იბერია სტარი

"იბერია სტარი" გაკოტრების ზღვარზეა

იბერია სტარი
msy.gov.ge

15 მაისს "იბერია სტარის" სპორტულმა დირექტორმა გიორგი დარჯანიამ მედიისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა. საქმე იმაშია, რომ საქართველოს საუკეთესო კლუბი "იბერია სტარი" ფინანსურ პრობლემებს განიცდის და დიდია იმის საფრთხე, რომ ახლახანს ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში მონაწილე გუნდმა არსებობა შეწყვიტოს. გიორგი დარჯანიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"ახლახან თბილისში ჩატარდა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც გახსნა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ. "იბერია სტარი" ევროპაში მეოთხე ადგილს დასჯერდა. 

ელიტრაუნდის შემდეგ, რომელშიც "იბერიამ" დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის 2010 წლის გამარჯვებული "ბენფიკა" და იტალიის ჩემპიონი "ლუპარენსე" (შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონმა 2011 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა), "იბერია სტარის" თამაში იძლეოდა სავსებით რეალურ იმედს, რომ ჩვენს გუნდს შეეძლო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა. მით უმეტეს, რომ "იბერიას" ეკუთვნის ლიგაში 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის რეკორდი, რომელიც ჩემპიონთა თასის მფლობელ "შარლერუასთან" გამარჯვებით დაიწყო.

თბილისში ჩატარებულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალმა და მისმა შედეგმა - ალმაატის "კაირათის" გამარჯვებამ - გვაჩვენა, რომ სათანადო დაფინანსებისა და მხარდაჭერის პირობებში საქართველოს ჩემპიონს რეალურად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება და 1981 წლის 13 მაისის სიხარულის გამეორება. ამის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ "იბერია სტარი" წლების განმავლობაში ამარცხებდა ევროპის უმდიდრეს კლუბებს.

სამწუხაროდ, ფინანსური კრიზისის გამო "იბერიამ" ვერ მოახერხა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და ოთხთა ფინალში "იბერია სტარი" მეორე შემადგენლობით წარსდგა. ამავე მიზეზის გამო "იბერია სტარს" არ შეუძლია შემდგომში დამოუკიდებლად არსებობა. 

11 წლის მანძილზე კლუბი არსებობდა მხოლოდ დამფუძნებლის ფინანსური დახმარების ხარჯზე. შედარებისთვის: მოსკოვის "დინამოს" 15 კომპანია ასპონსორებს, "კაირათს" - 13. არათუ ოთხთა ფინალის, ლიგის ელიტრაუნდის მონაწილე არც ერთ გუნდს 10 სპონსორზე ნაკლები არ ჰყავს.

ერთადერთი გამონაკლისი, სამწუხაროდ, "იბერია სტარია". 

1 ივნისს იწურება საბოლოო ვადა, როდესაც საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" უეფაში უნდა წარადგინოს განაცხადი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში მონაწილეობაზე. 

იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი ბიზნესმენები, ფეხბურთის უმაღლესი ლიგის კლუბები ან მუნიციპალიტეტი უახლოესი დღეების განმავლობაში არ დაინტერესდებიან დამოუკიდებელი ქართულის სპორტის ისტორიაში საუკეთესო ქართული კლუბის სპონსორობით და არ გაუჩნდებათ სურვილი, რომ ქართული დროშა ევროპული სპორტის ფლაგმანთა შორის ფრიალებდეს, კლუბი გამოცხადდება გაკოტრებულად და შეწყვეტს არსებობას".

კომენტარები