საგარეო ურთიერთობები

სააკაშვილი სენატორ მარკო რუბიოს შეხვდა

სააკაშვილი და რუბიო
facebook.com

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში სენატორ მარკო რუბიოს შეხვდა. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ოფიციალური facebook გვერდი ავრცელებს, განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი ვაშინგტონში დღეს ამერიკელ სენატორს მარკო რუბიოს შეხვდა, რომელიც 2016 წელს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

მხარეებმა ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და დემოკრატიული პროცესების გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილეს. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ტენდენცია და არჩეული კურსი კვლავაც უნდა შენარჩუნდეს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნა ამერიკის როლი როგორც რეგიონში, ისე საქართველოში.

ამერიკელი სენატორი ISAF-ის პროგრამაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის მნიშვნელობას შეეხო და განაცხადა, რომ, ამ თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები სათანადოდ აფასებს საქართველოს თანადგომასა და წვლილს. მიხეილ სააკაშვილს ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები სენატორებსა და კონგრესმენებთან." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები