დაღუპული ქართველი ჯარისკაცები

საქართველოს პრეზიდენტმა 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას 2013 წლის 13 მაისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოში 2013 წლის 16 მაისი გამოცხადდეს გლოვის დღედ. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 16 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნას სახელმწიფო დროშები.

საქართველოს მთავრობა დღეს გამოვიდა ინიციატივით და პრეზიდენტს მიმართა, რომ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის  პატივსაცემად 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდეს. პრეზიდენტმა ინიციატივა დააკმაყოფილა.

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე 13 მაისს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" 16:17 საათზე მოხდა. ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის მოგერიებისას დაიღუპნენ კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა.

კომენტარები