ქართველი სამხედროები ავღანეთში

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები სამშობლოში ჩამოასვენეს

თავდაცვის სამინისტროს Facebook-ის გვერდი

ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურე - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა, საქართველოში ჩამოასვენეს. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილეები, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობა და სხვა პირები ესწრებოდნენ.

თავდაცვის მინისტრი დღესვე იმყოფებოდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ისევე, როგორც დანარჩენ სამხედრო ბაზებზე, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 

"უმძიმესი დღეა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, საქართველოსთვის და განსაკუთრებით მეოთხე ქვეითი ბრიგადისთვის. სამშობლოსგან შორს, სამშობლოს სამსახურში ზვიად დავითაძემ, ალექსანდრე კვიწინაძემ და ვლადიმერ შანავამ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაწირეს თავი. ეს იყო ჩემთვის პირადად დიდი დარტყმა, რადგან ამ გმირ ბიჭებთან ერთად შევხვდი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შირგაზის ბაზაზე, პირადად გავიცანი ისინი. საქართველოსთვის თავის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია. დარწმუნებული ვიყოთ ყველა, რომ ამ ბიჭების თავდადება მიგვიყვანს ერთიან საქართველომდე. ღმერთი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მფარველი", -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა. საქართველოს მთავრობა გუშინ გამოვიდა ინიციატივით და პრეზიდენტს მიმართა, რომ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადებულიყო. პრეზიდენტმა ინიციატივა დააკმაყოფილა.

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე განხორციელებული მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის მოგერიებისას, სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 

კომენტარები