სატრანზიტო დერეფანი

ივანიშვილი: ჩვენი მიზანია გავხდეთ თანამედროვე სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრი

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

სასტუმრო Tbilisi Marriot-ში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე "აზიისა და ევროპის დაკავშირება: რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და აზიაში". კონფერენცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მთავრობის წევრები.
კონფერენცია საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.
"საქართველო ამ დერეფნის ცენტრშია და მას აქვს შესაძლებლობა და სურვილი, იყოს ძლიერი და შემაკავშირებელი რგოლი დასავლეთ-აღმოსავლეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენი მიზანია გავხდეთ თანამედროვე სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთის და დასვლეთის ვაჭრობას", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა განაცხადა, რომ სატრანზიტო დერეფნის სრულფასოვნად განვითარების თვალსაზრისით, საქართველომ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას.

"უნდა გავაუმჯობესოთ სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, უზრუნველვყოთ მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას, უნდა გვქონდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მეზობლებთან. ინფრასტრუქტურაში ინვესტირება ჩვენი პრიორიტეტია. ვახდენთ საერთაშორისო მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობას, რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას. ჩვენი ინტერესია საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას პორტების და ტერმინალების მფლობელებთან", - განაცხადა ივანიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში აღმოიფხვრა კორუფცია და ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია მთელ მსოფლიოში, რაც ქვეყანაში ბიზნესის მოზიდვას შეუწყობს ხელს
"ქვეყანაში არ არსებობს წვრილმანი კორუფცია, ახალმა მთავრობამ აღკვეთა ელიტარული კორუფცია და ამას აღარ დავუშვებთ. ხელსაყრელი საგადასახადო გარემო და დაბალი კომპლექსური გადასახადი, მოქნილი საბაჟო სისტემა და კარგი საინვესტიციო ბაზა ბიზნესს მოიზიდავს საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები