ოკუპირებული ტერიტორიები

გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებაზე განმარტებას ითხოვს

ტაბულა

 ბიძინა ივანიშვილის მიერ ევრონიუსთან გაკეთებულ განცხადებაზე, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს: "მე იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება მყისიერად განმარტება და იმედი მაქვს, რომ ეს არის საკითხის სრული უცოდინრობა და სრული არაკომპეტენტურობა იმ ხალხის, რომელიც პრემიერმინისტრთან მუშაობს. იმედია, მოჰყვება ამას რეაგირება და გაგრძელდება მუშაობა იმ მიმართულებით, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში შედის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-თან კომენტარში.

უშიშროების საბჭოს მდივანი იმ მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც ანალოგია კოსოვოსთან სახიფათო რისკებს შეიცავს. ბოკერია ამბობს, რომ ეთნიკური წმენდა, რომლის მსხვერპლად ევროპულმა თანამეგობრობამ კოსოვო აღიარა, საქართველოში სწორედ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა. კოსოვოს მაგალითად განხილვა კი რუსული პოლიტიკის ნაწილია: "ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და სახიფათო პოზიციის დაფიქსირება პრემიერის მხრიდან. მსხვერპლი იმ შემთხვევაში იყო კოსოვო მსოფლიო თანამეგობრობის აზრით, ჩვენს შემთხვევაში მსხვერპლი ეთნიკური წმენდის და გარე სახელმწიფოს მიერ სამხედრო ჩარევისა და საზღვრების შეცვლის არის საქართველო და ეთნიკური ქართველები. კოსოვოს მაგალითი სახიფათო იყო ჩვენთვის, რადგან რუსეთი სწორედ ამ დემაგოგიას იყენებდა, რომ ეს არის, მათი აზრით, "რეაგირება" კოსოვოს პრეცედენტზე. დღეს ასეთი განცხადება თავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ქმნის სერიოზულ რისკებს. პირველივე ეტაპზე ზრდის რისკებს აღიარებების თვალსაზრისით, რაც ასევე რუსული ინტერესის გაგრძელებაა და რაზეც დიდი მუშაობა მოგვიწია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ამასთან, ძალიან ასუსტებს ზოგადად ჩვენს ფუნდამენტურ პოზიციებს საქართველოს საკითხთან და მის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებთ", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

 შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში კოსოვოსა და სერბეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა და ის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამომავლო ურთიერთობების დარეგულირების მაგალითად მოიყვანა: "ეს ძალიან კარგი მაგალითია, მათ მიერ მიღწეული შეთანხმება იმის დასტურია, რომ დრო იცვლება და ადამიანები, რომლებსაც წარსულში არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ახალ საერთო ენაზე საუბრობენ, მათ როგორღაც მოახერხეს მიეღწიათ შეთანხმებისთვის. ასე, რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ჩვენს ძმებთან - ოსებთან, აფხაზებთან ურთიერთობების დასარეგულირებლად", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები