ჯანდაცვა

მთავრობის დადგენილება N36

ელენე კვანჭილაშვილი
0 კომენტარი

რა იცვლება?

ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი თითოეული პაციენტისთვის გაწეული ამბულატორიული მომსახურებისთვის სახელმწიფო ფონდიდან დაფინანსების სახით 86 თეთრს მიიღებს. მთავრობის ოცდამეთექვსმეტე დადგენილების მიხედვით, ამ თანხაში ექიმმა უნდა შეაგროვოს ანამნეზი, დაათვალიეროს და გასინჯოს პაციენტი, შეაფასოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამოკვლევების საფუძველზე დაწეროს დანიშნულება, დანიშნოს მკურნალობა და პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე მოახდინოს დაავადების მონიტორინგი. დადგენილების მიხედვით, ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემთხვევაში, ექიმებს ან ექთნებს ყოველ პაციენტზე 25 თეთრი დაემატებათ. ამასთან, სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს იმ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელსაც სახელმწიფო ფონდი დააფინანსებს.

ერთი შეხედვით, პაციენტს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ის ყველა შემთხვევაში მიიღებს გადაუდებელ მომსახურებას და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავის თავზე სახელმწიფო ფონდი აიღებს. თუმცა მთავრობის ოცდამეთექვსმეტე დადგენილების დეტალურად შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ეს ასე სულაც არ არის: მაგალითად, 17 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი დახმარებას ვეღარ მიიღებს. დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებენ ვერც ქრონიკული ენცეფალიტით დაავადებული ბავშვები.

შერჩევითად მოხდება იმ დაავადებების დაფინანსებაც, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გაწერილ ნოზოლოგიებში ხვდება. მაგალითად, სახელმწიფო ფონდი დააფინანსებს მხოლოდ განგრენოზულ თიაქარს, თუმცა თიაქრის ყველა სხვა შემთხვევის საფასური პაციენტმა საკუთარი ჯიბიდან უნდა დაფაროს. პაციენტს არ გაუმართლებს იმ შემთხვევაშიც, თუკი, მაგალითად, ანევრიზმას მანამდე იმკურნალებს, სანამ გასკდება. რომ გამსკდარიყო, მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავდა, სხვა შემთხვევაში, პაციენტმა თავად უნდა გადაიხადოს. ასევე, პაციენტს შეიძლება არ გაუმართლოს და სასწრაფომ ის მძიმე მდგომარეობაში ისეთ საავადმყოფოში მიიყვანოს, რომელსაც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის სურვილი წერილობით არ აქვს დადასტურებული. ამ შემთხვევაშიც, პაციენტმა მკურნალობის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან უნდა აანაზღაუროს.

ექიმი და ექთანი თითოეული პაციენტისთვის გაწეული ამბულატორიული მომსახურებისთვის სახელმწიფო ფონდიდან დაფინანსების სახით 86 თეთრს მიიღებს.

მოქალაქეები, რომლებსაც უკვე დასჭირდათ დაზღვევის ახალი სისტემით სარგებლობა და დეტალებში გაერკვნენ, ჩივიან, რომ მაგალითად მათ, ვისაც ადრე 100%-იანი დაზღვევა ჰქონდა, რომელიც ექიმთან ვიზიტის, ანალიზების, მედიკამენტების ხარჯებს სრულად ფარავდა, უცებ აღმოაჩინეს, რომ ამიერიდან დაზღვევა მათი ხარჯების მხოლოდ 70%-ს აანაზღაურებს. ასევე, თუ ადრე ვეტერანებისთვის ჩატარებული ნებისმიერი გადაუდებელი ოპერაციის ხარჯებს, დაზღვევა ფარავდა, ახალი პროგრამით ეს გათვალისწინებული არ არის.

ზოგადად, ერთი რამ, რაც თვალშისაცემია, ის არის, რომ როგორც კი ხელისუფლება უარს ამბობს მიზნობრივად იმ ადამიანების დაფინანსებაზე, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ და შეღავათებს ყველაზე თვლის, მომენტალურად მატულობს ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც სინამდვილეში იმისთვის არის მსგავს პროგრამებში ჩადებული, რომ ფული არ დაიხარჯოს.

მთავრობის ოცდამეთექვსმეტე დადგენილება ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ამის მაგალითია დასაფინანსებელი დაავადებების პროფესიონალური ჩამონათვალი, რომელშიც გარკვევა ექიმის დახმარების გარეშე შეუძლებელია; ანგარიშგების შედგენის, შემოწმების, ანაზღაურების ბიუროკრატიული მექანიზმები. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ისიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, დაუზღვეველ მოქალაქეებს უფინანსებს თერაპევტთან ვიზიტს და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ არა, მაგალითად, გამოწერილ წამლებს. ეს მაშინ, როცა მთავრობამ ზუსტად იცის, რომ ხარჯების ყველაზე მზარდი და არაბუნებრივად დიდი წილი სწორედ წამლებზე მოდის. სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში პაციენტები მედიკამენტებზე საშუალოდ ორჯერ იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე ევროპაში.

