17 მაისის აქცია

გიგა ბოკერია: დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

გიგა ბოკერია
tabula.ge

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია სამართლადამცავებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა ლეგიტიმური მეთოდი 17 მაისის მოვლენებში მონაწილე მოძალადეების წინააღმდეგ.

"ეს სამარცხვინო და საგანგაშო დღეა მთელი საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის. სიძულვილით აღსავსე მოძალადეები, რომლებიც სასტიკად არბევდნენ ადამიანებს, ვისაც საკუთარი პოზიციების დაფიქსირება სურდათ ძალადობის წინააღმდეგ, არიან საქართველოში თავისუფლების და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრები. ესენი არიან დამნაშავეები და ისინი უნდა იყვნენ დასჯილნი", - ასე აფასებს უშიშროების საბჭოს მდივანი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პოლიციას დღევანდელ დღეს მოქმედების გეგმა სათანადოდ არ ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეს კრიტიკა არ ეხება რიგით პოლიციელებს, რომლებიც ძალადობის შეჩერებას ცდილობდნენ. მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ქვეყანაში არსებული კლიმატია, რომლის შექმნაშიც წვლილი არსებულ ხელისუფლებას მიუძღვის:

"მთავარი პრობლემა, კრიმინალური მოძალადეების გარდა, არის კლიმატი ქვეყანაში. ის, რომ ამ ხალხის ნაწილები, მათი ლიდერები გაათავისუფლეს, როგორც გმირები და ე.წ. პოლიტპატიმრები რუსეთის ჯაშუშებთან ერთად. იმის თქმა არ მსურს, რომ ეს პრობლემები, ამ ტიპის ჯგუფები და სიძულვილი მანამდე არ არსებობდა. არსებობდა - ეს არ არის ახალი ხელისუფლების შექმნილი პრობლემა, მაგრამ ახალი ხელისუფლების რიგებში იყო ხალხი, ვინც ამის ექსპლუატაციას ეწეოდა, მთელი საარჩევნო კამპანიის და წლების განმავლობაში. ზოგიერთი მათგანი დღესაც აგრძელებს ამას. დაუსჯელობის სინდრომი ცალკე დიდი პრობლემაა. ამ ხალხის საკვანძო ნაწილი 8 თებერვლის აქციაზეც იყო. ძალადობა მათი ცხოვრების წესია, მათი გმირებად გამოშვება, სიძულვილზე პოლიტიკური კაპიტალიზაციის მცდელობა, არის ის, რაც მათ შორის ასეთ შედეგს გვაძლევს", - ამბობს გიგა ბოკერია.

ბოკერიამ შარშან 17 და 18 მაისს განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა. უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ პოლიციამ შარშანაც დაუშვა შეცდომა, თუმცა მცირე მასშტაბის და მეორე დღეს სათანადო ზომები მიიღო:

"პირველად ასეთი აქცია შარშან ჩატარდა. პირველ დღეს ჩვენი ხელისუფლების დროსაც მოხდა შეცდომის დაშვება, პოლიცია არ იყო საკმარისი რაოდენობით. ამის მსგავსი და მიახლოებულიც არაფერი მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფს არ მიეცა მსვლელობის ჩატარების შესაძლებლობა და მცირე ინციდენტიც იყო, მაგრამ მეორე დღეს იქნა მიღებული ზომები, იყო კორდონი, მოხდა დაშორიშორება თავიდანვე და ფიზიკური მიახლოების შესაძლებლობა არ მიეცათ ამ მოძალადეებს აქციის მონაწილეებთან. ახლა მეტი დრო იყო და სიძულვილის უფრო ფართო კამპანია აწარმოეს, მაგრამ მეტი დრო ჰქონდა პოლიციასა და ხელისუფლებასაც. აშკარაა, რომ პოლიციის რაოდენობაც მეტი უნდა ყოფილიყო. დაშორიშორებაც თავიდანვე უნდა მომხდარიყო", - მიიჩნევს ბოკერია.

"ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც ძალადობას ჩაიდენს ან აშკარა საფრთხისშემცველ ვითარებაში ძალადობისკენ მოუწოდებს, საქართველოს კანონმდებლობით ჩადის დანაშაულს და ყველამ უნდა აგოს პასუხი. იმედი მაქვს, ეკლესიაშიც აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამას იტყვის. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს რაც ვიხილეთ, "მორალური" ინიციატივა სასულიერო პირებში ჰქონდათ მათ, ვინც სიძულვილს ქადაგებს და სჩადის თვითონ ძალადობას. ეს ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილნი კანონის საფუძველზე", - აცხადებს გიგა ბოკერია.

კომენტარები