო, ამ ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს. საქართველოში მუშაობს არასწორად აგებული სისტემა, რომლის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება არის რეგენტთა ინსტიტუტი, რომელიც იყო აუცილებელი იმ სისტემაში. საქართველოში სახელმწიფო უმაღლესები აბსურდში არიან, ისინი არიან სამთავრობო-არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთი აბსურდის უფრო ევროპულ ცივილიზებულ ჭრილში გადასაყვანად ვახორციელებთ ამ ცვლილებებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს გამოიყენოს ვეტოს უფლება პარლამენტის მიერ 19 აპრილს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებთან მიმართებით. ორივე რექტორის მიერ ხელმოწერილი ღია წერილი უკვე გადაეგზავნა პრეზიდენტ სააკაშვილს.

კომენტარები