პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: არ არის გამორიცხული, რომ ზოგჯერ სააკაშვილსაც მოუვიდეს სწორი აზრი

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ყოველთვის არ უნდა ეცადოს, საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

"ეს კანონი ამ ეტაპზე, არც არაფერს აფუჭებს და არც არაფერს აკეთებს. იმედი მაქვს, განათლების სამინისტროს შემდეგი მიზნები უკეთ იქნება განმარტებული ყველასთვის და პარლამენტი, თავის მხრივ, იქნება საღი აზრის სადარაჯოზე. ვეტოს თემაზე ჯერ საკომიტეტო მოსმენები გაიმართება. ამ კვირაში, ვეჭვობ, რომ გავიდეს ეს კანონი, რადგან ძალიან დატვირთული დღის წესრიგია. როდესაც კანონის მიღებაზეა საქმე, პარლამენტის ყველა წევრი ვალდებული ვართ, მოვისმინოთ ოპონენტის მოსაზრება, ვინც არ უნდა იყოს ის და რა მოტივითაც არ უნდა გამოთქვამდეს ამ მოსაზრებებს. ზოგადად, არ უნდა ჩავთვალოთ ისე, რომ თუ პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში შემოვიდა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავძლიოთ ის, მიუხედავად იმის, თუ რა წერია იმ ვეტოში. არ არის გამორიცხული, რომ ზოგჯერ პრეზიდენტ სააკაშვილსაც მოუვიდეს სწორი აზრი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა განათლების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნის უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს 10 მაისს ვეტო დაადო, მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭოებმა პრეზიდენტს აღნიშნული ქმედებისკენ მოუწოდეს.

კანონპროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ ცვლილებები უნივერსიტეტების ავტონომიას შეზღუდავს.

განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა კი ამასთან დაკავშირებით 7 მაისს განაცხადა: "სახელმწიფო უმაღლესები სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ასეთი აბსურდის უფრო ცივილიზებულ, ევროპულ ჭრილში გადასაყვანად ვახორციელებთ ამ ცვლილებებს".

საგულისხმოა ისიც, რომ გუშინ, 15 მაისს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლმენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე კომენტარი გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ:

"მაშასადამე, უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული სტატუსი არ შეიძლება შეცვლილი იყოს (საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულს) მისი თანხმობის გარეშე, ან მისი წარმომადგენლობითი ორგანოების თანხმობის გარეშე. ახლა მე თქვენ გეკითხებით: თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ აი, ამისი ხელმძღვანელი ორგანოები, ვისაც თქვენ ასახელებთ, მართლაც არიან ლეგიტიმური ორგანოები? მართლაც არიან თავისუფლად არჩეული? დარწმუნებული ხართ თქვენ ამაში?... დღეს უმაღლეს სასწავლებლებში არის ჩანერგილი რექტორები და ჩანერგილი სამეცნიერო საბჭოები... ხელისუფლება ასეთ ხალხს უნდა შეეკითხოს, რომ აი, თქვენ გადაწყვიტეთო ყველაფერიო, კაცო... ფაქტობრივად რა გამოდის, წლების განმავლობაში ირღვევა მეცნიერთა უფლებები. ვინმე შეეკითხა ქართველ ხალხს ... სულხან საბას და უცხო ენებს რომ აერთიანებდნენ, ვინმე შეეკითხა ამათ, რომ ჩვენ თქვენ გაერთიანებას ვახდენთო?.. თქვენი უნივერსიტეტი (ილიას უნივერსიტეტი) ეს არის სრულიად ხელოვნურად შექმნილი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გასანადგურებლად", - განაცხადა კიღურაძემ.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ილიას უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დღეს, 16 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართვა გაუგზავნა.
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო გამოთქვამს შეშფოთებას ივანე კიღურაძის ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ივანე კიღურაძის აზრი არ ემთხვევა საპარალამენტო უმრავლესობის აზრს. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება საქართველოს უმაღლესი განათლების და კვლევის სივრცის მაქსიმალური ავტონომიზაციისათვის და თვითმმართველობის განმტკიცებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ გეგმის განხორციელება, რომელიც განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებში იკითხება, საქართველოში დიდი ხნით მოსპობს უნივერსიტეტების ავტონომიას, თვითმმართველობას და აკადემიურ თავისუფლებას, შესაბამისად - კვლევის და ტექნოლოგიების განვითარების და ცოდნის ეკონომიკის საფუძვლებს", - ნათქვამია აკადემიური საბჭოს მიმართვაში.

კომენტარები