გუანტანამო

გაუთვალისწინებელი შედეგები

Reuters

„სუფიან ბინ ქუმუ საუკეთესო მაგალითია, თუ რატომაა გუანტანამო ასეთი ფასეული ტერორიზმის წინააღმდეგ ომში", – განაცხადა ოკლაჰომის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ინჰოფემ. სენატორის რეპლიკა პასუხია გასულ კვირას მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ლიბიაში აშშ-ის საელჩოზე ტერორისტულ თავდასხმასა და ელჩის მკვლელობაში გუანტანამოს ყოფილი პატიმარი, სუფიან ბინ ქუმუ მონაწილეობდა.

ბინ ქუმუ გუანტანამოდან ტრიპოლის აბუ სალიმის ციხეში 2007 წელს გადაიყვანეს. ეროვნებით ლიბიელი აშშ-ის მთავრობამ 9 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის დაფინანსების ბრალდებით დააკავა. გამოცემა New York Times-ი იუწყება, რომ 2005 წელს გუანტანამოს ანალიტიკოსებმა იგი მიიჩნიეს „მაღალი რისკის" პატიმრად, რომელიც „საფრთხეს უქმნის აშშ-ს, მის ინტერესებს და მოკავშირეებს". მიუხედავად ამისა, 2010 წელს ბინ ქუმუ ტრიპოლის ციხიდან გაათავისუფლეს – ამნისტია შეეხო. განთავისუფლების შემდეგ კი იგი ანსარ ალ-შარიას დაჯგუფებას ჩაუდგა სათავეში. Fox News-ის ცნობით, ბენღაზის თავდასხმაში სწორედ ამ დაჯგუფების კვალი იკვეთება.

ლიბიაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ამბავმა და მასში აშშ-ის მიერ ტერორიზმის ბრალდებით ერთხელ უკვე დაკავებული პირის მონაწილეობის საკითხმა, რესპუბლიკელებს არგუმენტები გაუმყარა თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტმა ობამამ, ჯერ კიდევ 2008 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირობა დადო, რომ მისი, როგორც პრეზიდენტის პირველი ქმედება გუანტანამოს ციხის დახურვა იქნებოდა. მართლაც, 2009 წლის იანვარში, პრეზიდენტმა ბრძანება გასცა ერთი წლის განმავლობაში დაეხურათ ციხე. თუმცა ობამა ამ საკითხში დიდ წინააღმდეგობას წააწყდა კონგრესის რესპუბლიკელებისაგან. ციხე დღემდე არ დაუხურავთ, მაგრამ პატიმრების ნაწილი სხვადასხვა ქვეყნებში გადაიყვანეს.

თავისთავად აქტუალურია შეერთებული შტატებიდან სხვა ქვეყნებში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ან გასამართლებული პირების ექსტრადიციის საკითხიც. ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტების ნაწილი სვამს კითხვას – ხომ არ ხდება ამერიკიდან ტერორისტების ექსპორტი? ბინ ქუმუს მაგალითი ამ მოსაზრებას მხოლოდ ამყარებს.

მიუხედავად ამისა, თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაცია მაინც ხედავს გარკვეულ სიკეთეს მესამე ქვეყნებში ტერორიზმში ბრალდებული პირების ექსტრადიციაში. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აქტიურად განიხილავენ ეგვიპტეში გავლენიანი ისლამური სასულიერო პირის ომარ აბდელ რაჰმანის გადაყვანის საკითხს.

74 წლის ომარ აბდელ რაჰმანი, იგივე ბრმა შეიხი, დიაბეტითაა დაავადებული და სამუდამო პატიმრობას იხდის ბუტნერის სამედიცინო დაწესებულებაში. იგი ტერორისტების სულიერ მოძღვრად და ტერორიზმის წამყვან თეოლოგად მიიჩნევა. დაბადებიდან უსინათლო შეიხი 1995 წელს დააკავეს. მას 1990 წელს მაინ კაჰანეს (ისრაელის გავლენიანი მემარჯვენე პოლიტიკოსი) მკვლელობაში, 1993 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქებაში და ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის მკვლელობის გეგმის შემუშავებაში თანამონაწილეობა ედება ბრალად.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ აშშ აბდელ რაჰმანს ეგვიპტეს არ გადასცემს და ჯანმრთელობაშერყეული, ხანში შესული შეიხი ამერიკის ციხეში გარდაიცვლება, ახლო აღმოსავლეთში შურისძიებათა ახალი ტალღა იფეთქებს. სავარაუდოდ, ამ მოსაზრებას იზიარებს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციაც. თუმცა რა ეფექტი ექნება ტერორისტების სულიერი მოძღვრის მუსლიმური საძმოს ეგვიპტეში გადაყვანას, ამას მხოლოდ დრო გვანახებს.

კომენტარები