ახალი კანონპროექტი

თეა წულუკიანი: ვენეციის კომისია დასკვნას ივნისში დადებს, კომისია კი შემოდგომამდე ამუშავდება

 როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში განაცხადა, ვენეციის კომისია დასკვნას ივნისში დადებს, რის შემდეგაც მოხდება კანონის მიღება, მობილიზებული იქნება თანხები და კომისია შემოდგომამდე ამუშავდება. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ვენეციის კომისიაში სპეციალური კომისიის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვას ითვალისწინებს.

"კანონპროექტზე, რომელსაც ჰქვია - დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნა მართლმსაჯულების ხარვეზების გამოსასწორებლად, პირადად მე ვმუშაობდი. კანონპროექტს ყველა მხრიდან ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ძირითადი მსჯელობა გვქონდა იმაზე, თუ რა კატეგორიის საქმეები უნდა დაექვემდებაროს კომისიას. არ ვეთანხმები იდეას, რომ კომისიას ყველა საქმე უნდა დაექვემდებაროს. ასეთ შემთხვევაში ყველაზე დიდი უსამართლობები გაუსწორებელი დარჩება, კომისია ვერ იმუშავებს და მივიღებთ პატარა სტრასბურგის სასამართლოს, სადაც ადამიანებმა ათი წელი უნდა იცადონ. ეს უარესიც იქნება, რადგან კომისიის არსებობა ჩვენი ხალხის ჯიბიდან უნდა დაფინანსდეს. ამიტომ კომისიის საქმიანობის ვადა და საქმის განხილვის ვადები უნდა იყოს, რაც შეიძლება მოკლე. ჩვენ პრემიერმინისტრთან განსჯის შემდეგ შევთანხმდით, რომ კომისია დაკავდეს სისხლის სამართლის საქმეებით, რადგან ყველაზე დიდი უსამართლობები სისხლის სამართლის საქმეებზეა მომხდარი, რაც იწვევდა სხვა ტიპის გაგრძელებებსაც: ფულის წართმევას, საპროცესო შეთანხმებებით ვაჭრობას და ასე შემდეგ… როდესაც კანონპროექტი იბადება, ის თუ ცუდად დაიბადა, ცუდად დაბადებულ კანონზე შექმნილი კომისია ჯანსაღი ვერ იქნება და თავის საქმეს ვერ გააკეთებს. ერთი კვირის წინ პირადად მე დავასრულე რამდენიმე მუხლის წერა და პროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნე. ამას წინ უძღოდა ის, რომ ვენეციის კომისიამ შემოგვითვალა, რომ მათი მოსაზრებები ოქტომბრამდე ცნობილი ვერ იქნებოდა. ამის შესახებ სტრასბურგში, როცა პრემიერმინისტრს ვახლდი, მეც და თინა ხიდაშელმაც ბევრი ვიმუშავეთ. შევხვდი ჩემს ძველ კოლეგებს, ექსპერტებს, ევროსაბჭოში ერთ-ერთ ცნობილ ხელმძღვანელს ბატონ ბუარას და ავუხსენი, რომ ამ კანონს, უამრავ სისხლის სამართლის დაზიანებულ საქმეზე, გარეთ თუ ციხეში მყოფი ადამიანი ელოდება და ოქტომბრამდე ვერ მოვიცდით. მივაღწიეთ შეთანხებას, რომ ვენეციის კომისია კანონპროექტზე დასკვნას ოქტომბრის ნაცვლად, ივნისში დადებს. როგორც კი დასკვნას მივიღებთ, მოხდება კანონის მიღება, მობილიზებული იქნება თანხები და შემოდგომამდე კომისია ამუშავდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები