კერძო ქალაქები

კერძო ქალაქები

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგებს, კერძო ქალაქების იდეა ბევრი ქვეყნის დღის წესრიგში უფრო აქტიურად დადგა. ეს ქვეყნები ასეთ ქალაქებზე დიდ იმედებს ამყარებენ: ქვეყანაში ბევრი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს და კერძო სექტორში მეტი ადამიანი დასაქმდეს. მიზნის მისაღწევად კი ორ მთავარ პირობას ასახელებენ – გამართული და დაცული საკუთრების უფლებები და მთავრობის მინიმალური ჩარევა ბაზარზე.
ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოს თვალწინ დიდი მონდომებით და შემართებით აშენებს ასეთ ქალაქს, ჰონდურასია. პირველი სამოდელო ქალაქი პუერტო კასტილას მახლობლად აშენდება. მთავარი იდეა ისაა, რომ ახალი ქალაქი სამართლებრივად გამართული და ეკონომიკურად თავისუფალი უნდა იყოს, რომ კერძო ინვესტიციების ხარჯზე აშენდეს და განვითარდეს. ფრეიზერის ინსტიტუტის უახლესი კვლევის მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების ბოლო ინდექსში, ჰონდურასი მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა.
ახალი ქალაქი, ნულიდან, ცარიელ ტერიტორიაზე აშენდება. გეგმის მიხედვით, მისი მშენებლობა სულ რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე MKG ჯგუფი კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურას – გზებს, წყლის, ელექტროენერგიის, კანალიზაციის სისტემებს ააშენებს. შემდეგ, ჰონდურასის მთავრობასთან ერთად, ქალაქის მმართველობისა და უსაფრთხოების სისტემას ჩამოაყალიბებს. აქედან 3-6 თვის შემდეგ კი უკვე პირველი ქარხნების აშენებაც შესაძლებელი იქნება.
პირველადი ინფრასტრუქტურის მშენებლობას 15 მილიონი აშშ დოლარი სჭირდება. წინასწარი გათვლებით, ამ ინვესტიციამ მომდევნო 6 თვეში 5 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას, რაც მომავალში 200 ათასამდე უნდა გაიზარდოს. საწყისი კაპიტალის დაბანდებას ამერიკული კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია MKG ჯგუფი აპირებს. მასვე დაევალება ქალაქის კანონმდებლობის შემუშავებაც.
MKG ჯგუფმა ჰონდურასის მთავრობასთან შეთანხმებას რამდენიმე საკითხზე უკვე მიაღწია. კანონები, რომლებიც ახალ ქალაქზე გავრცელდება, დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავებული იქნება და ტექსასის შტატის კანონმდებლობას დაეყრდნობა. ის იმიტომ შეირჩა, რომ შედარებით ნაკლებ რეგულაციებს აწესებს, კონტრაქტის მეტ თავისუფლებას უშვებს და ნაცნობია როგორც ამერიკელი ინვესტორებისთვის, ისე ჰონდურასის მცხოვრებლებისთვისაც, რადგან მათი დიდი უმრავლესობა ტექსასში ან ნამყოფია, ან იქ ოჯახი ჰყავს.
ერთადერთი გადასახადი, რომელიც ახალი ქალაქის მცხოვრებლებზე გავრცელდება – ქონების გადასახადი იქნება. დაინტერესებულ ინვესტორებს, ვინც თვლის, რომ კერძო ქალაქის ექსპერიმენტი ჰონდურასში გაამართლებს, შესაძლებლობა ექნება მიწა იქ თავისუფლად შეიძინოს. თუმცა ბიზნესებზე ერთი შეზღუდვა მაინც გავრცელდება: მათ გარკვეული პროპორციით ადგილობრივი ჰონდურასელების დასაქმება მოუწევთ. ამით ჰოდნურასის მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალი ქალაქის მშენებლობაში ჩაებმებიან არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორები, არამედ ადგილობრივი ჰონდურასელებიც, რადგან ამის მოტივაცია ექნებათ – ქალაქის ბენეფიტები დიდწილად სწორედ მათზე უნდა გავრცელდეს.
The World Factbook-ის 2011 წლის მონაცემებით, ჰონდურასი მშპ-ის მიხედვით მსოფლიოში 107-ე ადგილზეა, ხოლო ერთ სულზე შემოსავლის მიხედვით – 159-ეზე. უმუშევრობა 4.8%-ია, თუმცა დასაქმებულების 1/3 თავის გატანას ძლივს ახერხებს.
ჰონდურასის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ახალი ქალაქის პირობებში მექსიკის სამხრეთით მდებარე, სიღარიბეში ჩაძირულ ქვეყანაში ეკონომიკური ბუმის ხანა უფრო მალე დადგება. ამის მაგალითად მათ ჰონგკონგი მოჰყავთ – ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინათ სიღარიბით აფრიკის დონეზე იყო, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. თან, ამ სიმდიდრეს და განვითარებას ჩინეთის სხვა ქალაქებზე გადამდები ხასიათი აქვს.
The World Factbook-ის 2011 წლის მონაცემებით, ჰონგკონგი მშპ-ის მიხედვით მსოფლიოში 37-ე, ხოლო ერთ სულზე შემოსავლის მიხედვით – მე-10 ადგილზეა. უმუშევრობა 3.4%-ია.
ჰონგკონგთან მიმართებით ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის მუდმივ ევოლუციას განიცდის. თავის დროზე ჰონგკონგმა გახსნილი ეკონომიკით, ადვილი სავაჭრო რეჟიმით და თავისუფალი ბაზრის პრინციპებით, კომუნისტურ ჩინეთთან ურთიერთობები ისე დაალაგა, რომ სპეციალური ტერმინიც კი გაჩნდა – ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.
დღეს ჰონგკონგმა თავის გარშემო არსებული ქალაქები გააერთიანა ახალ კლასტერში – Pearl River Delta, რომელიც სულ უფრო მეტად ყალიბდება ურთიერთგადაჯაჭვული ჰაბების არქიპელაგად, სადაც თითოეულ შემადგენელ ჰაბს იმიგრაციასთან, ბიზნესის წარმოებასთან, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ თავისუფლებასთან მიმართებით ერთმანეთისგან განსხვავებული წესები აქვს. Pearl River Delta ერთი მეგაქალაქია, ბევრი სისტემით.
მიუხედავად იმისა, რომ Delta რეგიონში შემავალ ქალაქებს სხვადასხვა სახელები აქვთ, ეს რეგიონი სულ უფრო მეტად ყალიბდება, როგორც ერთი დიდი ქალაქი. ეს ინტეგრირებული ურბანული კლასტერი ჩინეთის ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული ურბანული კორიდორია, სადაც 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ჩინეთის ყველაზე მდიდარი ზონაცაა. მისი საერთო მშპ 800 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ეს ოდნავ უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად, ნიდერლანდების მთლიანი შიდა პროდუქტი.
თუმცა ახალი ტიპის კერძო ქალაქები, სადაც დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავებული სამართლებრივი და/ან ეკონომიკური მოწყობა არსებობს, არ ყალიბდება მხოლოდ განვითარებად თუ არათავისუფალ ქვეყნებში. განვითარებად, არათავისუფალ და განვითარებულ ქვეყნებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ პირველში ასეთი ქალაქები, როგორც წესი, ნულიდან, ცარიელ ადგილზე შენდება მაშინ, როცა განვითარებულ, სამართლებრივად გამართულ ქვეყანაში უკვე არსებობს იმის ნიადაგი, რომ არსებულ ქალაქებში მოხდეს საჯარო სერვისების მაქსიმალური განკერძოება.
ამის მაგალითია აშშ-ის ატლანტის შტატში პატარა ქალაქი სენდი სფრინგსი. 2005 წლის დეკემბრიდან ქალაქმა კერძო კომპანიებს დაუთმო ყველა სერვისი, რომლის ღირებულების გაზომვაც და შემდეგ მისი კონტრაქტში გაწერაც შესაძლებელია. იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს ეს რას ნიშნავს, საკმარისია ვნახოთ რა არ აქვს ამ ქალაქს: გრძელვადიანი ვალი, საპენსიო ვალდებულებები, მერიის სახელმწიფო შენობა – ეს ქალაქი შენობას არენდით ქირაობს. საქალაქო სასამართლოსაც კი კერძო კომპანია მართავს. ერთადერთი, რისი განკერძოებაც ვერ მოხერხდა, პოლიციაა, თუმცა 911-ის ადგილობრივ ოფისს კერძო კომპანია მართავს. ყველა კვლევაში ქალაქის მცხოვრებლები მაღალი ქულებით აღნიშნავენ როგორც ცხოვრების დონეს, ისე მართვის ეფექტიანობას.
სენდი სფრინგსის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ამ პატარა ქალაქმა საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემა თვითონ აირჩია ისე, რომ არც რაიმე განსაკუთრებული პრობლემა ჰქონია და არც სამართლის ნაკლებობა. ამერიკაში, კერძოდ ლოს ანჯელესთან ახლოს, კიდევ უფრო მეტად განკერძოებული ქალაქიც არსებობს – მეივუდი: 2010 წელს ამ ქალაქმა ყველა საჯარო მოხელე დაითხოვა, გარდა ერთისა – საჯარო პოსტი მხოლოდ ქალაქის მენეჯერმა შეინარჩუნა. დღეს ამ ქალაქში ყველა სერვისი კერძო კონტრაქტებით რეგულირდება. თუმცა მეივუდი იძულებული გახდა მმართველობის ამ ტიპისთვის მიემართა, რადგან უპასუხისმგებლო მხარჯველობითი პოლიტიკის გამო გაკოტრების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. კერძო ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ კი, ათეულობით მილიონი აშშ დოლარი დაზოგა და განვითარების ჩვეულ რიტმს უფრო ადვილად დაუბრუნდა.
სენდი სფრინგსის მცხოვრებლები ქონების გადასახადის სახით ოლქის ბიუჯეტში ყოველწლიურად 190 მილიონ აშშ დოლარს იხდიან. ამ თანხის ნახევარი სკოლებს ხმარდება, მათ შორის იმ სკოლებსაც, რომლებიც სენდი სფრინგსშია. თუმცა საჯარო სერვისების განკერძოებამ ამ ქალაქს ის მოუტანა, რომ ყოველწლიურად 90 მილიონი აშშ დოლარის დაზოგვას ახერხებს და საჭიროებისამებრ, დამოუკიდებლად განკარგავს.
კერძო მიდგომა ფულის დაზოგვის შესაძლებლობას იმიტომ იძლევა, რომ კერძო კომპანიები უფრო მაღალკვალიფიციურ კადრებს არჩევენ და, შესაბამისად, ნაკლები ადამიანური რესურსით მეტი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. ამასთან, მომსახურების ხარისხიც უკეთესია: კერძო კომპანიის თანამშრომელი მომხმარებელზე მეტადაა ფოკუსირებული, რადგან ესმის, რომ ამ მომხმარებელზე დიდადაა დამოკიდებული მისი კომპანიის და, შესაბამისად, საკუთარი კეთილდღეობა. სხვადასხვა გათვლებით, 3 საჯარო მოხელის საქმეს, უფრო მეტი ეფექტიანობით, მხოლოდ 1 კერძო თანამშრომელი გაართმევს თავს.
კერძო ქალაქის კონცეფციაში ჯდება ლაზიკაც, რომლის მშენებლობასაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჩაუყარა საფუძველი. ეს ქალაქიც ისეთივე პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, როგორც თავის დროზე ჰონგკონგი, დღეს უკვე ჰონდურასი და ოდნავ განსხვავებული ფორმით, მაგრამ სენდი სფრინგსიც: უნდა იმოძრაონ ტვირთებმა, უნდა შეიქმნას საწარმოები, უნდა აშენდეს სასტუმროები და, რაც მთავარია, დასაქმდეს ბევრი ადამიანი.
ახალი ქალაქის სამუშაო კონცეფციის მიხედვით, ლაზიკაშიც იგივე წესები იქნება, რაც კერძო ქალაქების უმეტესობაში: ის ეტაპობრივად, კერძო ინვესტიციების საფუძველზე უნდა აშენდეს. ამ კონცეფციის თანახმად, მთავრობის როლი მხოლოდ ინვესტირებისთვის ხელსაყრელი, სანდო, ნაცნობი, უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფაა.
ეს ნიშნავს კონსტიტუციით გარანტირებულ დამოუკიდებელ სამართლებრივ სტატუსს, დამოუკიდებელ სამართლებრივ სისტემას (კონცეფციის მიხედვით, ყველაზე შესაფერისია ბრიტანული სამართალი), მაქსიმალურად თავისუფალ ეკონომიკას (სადაც უცხოურ კაპიტალს და ინვესტიციებს ბარიერები არ ექმნება, ქონება დაცულია და ყველას შეუძლია სასურველი ვალუტის არჩევა) და ინსტიტუციური მოწყობის არჩევანის თავისუფლებას: კონცეფციის მიხედვით, ქალაქის ადგილობრივი ადმინისტრაცია ქვეყნის მთავრობისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის ინსტიტუციური მოწყობა ურჩევნია – მენეჯერული თუ დემოკრატიული.
წინასწარი შეფასებით, ლაზიკის მშენებლობა ჯამში 600-900 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. კერძო ქალაქების პრაქტიკა აჩვენებს: იმისთვის, რომ ლაზიკა აშენდეს, აუცილებელია ამ ინიციატივით კერძო ინვესტორები დაინტერესდნენ. თუ პროექტს სტაბილური, ხანგრძლივვადიანი კერძო დამფინანსებლები არ ეყოლება, ახალი ქალაქის მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკისთვის შეიძლება, ზრდის ახალი ძრავის ნაცვლად, მძიმე ტვირთად გადაიქცეს.

კომენტარები