არჩევნები

„ქურდები” არჩევნებზე

25 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ გადმოცემული მასალები, რომელიც, მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელთა კანონიერ ქურდებთან კავშირსა და არჩევნების პერიოდში ქვეყანაში არეულობის მზადებას ადასტურებს.

გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალაში, რომელიც ქართველ სამართალდამცავებს პარიზში გადასცეს, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ამჟამად ამომრჩეველთა ლიგის წევრი გიორგი ხაინდრავა რამდენიმე კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად ფიგურირებს.

წერილობით მასალაში, რომელიც, პროკურატურის განცხადებით, საფრანგეთიდან მიღებული დოკუმენტის ზუსტ თარგმანს წარმოადგენს, ნათქვამია, რომ ხაინდრავა გასული წლის ნოემბერში სამხრეთ საფრანგეთში ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტ რევაზ ლორთქიფანიძესთან სტუმრად იმყოფებოდა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ქართველი პოლიტიკოსი „ავტორიტეტებთან" საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისათვის არეულობის მოწყობის გეგმებს და „მხედრიონის ტიპის" შეიარაღებული ჯგუფების შექმნას განიხილავდა. ხელისუფლების დამხობაში დახმარების სანაცვლოდ კი, „კანონიერ ქურდებს" საქართველოში მათი გავლენისა და სტატუსის აღდგენას ჰპირდებოდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საფრანგეთის ჟანდარმერიას სხვა მასალებიც აქვს, მათ შორის, ამ შეხვედრების აუდიოჩანაწერები. მათი გადმოცემა თბილისისთვის კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქმის სასამართლოში განხილვა დაიწყება.

სამხილების გამოქვეყნების შემდეგ გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ საფრანგეთში ბავშვობის მეგობარ რევაზ ლორთქიფანიძესთან სტუმრად მართლაც იმყოფებოდა, თუმცა ეს კერძო ვიზიტი იყო და არანაირი არეულობის გეგმები ამ შეხვედრებზე არ განიხილებოდა. 25 სექტემბერს საღამოს გიორგი ხაინდრავა ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაკითხეს.

იმის მიუხედავად, რომ ხაინდრავას ქართულ ოცნებასთან ფორმალური კავშირი არ აქვს, მის წინააღმდეგ მასალების გამოჩენამ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შეაშფოთა. მისი თქმით, გამოქვეყნებული მასალები „აბსოლუტური სისულელეა" და არა საფრანგეთის ჟანდარმერიის, არამედ პროკურატურის გავრცელებულია.

თუმცა მეორე დღეს გამოძიების მასალების არსებობა და მათი შინაარსი უკვე ოფიციალურმა პარიზმა დაადასტურა. საფრანგეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ „გაოცებულია" საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც „საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის". საფრანგეთის საგარეო უწყების მთავარი შეშფოთება კი იმას ეხებოდა, რომ ამ მასალების გამოქვეყნებას „არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე" გავლენის მოხდენა შეუძლია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გამოძიების მასალები გასაიდუმლოებული არ ყოფილა და თბილისს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად გადაეცა.
26 სექტემბერს შსს-მ ქართველი ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ წინასაარჩევნო პროცესში „კანონიერი ქურდების" მონაწილეობის დამადასტურებელი ახალი მასალები გამოაქვეყნა – ამჯერად სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერების სახით. მათ შორის, უწყების მტკიცებით, კოალიცია ქართული ოცნების ორი წევრის, გუბაზ სანიკიძისა და კახი კალაძის მონაწილეობით. წარმოდგენილი აუდიოჩანაწერების თანახმად, კახი კალაძე თანამოსაუბრეს რამდენიმე ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეხვედრაზე უყვებოდა. სანიკიძე კი უშიშროების ყოფილ მინისტრს ვალერი ხაბურძანიას მოსკოვში დაკავებული ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის" გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდა.

სხვა ჩანაწერები კრიმინალური ავტორიტეტების უშუალოდ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ეხება. კერძოდ, ლევან რევიშვილი და დავით ხიზანიშვილი საქართველოში მყოფ თანამოსაუბრეებს ქართული ოცნების მხარდასაჭერად ხალხის მობილიზებას ავალებდნენ. რევიშვილმა საუბარში ისიც აღნიშნა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები „პავლოვიჩის" (შსს-ს ვერსიით – ევროპის ქვეყნებში ძებნილი ლაშა შუშანაშვილის) დავალებით მოქმედებდნენ. პავლოვიჩი თავად აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას 3 ოქტომბერს, სხვა „კანონიერ ქურდებთან" ერთად.

კალაძემ და სანიკიძემ კრიმინალებთან კავშირი უარყვეს და გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ფაბრიკაცია უწოდეს. ტელეკომპანია მაესტრომ კი სამართალდამცავების ვერსია იმაში ამხილა, რომ ლევან რევიშვილი სინამდვილეში არა კრიმინალი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორია".

ეს ცნობა ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უარყო და განაცხადა, რომ მოძრაობის კოორდინატორთა სიის გადამოწმება ადვილად არის შესაძლებელი, ვინაიდან ის უწყებათაშორის კომისიას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას გადაეცა.

კომენტარები