რა იცვლება?

არსებული ხელისუფლების მიდგომა წინა ხელისუფლების მიდგომისგან არსებითად იმით განსხვავდება, რომ თუ წინა ხელისუფლება მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევაზე იყო ორიენტირებული, ახალს ურჩევნია სამედიცინო მომსახურება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დააფინანსოს. ამასთან, თუ ადრე ფინანსდებოდა ყველა გადაუდებელი ოპერაცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი დიაგნოზები დაფინანსდება.
ამ მიდგომით ხელისუფლება 90-იანი წლების გამოცდილებას უბრუნდება: მაშინ სახელმწიფო ფონდის ფუნქციას ასრულებდა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია, რომელიც 1996 წელს შეიქმნა. ამ კომპანიას ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების მართვა ევალებოდა, თუმცა ეს მოვალეობა ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ შეასრულა – კომპანიის დაარსებიდან ყოველწლიურად იზრდებოდა უფასო პროგრამების ჩამონათვალი და, შესაბამისად – ამ პროგრამების ბიუჯეტის დეფიციტიც.

ბიუჯეტის დეფიციტის შევსება ისევ მოსახლეობას დააწვა კისერზე: სახელმწიფომ შემოიღო სავალდებულო სამედიცინო გადასახადი, შემოსავლის 3%-ს დამსაქმებელი იხდიდა, ხოლო 1%-ს დასაქმებული. თუმცა სასურველი შედეგი ვერც დამატებითმა გადასახადმა მოიტანა და ვერც ადგილობრივი ბიუჯეტებისგან შექმნილმა რეგიონულმა ჯანდაცვის ფონდებმა. სინამდვილეში,ჯანდაცვის სისტემა მთლიანად ჩაეფლო კორუფციაში, მასობრივად განადგურდა ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც, სამედიცინო მომსახურება პრაქტიკულად მიუწვდომელი გახდა არა მხოლოდ მათთვის, ვისზეც სახელმწიფოს უნდა ეზრუნა, არამედ მათთვისაც, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი ჯიბიდან დაეფარა მკურნალობის ხარჯები.

90-იანი წლების გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლების მიერ 20 წლის შემდეგ ისევ მოწონებული სისტემა აუარესებს მომსახურების ხარისხს, ამახინჯებს მომსახურების მოტივაციას და იმ სერვისებს, რაც ამ დადგენილებით არ რეგულირდება, ანუ ირიბად – მთელ ჯანდაცვას ყველასთვის აძვირებს. ჯამში კი გამოდის, რომ ის პირდაპირ ეწინააღმდეგება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეკლარირებულ მიზანს – ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის.
გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას პაციენტებს ძირითადად პოლიკლინიკები სთავაზობენ, სადაც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება არ ხდება. მოზრდილთა ნომერი მეორე პოლიკლინიკის დირექტორი ამბობს, რომ სახელმწიფო ფონდის დაფინანსება სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეტყობა, თუ ის რამდენიმე ათეულ ათას პაციენტს მოაგროვებს, პოლიკლინიკების შემთხვევაში კი ამის ალბათობა ძალიან დაბალია. ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას პაციენტებს, როგორც წესი, დიდი, მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებები უწევენ. როგორც ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, ასეთი დაწესებულებებისთვის, ჩვეულებრივ, პაციენტების დიდი რაოდენობით მიღება პრობლემას არ წარმოადგენს.

17 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი დახმარებას ვეღარ მიიღებს. დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებენ ვერც ქრონიკული ენცეფალიტით დაავადებული ბავშვები.

მთავრობის ოცდამეთექვსმეტე დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო ფონდმა დანახარჯები შესრულებული სამუშაოს მიხედვით უნდა აანაზღაუროს. ეს ზრდის დაწესებულების მოტივაციას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აღრიცხოს იმ დაავადებებით, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. გამოდის, რომ გაიზრდება კორუფცია – რადგან ამ პროგრამების ინსპექტირების დროს, მაღალია რისკი, რომ კვალის დასაფარავად საავადმყოფო შემმოწმებელს გაურიგდეს.
დაწესებულებამ იმითაც შეიძლება ისარგებლოს, რომ, მაგალითად, პაციენტს გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გაწერილ ნოზოლოგიებში ვერ ერკვევა და ვერ ხვდება, რომ მისი მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ უნდა დაფაროს. ასეთ დროს, თუკი ექიმი პაციენტს სახელმწიფო ფონდისთვის წარსადგენ რეესტრში არ გაატარებს და მის დიაგნოზს გააყალბებს, პაციენტისგან ნაღდ ფულს მიიღებს და სახელმწიფო ფონდის ლოდინი აღარ დასჭირდება: ფონდმა ჯერ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა გადაამოწმოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს დაწესებულება თანხას.

