ეკონომიკური თავისუფლება

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება უარესდება

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი გაუარესდა. ფრეიზერის ინსტიტუტის 2012 წლის კვლევაში, რომელიც 2010 წლის შედეგებს აანალიზებს, საქართველომ მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზე გადაინაცვლა.
წინა წელთან შედარებით, ქვეყანამ 15 ადგილით უკან დაიხია. კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება სტაბილურად უარესდება. თუმცა ამ პერიოდში ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო ასე დაშორდა მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ოცეულს და ვერც ამ ქვეყნების პირველ მეოთხედში მოხვდა.

კვლევა აჩვენებს, რომ ამ მეოთხედში შემავალ ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებში უფრო მაღალია კეთილდღეობის დონე, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკური თავისუფლება შეზღუდულია. ფრეიზერის ინსტიტუტის უახლესი კვლევის მიხედვით, ინდექსში შემავალი ქვეყნების პირველ მეოთხედში ერთ სულზე საშუალო შემოსავალი 37 ათას აშშ დოლარს აჭარბებს მაშინ, როცა ბოლო მეოთხედში ეს მაჩვენებელი 7-ჯერ უფრო ნაკლები, 5 ათასი აშშ დოლარია. ამასთან, პირველ მეოთხედში ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 10%-ის საშუალო შემოსავალი 11 ათას აშშ დოლარზე მეტია, ბოლო მეოთხედში კი – 9-ჯერ ნაკლები, ათასი აშშ დოლარი. საინტერესოა ისიც, რომ ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებში ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 10%-ის საშუალო შემოსავალი 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკურად ყველაზე არათავისუფალ ქვეყნებში. გარდა ამისა, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ადამიანები უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ და მათი პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებებიც უფრო დაცულია.

ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების უახლესი ინდექსი პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო ყველა თავის უშუალო მეზობელზე – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი – წინ არ არის. 2010 წლის შედეგების მიხედვით, ყველაზე წინ სომხეთია: ყველა ქვეყანასთან შედარებით, სომხეთში ფულის სიჯანსაღის კომპონენტი ყველაზე მაღალია. სომხეთის გარდა, საქართველო ყველა დანარჩენ მეზობელზე წინაა. მათთან შედარებით, ქვეყნის უპირატესობებია მთავრობის ზომა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები. საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვის მიხედვით, აზერბაიჯანის გარდა, საქართველოში ყველა დანარჩენ მეზობელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 2010 წლის მდგომარეობით, საქართველოს აქილევსის ქუსლად, წინა წლების მსგავსად, ისევ რჩება საკუთრების უფლებები და მთავრობის ზომა.

კვლევის დასკვნით, ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში გაიზარდა სახელმწიფო კომპანიების ჩართულობა და სახელმწიფო ინვესტირების დონე. ასევე – სამთავრობო ხარჯები, განსაკუთრებით, ტრანსფერები და სუბსიდიები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2010 წელს სუბსიდიებმა მთელი ხარჯების 3% შეადგინა. ამავე წელს, საბიუჯეტო ხარჯები წინა პერიოდთან შედარებით, 99.3 მილიონი ლარით გაიზარდა და მთელი ბიუჯეტის 70%-ზე მეტი, ხოლო საქსტატის მონაცემებით, მშპ-ის 26% შეადგინა.

მთავრობის ზომას ეკონომიკურ თავისუფლებაზე დიდი გავლენა აქვს, რადგან როცა მთავრობა იმაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ინდივიდები, ოჯახები და ბიზნესები, მთავრობა თავისი გაზრდილი ხარჯებით, ინდივიდუალურ არჩევანს საკუთარი გადაწყვეტილებებით ანაცვლებს: ქვეყნის ეკონომიკა მუშაობს არა იმათ ხარჯზე, ვინც შრომობს, ზოგავს და ხარჯავს, არამედ მხოლოდ მთავრობის ხარჯზე. ეს მას უქმნის ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ ეს ხარჯები პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით გაანაწილოს.

როცა მთავრობა ზრდის გადასახადებს, ან არ ამცირებს მათ იმისთვის, რომ ზოგი ადამიანის ხარჯზე სხვას გაუზარდოს ტრანსფერი, ის ამით ინდივიდების თავისუფლებას ამცირებს – დაზოგონ ის, რაც თავიანთი შრომით გამოიმუშავეს. იგივე ეფექტი აქვს ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების ჩარევასაც, რადგან ამ ტიპის კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე არსებობენ და დამოკიდებულები არ არიან არც მომხმარებლებზე, რომ მათგან შემოსავალი მიიღონ და არც ინვესტორებზე – კაპიტალისთვის. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვნად მცირდება.

საქართველოსთვის მეორე ყველაზე პრობლემური კომპონენტი საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლებებია. 2010 წლის მდგომარეობით, საქართველოში გაუარესებულია სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხი და გაზრდილია კანონის უზენაესობასა და პოლიტიკაში ძალის გამოყენების შემთხვევები. დინამიკაში კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო სამ ინდექსში საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების კომპონენტი სტაბილურად უმჯობესდება.

ქვეყანაში, სადაც საკუთრების უფლებები დაცული არ არის, ნებაყოფლობით ურთიერთგაცვლას აზრი ეკარგება, რადგან თუ ადამიანები არ არიან დარწმუნებულები, რომ კონტრაქტები რეალურად აღსრულდება, ხოლო მათი შრომის ნაყოფი დაცული იქნება, მაშინ ისინი კარგავენ მუშაობის მოტივაციას, მცირდება მათი პროდუქტიულობა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ნელდება.

ყველა კვლევა, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გასაზომად ჩატარებულა, აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ინსტიტუტები და პოლიტიკა ეკონომიკური თავისუფლების გაძლიერებისკენ არის მიმართული, შემოდის უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, უფრო მეტია ქვეყნის შემოსავალი და უფრო სწრაფად მცირდება სიღარიბე.

კომენტარები