პაკისტანი

მუსლიმური ლიგა გამარჯვებას ზეიმობს

მომავალ მთავრობას ნავაზ შარიფი უხელმძღვანელებს
Reuters

პაკისტანის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, გამარჯვება ნავაზ შარიფის მუსლიმურმა ლიგამ მოიპოვა, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებას და მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს.  

გამარჯვებული პარტიის მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში ზეიმობდნენ. ქუჩაში გამოვიდნენ ასევე მოძრაობა სამართლიანობისთვის მხარდამჭერები, რომელსაც ყოფილი კრიკეტის მოთამაშე იმრან ქჰანი ხელმძღვანელობს. ისინი წინასწარ შედეგებს არ აღიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი ლიდერი გამარჯვებულია.

მმართველი სახალხო პარტია ამ არჩევნებში დამარცხდა და ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალაუფლებას ოპოზიციას გადააბარებს.

იმის მიუხედავად, რომ არჩევნების დღეს ხელისუფლებამ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღო, პროცესს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია.  ყარაჩიში თვითმკვლელი ტერორისტის მსხვერპლი 11 ადამიანი გახდა. ქალაქ ქუეტაში კი ტერაქტის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა. პაკისტანელი თალიბები მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდნენ. 

კომენტარები