90-იანი წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ დაფინანსების მსგავსი სისტემის პირობებში ხშირად ყალბდება დიაგნოზი და, საბოლოო ჯამში, პაციენტი იღებს არა მკურნალობის იმ კურსს, რომელიც სჭირდება, არამედ ისეთს, როგორიც სჭირდება სამედიცინო დაწესებულებას იმისთვის, რომ სახელმწიფოსგან რაც შეიძლება მეტი დაფინანსება მიიღოს. ამასთან, ოცდამეთექვსმეტე დადგენილებით, მთავრობა არასწორად ჩატარებულ მკურნალობაზე პასუხისმგებლობას იხსნის – ამის შედეგად წარმოშობილი გართულებული შემთხვევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.

დაფინანსებისადმი ასეთი მიდგომა სახელმწიფო ფონდის ბიუჯეტს მუდმივი გადახარჯვის რისკის წინაშე აყენებს. მთავრობის ოცდამეთექვსმეტე დადგენილებაში წერია, რომ გაწეული მომსახურების ღირებულებას სახელმწიფო ფონდი სამედიცინო დაწესებულების ფაქტიური ხარჯის მიხედვით აანაზღაურებს. მომსახურების ღირებულება შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს დათვლილი და ამაზე თვითონ სამედიცინო დაწესებულებაა პასუხისმგებელი. თუმცა ეს დათქმა ბევრს არაფერს ცვლის, როცა დაფინანსების მოცულობა პაციენტების რაოდენობაზეა მიბმული.

იმისთვის, რომ სახელმწიფო ფონდში არსებული თანხები დაწესებულებამდე მივიდეს, დაწესებულებამ პროგრამის ყოველი კომპონენტის მიხედვით მომსახურების შესრულებისთვის დანახარჯთა დადასტურების მიზნით, ცალ-ცალკე უნდა აწარმოოს პროგრამით/კომპონენტით გახარჯული მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების პროცედურების, მანიპულაციების, მათ შორის, საოპერაციო მასალის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების აღრიცხვა ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდში. აქამდე ამ ბიუროკრატიულ საქმიანობას სადაზღვევო კომპანიები სწევდნენ.

სახელმწიფო ფონდის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებს იმავე საქმიანობის წარმოება დამოუკიდებლად მოუწევთ. იმისთვის, რომ დადგენილების ეს მოთხოვნა დააკმაყოფილონ, სამედიცინო დაწესებულებებს მოუწევთ ან დამატებითი ხარჯების გაღება და პერსონალის ამ მიმართულებით დამატება, ან მოთხოვნის მომსახურების ხარისხის ხარჯზე შესრულება. პირველ შემთხვევაში, გაზრდილი ხარჯი დააწვება იმ ავადმყოფებს, რომელთა დაავადებებიც სახელმწიფოს მიერ წინასწარ გაწერილ ჩამონათვალში არ შედის. გამოდის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტი ზარალდება.

პაციენტები ამჩნევენ, რომ ექიმთან ვიზიტის საფასური თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გაზრდილია. იმისთვის, რომ მცირეწლოვან ბავშვებს გეგმიური, უფასო აცრა ჩაუტარონ, მშობლებს სულ მცირე 20 ლარის გადახდა უწევთ. ამ გადასახადის გადახდის გარეშე, ექიმი ბავშვს არ მიიღებს. გამოდის, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო რაღაც სფეროს აკლებს ფულს და ახარჯავს ჯანდაცვას საყოველთაო ხელმისაწვდომობის მოტივით, ხოლო მეორე მხრივ, ის მომსახურებაც, რაც წესით უფასო უნდა იყოს, სინამდვილეში ფასიანია. პაციენტისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რაში გადაიხდის ფულს – უშუალოდ ვაქცინაში თუ ექიმის მომსახურებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ეს ფული არ აქვს.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ამ დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო ფონდს აქვს მხოლოდ უფლებამოსილებები, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებს – მხოლოდ ვალდებულებები. მაგალითად, დადგენილებაში წერია, რომ დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე უარის თქმა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა ტიპის სანქცია დაეკისრება თვითონ სახელმწიფო ფონდს, თუკი ის ვერ უზრუნველყოფს დროულად იმ ხარჯების ანაზღაურებას, რასაც ეს დადგენილება ითვალისწინებს.

გარდა ამისა, დადგენილებაში წერია, რომ სახელმწიფო ფონდს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს მოიგონოს და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეათანხმოს პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეეძლება ნებისმიერ მომენტში დამატებითი რეგულაციები შემოიღოს. რეგულაციები კი ჩვეულებრივი გადასახადია – მათ საფასურს ყოველთვის მოსახლეობა იხდის საკუთარი ჯიბიდან.

