საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: კოსოვო კარგი მაგალითია აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დასალაგებლად

Euronews-ი საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტ ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინასთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის. 

"რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ახლანდელი მდგომარეობა არავის ინტერესებში არ შედის. საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა და ყველაფერს გავაკეთებთ  მათ დასაბრუნებლად. თუმცა, ამავდროულად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამას მშვიდობიანად და მოლაპარაკებების გზით მოვახერხებთ. ძალადობა და შეიარაღებული დაპირისპირება ჩვენთვის მიუღებელია. ასე რომ, კიდევ ერთხელ განვმეორდები - მიზანს მშვიდობიანი გზით მივაღწევთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობაც გაგვიწევს დახმარებას და მისი მხარდაჭერა გვექნება", - განაცხადა  საქართველოს პრემიერმინისტრმა. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე გამოძიების დაწყება ნორმალურია. 

"სააკაშვილი ასევე ფიქრობს, რომ შეუძლებელია NATO-ში გაწევრიანება, რუსეთთან კარგი ურთიერთობის პარალელურად. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა როგორც NATO-სთან, ისე რუსეთთან. სააკაშვილი რუსეთისგან იყო გაღიზიანებული", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ურთიერთობის ნორმალიზაციის კარგი მაგალითი სერბეთისა და კოსოვოს შემთხვევაა.

"მათ მიერ მიღწეული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანები, რომლებსაც წარსულში არცთუ წარმატებული ურთიერთობა ჰქონდათ, ახლა საერთო ენაზე საუბრობენ და როგორღაც მოახერხეს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ჩვენს ძმებთან - ოსებთან, აფხაზებთან და, რა თქმა უნდა, რუსებთან ურთიერთობის დასალაგებლად", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის შეთანხმება 19 აპრილს შედგა. შეთანხმების თანახმად,  კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბულ უმრავლესობას უფლება მიეცემა პოლიცია თვითონ  დააკომპლექტოს, ანუ პოლიცია სერბული იქნება, თუმცა მათ უნდა აღიარონ კოსოვოს  ხელისუფლების უფლებამოსილება კოსოვოს ტერიტორიაზე.

კომენტარები