პარი სენ-ჟერმენი

PSG-ს ჩემპიონობის ზეიმი არეულობაში გადაიზარდა

არეულობა პარიზის ქუჩებში
Thibault Camus / AP

საფრანგეთის დედაქალაქში, პარი სენ-ჟერმენის ჩემპიონობის ზეიმი დიდხანს არ გაგრძელდა. გულშემატკივრებმა პარიზის ქუჩებში არეულობა მოაწყვეს, პოლიციას კი ძალის გამოყენება მოუხდა.

კლუბის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად, 30 ადამიანი დაშავდა.

ქალაქის დასავლეთ ნაწილში დამსხვრეულია მაღაზიების ვიტრინები, დაზიანდა მანქანები და ავტობუსები. სიტუაცია მაშინ ჩაწყნარდა, როდესაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

არეულობის გამო წუხილს გამოთქვამენ დედაქალაქის მცხოვრებნი.

- ძალიან სამწუხაროა. კატასტროფაა, რომ ამ სურათს, რასაც დღეს ჩვენს ქუჩებში ვხედავთ, უცხოეთშიც იხილავენ. ჩემი აზრით, ასე მოქცევა დაუშვებელია და ვნებს მთელს ქვეყანას, - აცხადებს გამვლელი კრისტიანი.

მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა.

- პარიზელები ამ გამარჯვებას დიდხანს ელოდნენ, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ფეხბურთი კვლავ დაავადებულია. ეს შემთხვევა არა მხოლოდ პესეჟე-ს, არამედ სხვა კლუბებსაც ეხება. ჩვენ რეგულარულად ვუკრძალავთ ამა თუ იმ გუნდის გულშემატკივრებს სტადიონებზე დასწრებას, - განაცხადა მანუელ ვალსმა.

პოლიციის ინფორმაციით, 1994 წლის შემდეგ პესეჟეს პირველი საჩემპიონო ტიტულის აღსანიშნავად, პარიზში 15 000 ადამიანი შეიკრიბა.

კომენტარები