რა იცვლება?

პაციენტისთვის

  • დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა დაზარალდება: მასზე ნაკლები თანხა დაიხარჯება, რადგან მათი დიდი ნაწილი ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოსგან დაფინანსებას მაინც იღებდა
  • ახალი ბენეფიციარები გახდებიან მოსახლეობის შეძლებული ნახევარი
  • აქტიური, შეძლებული მოქალაქეები უფრო ადვილად დაიბრუნებენ გადასახადებში გადახდილ ფულს: მათ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ თავიანთი დაავადებების მთავრობის მიერ განსაზღვრულ ჩამონათვალთან შესაბამისობაზე, რადგან აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი დიაგნოზი სხვაგანაც გადაამოწმონ
  • ღარიბების დაფინანსება თითქმის 3-ჯერ უფრო ნაკლებად გაიზრდება, ვიდრე შეძლებულების
  • ვისაც დიაგნოზის გადამოწმების შესაძლებლობა არ ექნებათ, გაუჭირდებათ დამოუკიდებლად მიხვდნენ, ეკუთვნით თუ არა სახელმწიფო დაფინანსება: ისინი ან საერთოდ არ მოითხოვენ დაფინანსებას ან მთლიანად სამედიცინო პერსონალზე იქნებიან დამოკიდებულები
  • დაზარალდებიან ის ადამიანებიც, ვისაც ის დაავადებები არ აწუხებთ, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, არც სოციალური თუ კორპორაციული დაზღვევა აქვთ და მკურნალობის ხარჯები თვითონ უნდა დაფარონ
  • მომხმარებლები დავაფინანსებთ ერთმანეთის დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ხოლო რის დაფინანსებასაც სახელმწიფო არ ითვალისწინებს, იმაში გაცილებით უფრო ძვირის გადახდა მოგვიწევს
  • მონოპოლისტი სახელმწიფო დაფინანსების პირობებში შეიზღუდება მომხმარებლის არჩევანი: სულ უფრო ნაკლები მომხმარებელი შეძლებს კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული გაძვირებული სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობას

სამედიცინო პერსონალისთვის

  • სამედიცინო დაწესებულება მოტივირებული იქნება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აღრიცხოს იმ დაავადებებით, რასაც სახელმწიფო აფინანსებს
  • კერძო მომსახურება გაძვირდება 
  • სამედიცინო დაწესებულებები იშვიათად გაწევენ მაღალტექნოლოგიურ მკურნალობას, რომელიც ისედაც ყველაზე ძვირი ღირს
  • მომხმარებლის უკმაყოფილება აუცილებლად დაბრალდება კერძო სამედიცინო დაწესებულებების მეპატრონეების სიხარბეს
  • გაყალბების სტიმულირების პოლიტიკა წაახალისებს კორუფციას: ერთი მხრივ, ეს გამოიხატება სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთან გარიგებაში, ხოლო მეორე მხრივ, დამფინანსებელთან და შემმოწმებელთან არაფორმალურ ურთიერთობაში შესვლაში
  • თუ სახელმწიფო რაღაც ეტაპზე ვეღარ შეძლებს გაზრდილი ხარჯების დაფარვას, სამედიცინო სისტემა მთლიანად ჩამოიშლება
  • სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში რაიმე მიზეზის გამო ვერ მოხვდებიან, ბაზარზე არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან

სახელმწიფოსთვის

  • კონკურენციის გარეშე მომუშავე დიდი ფულის მმართველ ბიუროკრატიას ეფექტიანი საქმიანობის არანაირი სტიმული არ ექნება
  • როცა სახელმწიფო ფონდი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად დაიწყებს ბენეფიციარი სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან შეთავაზებული სერვისის ხარისხის კონტროლს, ეს ხარჯი ბიუჯეტს და გადასახადის გადამხდელებს დააწვება
  • შეძლებულებისა და ღარიბების ჯანდაცვისთვის დამატებით გამორთმეული თანხა მათ იმავე პროპორციით დაუბრუნდებათ უკან, ოღონდ ამ საქმისთვის, იმავე ხალხს ბიუროკრატიის ადმინისტრაციული ხარჯი ექნება დასაფარი
  • სულ უფრო მეტი ადამიანი შეეცდება სახელმწიფო მომსახურებით ისარგებლოს, რაც გააჩენს ჯანდაცვის საბიუჯეტო დაფინანსების პოლიტიკური მოთხოვნის მუდმივი ზრდის მოთხოვნილებას
  • ხარჯების ადმინისტრირება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება
  • გაიზრდება ფასების და ხარისხის კონტროლის ახალ-ახალი სახელმწიფო რეგულაციები

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები